Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორუფცია შემცირდა, თუმცა არ გამქრალა


სტუდენტებს Transparency International Georgia-ს გამოცემულ ბუკლეტებს ურიგებენ
სტუდენტებს Transparency International Georgia-ს გამოცემულ ბუკლეტებს ურიგებენ
9 დეკემბერს, კორუფციასთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის ოფისმა გამოაქვეყნა 2010 წლის „გლობალური კორუფციის ბარომეტრის“ შედეგები, რომლის მიხედვითაც თბილისის მოსახლეობის 77% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა „ეფექტური“ ან „ძალიან ეფექტურია“ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. რა კეთდება საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით და როგორ აღიქვამენ მოქალაქეები მთავრობის ამ ძალისხმევას?
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლებმა საზოგადოებისათვის კვლევის შედეგების გასაცნობად ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ტორიტორია შეარჩიეს:

„ვცდილობთ, რაც შეიძლება ფართო აუდიტორიამდე მივიტანოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ჩვენი ორგანიზაცია და ასევე გამოვიტანოთ ჩვენი კვლევის შედეგები, რათა იოლად ხელმისაწვდომი იყოს სტუდენტებისათვის.“

კვლევის შედეგებმა განსაკუთრებით იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები დააინტერესა:

„გამომდინარე იქიდან, რომ ვსწავლობ იურიდიულზე, მინდოდა გავცნობოდი ამ სიახლეებს, რათა ვიცოდე რეალურად რა ხდება ჩვენ გარშემო, რა სიტუაციაში ვართ და განვითარების რა ეტაპზე ვართ ამ სფეროში“, უთხრა მეორე კურსის სტუდენტმა ნონა დიდებაშვილმა რადიო თავისუფლებას.

კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოში არცთუ ურიგო ვითარებაა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, „გლობალური კორუფციის ბარომეტრის“ მიხედვით, იმ რესპონდენტთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც კორუფციასთან ბრძოლაში მთავრობის ძალისხმევა „ეფექტურად“ ან „ძალიან ეფექტურად“ შეაფასეს, საქართველოში ყველა სხვა 86 ქვეყანაზე მაღალია:

„გარდა ამისა, 78 პროცენტი მიიჩნევს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში კორუფციის დონე დაეცა საქართველოში; 46 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა, როგორც ინსტიტუტი, არის ძალიან ეფექტური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.“

ეკა გიგაურის თქმით, საზოგადოების აზრი კორუფციის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი აჩვენებს, თუ რა გავლენას ახდენს კორუფცია მათ ცხოვრებაზე. რადიო თავისუფლებამ საქართველოსთან მიმართებაში კვლევის შედეგების კომენტირება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რეგიონალურ დირექტორს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მიკლოშ მარშალსაც სთხოვა:

„საქართველოში კორუფციის აღქმის ინდექსი - და ეს ექსპერტთა აზრია- კლებულობს. გამოკვლევები, რომლებიც საქართველოს რიგითი მოქალაქეების აზრს ასახავს, აჩვენებს გაუმჯობესებას და ეს, შესაძლოა, სწორედ მიმანიშნებელია იმისა, რომ საქართველოში მცირე მექრთამეობა, მცირე კორუფცია შემცირდა, რაც დამსახურებაა გარკვეული რეფორმებისა და გაუმჯობესებისა სახელმწიფო მართვის სფეროში.“

რეფორმებითა და მართვის სისტემის გაუმჯობესებით ხსნიან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ წარმატებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც. იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ ბრძოლა მეტად ეფექტიანი გახდა ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ამოქმედების შემდეგ:

„ყველანაირი რეიტინგი, კვლევა და სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში კორუფცია, როგორც ასეთი, ინსტიტუციონალური პრობლემა აღარ არის. მაგრამ ჩვენ ამის გამო თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ. უნდა ვიზრუნოთ მუდმივად, რომ კორუფციის პრევენცია მოხდეს და იმ ახალ გამოწვევებს გავუმკლავდეთ, რომელიც არამარტო საქართველოს, არამედ ზოგადად თანამედროვე მსოფლიოს წინაშე დგას. ვერავინ ვერასდროს ვერ დაასრულებს კორუფციასთან ბრძოლას.“

ამასთან, ირკვევა, რომ მთავრობას კორუფციასთან ბრძოლის საქმეში ყველაზე ეფექტურ ინსტიტუტად მიიჩნევს გამოკითხულთა 56 პროცენტი, რაც ასევე მაღალი მაჩვნებელია. გარდა ამისა, ირკვევა, რომ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ქრთამი მხოლოდ გამოკითხულთა 3 პროცენტს აქვს გადახდილი. გამოკითხულთა მხოლოდ 13 პროცენტს მიაჩნია, რომ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საქართველოში კორუფციის დონე არ შეცვლილა, ხოლო 9 პროცენტი მიიჩნევს, რომ კორუფცია გაიზარდა. ეს მაჩვენებელიც, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საუკეთესო, ანუ ყველაზე დაბალია, თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური იმ ნაკლოვანებაზეც მიუთითებს, რომელიც კვლევამ გამოავლინა: ირკვევა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 2%–ს სჯერა მედიის საშუალებით კორუფციასთან ბრძოლის ნაყოფიერების. ეს მაჩვენებელი ასევე დაბალია სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG