Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისში H1N1 ექვს ფეხმძიმეს აღმოაჩნდა


ქუთაისელების უმეტესობა ქუჩაში პირბადით დადის. ე.წ. ღორის გრიპის შიში ვირუსული ინფექციებით დაავადებულთა გარდაცვალების შემთხვევებმა განაპირობა. ბოლო 10 დღეში ქუთაისის სხვადასხვა საავადმყოფოში დადასტურებული H1N1 ვირუსით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა - მათ შორის, ერთი ფეხმძიმე. ბოლო ორი შემთხვევა ქუთაისის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში დაფიქსირდა, სადაც 44 წლის ქალბატონი და 42 წლის მამაკაცი დაიღუპნენ.

როგორც საავადმყოფოს მედპერსონალი აცხადებს, ამჟამად საავადმყოფოში თორმეტი ავადმყოფი ტამიფლუს პროგრამით მკურნალობს. ოთხი პაციენტის დიაგნოზს ელოდებიან, ერთ-ერთი ფეხმძიმეა, რომელიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის მკურნალობას.

ექიმ მერაბ ერემეიშვილის თქმით, ყოველდღიურად სამკურნალო დაწესებულებას ვირუსულ ინფექციებზე გამოკვლევისთვის 10 - 15 პაციენტი აკითხავს. საგანგებო რეჟიმში მუშაობს ქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი. მობილიზებულია 9 ბრიგადა. როგორც ცენტრის ექიმებმა რადიო თავისუფლებას განუმარტეს, ყოველდღიურად თითოეულ ბრიგადას 25-მდე გამოძახებაზე უწევს გასვლა. გამოძახებების 80% ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტებზე მოდის.

ვირუსული ინფექციებით დაავადების განსაკუთრებული რისკის ჯგუფში მიჩნეული არიან ბავშვები, მოხუცები და ფეხმძიმეები. ქუთაისელი მედიკოსები წლევანდელ და გასული წლის მონაცემებს ადარებენ და აცხადებენ, რომ, შარშანდელთან შედარებით, მრავალრიცხოვანი გართულებები წელს არ დაფიქსირებულა.

დედათა და ბავშვთა ცენტრის ხელმძღვანელის თემურ ნადირაძის ინფორმაციით, ცენტრის პედიატრიულ განყოფილებაში 51 ბავშვი მკურნალობს. იანვრის თვეში ცენტრში მკურნალობის კურსი 27 ფეხმძიმემ გაიარა. ამჟამად სტაციონარში მოთავსებულია 11 ორსული. თემურ ნადირაძის თქმით, 6 მათგანს H1N1 ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა, 5 ფეხმძიმე ქალის ანალიზების საბოლოო პასუხებს თბილისიდან ელოდებიან.

ქუთაისელი მედიკოსების განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო მათ ყველა საჭირო მედიკამენტით სისტემატურად ამარაგებს. ვირუსული ინფექციებით დაავადების შემთხვევების განსაკუთრებული მატების მიუხედავად, ქუთაისი ჩვეული რიტმით ცხოვრობს და მოსახლეობაში პანიკა არ შეინიშნება.

რადიო თავისუფლების რესპონდენტების თქმით, ისინი ვირუსული დაავადებებისგან თავის დაცვას სხვადასხვა ხერხით ცდილობენ. ქალაქის ბაგა-ბაღებში სწავლა 1 თებერვალს განახლდება და მედიკოსები განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ყურადღებას სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლებს ურჩევენ. რაც შეეხება ქალაქში მოქმედ 45 სკოლას, სწავლის პროცესი არც ერთ მათგანში არ შეჩერებულა.
XS
SM
MD
LG