Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არის ინფლაცია და რა იწვევს მას საქართველოში?


ბოლო დროს საქართველოში აქტიური დისკუსიის საგნად იქცა სამომხმარებლო პროდუქციის ფასების ზრდა და ინფლაციის მაღალი დონე. მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები თავს იმით იმართლებენ, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბალი, შაქარი და წიწიბურა გაძვირდა. ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი სხვა მიზეზებზე საუბრობს.

ჩვენი ინფლაციის 90 პროცენტი გამოწვეულია გარე ფაქტორებით, ეს ძალიან კარგად უნდა გავიაზროთ.
ინფლაციის მაღალი დონე შესამჩნევი იყო მთელი 2010 წლის მანძილზე, მაგრამ მასზე როგორც მთავრობის, ასევე რიგითი მოქალაქეების რეაგირება განსაკუთრებით ბოლო დროს გამწვავდა. მოსახლეობა პირველადი მოხმარების საგნების საგრძნობ გაძვირებას უჩივის:

”აი, კილო ნიორში რომ 12 ლარს მისცემ, ეს ცხოვრებაა?”
”შარშან ზეთი ღირდა 2.80, წელს მომატებულია 4 ლარამდე.”
”ფასები მომატებულია ხახვზე და კარტოფილზე ძირითადად. მე მგონი, კიდევ უფრო გაძვირდება, ისეთი სიტუაციაა.”

ამ ჩივილზე ხელისუფლების პასუხი ცნობილია. ყველაფერი გარე ფაქტორებს ბრალდება, თუმცა ამ პასუხებშიც სხვადასხვა მიზეზები სახელდება. მაგალითად, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინფლაციის ძირითად მიზეზად მსოფლიო ბაზარზე ხორბლის, წიწიბურას და შაქრის გაძვირება დაასახელა. იგივე გაიმეორა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ და ინფლაციის 90 პროცენტი გარე ფაქტორებს დააბრალა:

გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
”მე ვიქნებოდი ყველაზე ბედნიერი ადამიანი, ჩემს გადაწყვეტილებაზე რომ იყოს დამოკიდებული ხორბლის ფასი ნიუ-იორკის ბირჟაზე. ჩვენი ინფლაციის 90 პროცენტი გამოწვეულია გარე ფაქტორებით, ეს ძალიან კარგად უნდა გავიაზროთ.”

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქცენტებში“ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ინფლაციის მიზეზად შემდეგი ფაქტორი დაასახელა:

”ყველაზე დიდი პროდუქტი, რომელმაც ინფლაციაში შეიტანა დიდი წვლილი, ეს არის კარტოფილი. კარტოფილის ფასი ჩვენთან გაორმაგდა 2010 წლის განმავლობაში. მან ჩვენს ინფლაციაში 2,4 პროცენტიანი წვლილი შეიტანა. ანუ მხოლოდ კარტოფილის გარეშე ჩვენი ინფლაცია იქნებოდა 10 პროცენტზე ნაკლები.”

ინფლაციის მიზეზი არის ის, რომ მთავრობამ გასულ წელს დახარჯა იმაზე მეტი ფული, ვიდრე ჰქონდა...
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იქვე აღნიშნავს, რომ გასულ წელს საქართველოში კარტოფილის წარმოება ისე გაიზარდა, რომ ქვეყანამ მისი ექსპორტი დაიწყო. ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი აღნიშნავს, რომ პროდუქციის სიჭარბის შემთხვევაში მისი ფასი კლებას იწყებს, გაძვირებას კი იწვევს მიმოქცევაში ჭარბი ფულის გამოშვება.

ჭარბი ფულის მასაზე, როგორც საქართველოში მაღალი ინფლაციის გამომწვევ ძირითად ფაქტორზე, საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი მიშა თავხელიძე. მისი აზრით, ინფლაცია ფულის გაუფასურებაა, ანუ როცა ერთი და იგივე პროდუქტი დღეს უფრო მეტი ღირს, ვიდრე გუშინ ღირდა.

”მე არ მგონია, რომ ეროვნული ბანკის აზრი, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდამ გადამწყვეტი გავლენა იქონია ინფლაციაზე საქართველოში, სწორი იყოს. ანუ ინფლაციის მიზეზი არის ის, რომ მთავრობამ გასულ წელს დახარჯა იმაზე მეტი ფული, ვიდრე ჰქონდა. ბიუჯეტის დეფიციტი იყო დიდი - 1 მილიარდს გადააჭარბა - და ეს ფული საიდანღაც ხომ უნდა მოვიდეს და მოვიდა იქიდან, რომ ეროვნულმა ბანკმა გაზარდა მიმოქცევაში არსებული ფულის მასა.”

საქართველოს ეროვნული ვალუტის კუპიურები
მიშა თავხელიძე, ეროვნული ბანკის და საქართველოს მთავრობის არგუმენტების გასაბათილებლად ევროკავშირის ქვეყნებისა თუ მეზობელი სახელმწიფოების მაგალითს იშველიებს, სადაც ინფლაციის დონე გაცილებით დაბალია. არის ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც მთლიანად მსოფლიოს სასურსათო ბაზრებზეა დამოკიდებული და სადაც ინფლაცია 1-2 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

ეკონომიკის კიდევ ერთი ექსპერტი, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი, ხელისუფლების იმ პოლიტიკას აღწერს, რის გამოც საქართველოში არსებული ინფლაცია გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

”საქართველოს მთავრობას - ყოველ შემთხვევაში, მის ერთ ნაწილს - და ეროვნულ ბანკს უნდოდათ განეხორციელებინათ ისეთი იდეები, როგორიც შეერთებულ შტატებშია... როცა, მაგალითად, ცდილობენ ფულადი ემისიის და სახელმწიფო ხარჯების გაზრდით წაახალისონ ეკონომიკა. მე ვფიქრობ, რომ მათ არ ჰქონდათ გეგმა, რომ ინფლაცია ასულიყო 11 პროცენტზე. მათთვის სამწუხაროდ, დაემთხვა საკვები პროდუქტების კრიზისები და ამ პერიოდში შეუძლებელი გახდა ამ ინფლაციის დაწყნარება, როდესაც ერთმანეთს დაემატა ორი ფაქტორი.”

ეს განცხადება გია ჯანდიერმა რადიო თავისუფლების პროგრამაში ”სადისკუსიო მაგიდასთან” გააკეთა და ეროვნული ბანკი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან ვერ შეძლო რისკების დროული შეფასება.

შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ეროვნული ბანკი - სწორედ ის არის ინფლაციასთან ბრძოლის ძირითადი ინსტრუმენტი - მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაში ხედავს. ამ პოლიტიკამ ფულის მასის შემცირება უნდა გამოიწვიოს, რაც ინფლაციის ზრდის ორნიშნა მაჩვენებელს ნაწილობრივ მაინც შეამცირებს. უფრო მეტი ეფექტის მისაღებად ექსპერტების ნაწილი მთავრობას საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას ურჩევს. არის სხვა რეკომენდაციაც - გადასახადების შემცირება, რის შედეგადაც სტიმულირებული ეკონომიკის სწრაფი ზრდა ინფლაციის მაღალ დონეს აკომპენსირებს.
XS
SM
MD
LG