Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატკო მლადიჩი ჰააგის სასამართლოს გადაეცა


რატკო მლადიჩი
რატკო მლადიჩი
ბელგრადის ხელისუფლებამ გაეროს ჰააგის ტრიბუნალს გადასცა ბოსნიელ სერბთა სამხედრო ძალების სარდალი, გენერალი რატკო მლადიჩი. იგი დიდი ესკორტითა და რამდენიმე ადვოკატით გააცილეს ჰოლანდიაში, სადაც მლადიჩი სასამართლოს წინაშე წარდგება 1990-იან წლებში ჩადენილი გენოციდისა და სამხედრო დანაშაულებების გამო.
ქვეყნის კონსტიტუციისა და სერბეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად, როგორც სერბეთის მთავრობის იუსტიციის მინისტრმა, მე ხელი მოვაწერე შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც თანხმობას იძლევა რატკო მლადიჩის ექსტრადიციაზე...

ბოსნიელ სერბთა მოუხელთებელი სამხედრო მეთაურის, გენერალ რატკო მლადიჩის გადაცემა ჰააგის სამხედრო ტრიბუნალისათვის 31 მაისს განხორციელდა. შესაბამის გადაწყვეტილებას სერბეთის იუსტიციის მინისტრმა სნეჟანა მალოვიჩმა მოაწერა ხელი:

„რატკო მლადიჩი შუადღისას გადაეცა ჰააგის ტრიბუნალს. ქვეყნის კონსტიტუციისა და სერბეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად, როგორც სერბეთის მთავრობის იუსტიციის მინისტრმა, მე ხელი მოვაწერე შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც თანხმობას იძლევა რატკო მლადიჩის ექსტრადიციაზე.“

ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მსოფლიოს წამყვანმა ტელევიზიებმა გაავრცელეს კადრები, თუ როგორ გამოჰყავს ბელგრადის სასამართლოს შენობიდან მანქანების კორტეჟს მლადიჩი, რომელიც მოგვიანებით სამთავრობო თვითმფრინავმა გადაიყვანა ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში, იქიდან კი სპეციალურმა შვეულმფრენმა- ჰააგაში.

რატკო მლადიჩი სასამართლოს წინაშე რამდენიმე დღეში წარდგება. ამასობაში მას მოუწევს საკუთარი ვინაობის დადასტურება და გაეცნობა მის მიმართ წაყენებულ თითოეულ ბრალდებას. მლადიჩს ბრალი ედება 11 მძიმე დანაშაულში. მათ შორის უმძიმესია ბოსნიელ მუსლიმანთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა და გენოციდი. მლადიჩის ხელმძღვანელობით, 1995 წელს სრებრენიცაში 8000 მუსლიმანი მამაკაცი და ბიჭი დახოცეს, რაც ევროპაში ყველაზე საზარელი დანაშაულია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. როგორც ყოფილი იუგოსლავიისათვის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წარმომადგენელმა ჯონ ჰოკინგმა დღეს როიტერის სააგენტოს განუცხადა, რატკო მლადიჩი „ძალიან კარგად თანამშრომლობს გამოძიებასთან“ და „ არანაირი პრობლემა ციხის ადმინისტრაციასთან არ შეჰქმნია.“ მიუხედავად ყოფილი სერბი გენერლის ახლობლების და ადვოკატების მტკიცებისა, რომ მლადიჩი მძიმედაა ავად და ვერ მიატანს სასამართლო პროცესამდე, ბელგრადის სასამართლომ 27 მაისს მიიღო გადაწყვეტილება ეჭვმიტანილის ექსტრადიციის შესახებ.

ზემოხსენებულმა სერბეთის იუსტიციის მინისტრმა სნეჟანა მალოვიჩმა რატკო მლადიჩის შეპყრობას და ჰააგის ტრიბუნალისათვის გადაცემას სერბეთის „მორალური და საერთაშორისო ვალდებულება“ უწოდა:

„ჰააგის ტრიბუნალისათვის რატკო მლადიჩის ექსტრადიციით სერბეთის რესპუბლიკამ შეასრულა მორალური და საერთაშორისო ვალდებულება. ჩვენი ქმედება წარმოადგენს იმის მკაფიო დადასტურებას, რომ სერბეთი პატივისცემით ეკიდება [ყოფილი იუგოსლავიისათვის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალთან] თანაშრომლობის ბოლომდე მიყვანას.“
მლადიჩი ჩემთვის თავისუფლების სიმბოლოა. მლადიჩი დაუმარცხებელი სერბი გმირია. იგი სერბეთის რესპუბლიკისათვის უკვდავია. ჩვენ მას არასოდეს მივატოვებთ. დღეგრძელობა რატკო მლადიჩს!...

თუმცა მლადიჩს სერბეთში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, რაც იყო იმის მიზეზი, რომ საზარელ დანაშაულში ეჭვმიტანილ გენერალს საიმედო ნავსაყუდელი ჰქონდა მთელი 16 წლის განმავლობაში. რატკო მლადიჩის ზოგიერთი გმირად მიიჩნევს. მათ შორის არის ბოსნიელი სერბი ნენად ბატკოვიჩი, ბალკანეთის ომის ყოფილი ვეტერანი, რომელიც 31 მაისს მლადიჩის ათასობით სხვა მომხრესთან ერთად მარშირებდა ბანია ლუკას ქუჩებში:

„მლადიჩი ჩემთვის თავისუფლების სიმბოლოა. მლადიჩი დაუმარცხებელი სერბი გმირია. იგი სერბეთის რესპუბლიკისათვის უკვდავია. ჩვენ მას არასოდეს მივატოვებთ. დღეგრძელობა რატკო მლადიჩს!“

მლადიჩის შეპყრობას უმალვე გამოეხმაურა ევროკავშირი, რომლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი კარგი წინაპირობაა სერბეთისათვის უფრო მეტად დაწინაურდეს ევროპასთან ინტეგრაციაში. თუმცა, მიუხედავად სერბეთის ხელისუფლების მისამართით ევროკავშირის მიერ გამოთქმული ქების სიტყვებისა, ღიად რჩება შეკითხვა, თუ როგორ ახერხებდა მიმალვას 16 წლის განმავლობაში უმძიმეს სამხედრო დანაშაულებებში ეჭვმიტანილი პირი. სერბეთის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ მიმდინარეობს იმ პირთა - მათ შორის, ხელისუფლების შესაძლო წარმომადგენელთა - დადგენა, რომლებიც სამხედრო დანაშაულებებში ეჭვმიტანილ პირს მიმალვაში ეხმარებოდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG