Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი რეგულაციები - ინფლაციისა და ეკონომიკის შემცირების მიზეზი


ხორცის მაღაზია თბილისის ერთ-ერთ ბაზარში
ხორცის მაღაზია თბილისის ერთ-ერთ ბაზარში
მიმდინარე კვირაში კიდევ ერთი ინფლაციური პროცესი გახდა საყოველთაო მსჯელობის საგანი. კერძოდ, ხორცი თითქმის 30 პროცენტით გაძვირდა, რამაც უამრავი კითხვა გააჩინა. ერთნი გაძვირებას სპეკულაციურ ჯგუფებს აბრალებენ, სხვები კი ხორცის ფასის მატებას მარეგულირებელი სტრუქტურებისა და წესების ამოქმედებას უკავშირებენ. საკითხავია, რა გავლენას ახდენს სურსათის უვნებლობის ახალი რეგულაცია ხორცის ფასის ზრდასა და, ზოგადად, ინფლაციურ პროცესებზე.

თბილისის ბაზრებში და ხორცპროდუქტების მაღაზიათა უმრავლესობაში თითქმის ორი კვირის მანძილზე შეუძლებელი იყო ხორცის შეძენა. შექმნილმა დეფიციტმა საქონლის ხორცის ფასი 3-4 ლარით გაზარდა და მან 16 ლარიდან 20 ლარამდე დაიწყო მერყეობა.

მოვაჭრეთა ნაწილი დეფიციტის მიზეზად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სააგენტოდან მიღებულ გაფრთხილებას ასახელებდა ან კიდევ ხორცის დამამზადებელი საწარმოების - სასაკლაოების, ეგრეთ წოდებული „ბოინების“ მიერ პროდუქციის ზედმეტად გაძვირებას.

როდესაც სახელმწიფო გარკვეულ რეგულაციებს აწესებს, ბაზარზე პროდუქციის დეფიციტი იქმნება, მიწოდება მცირდება, შესაბამისად, მიწოდების შემცირება იწვევს ფასის გაზრდას...
საბურთალოს ბაზარში დახლი, სადაც ადრე საქონლის ხორცი იყიდებოდა, ამჟამად ცარიელია. ამ დახლთან მომუშავე გამყიდველმა ვანომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ უკვე ერთი კვირაა, ბაზარში საქონლის ხორცი აღარ შემოუტანია:

”საქონლის ხორცი არ გვაქვს ჩვენ, ვინაიდან ძალიან დიდი ფასი აქვს. ჩვენ ვერ გავყიდით მაგ ფასში. ეს არის ძალიან პატარა ბაზარი, აქ ერთი და იგივე მყიდველი მოდის. ჩვენ არ გვაქვს უფლება ერთ დღეში მოვუმატოთ 3 და 4 ლარი, ის აღარ მოვა ჩემთან. ... ორი „ბოინი“ მუშაობს ახლა. კერძო „ბოინები“ აღარ მუშაობს, ვინც ადრე გვამარაგებდა.”

თუ რატომ შეწყვიტა ფუნქციონირება თბილისში მრავლად არსებულმა სასაკლაომ, ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ხორცის მაღაზიის მფლობელი რამაზი ესაუბრა. იგი ამბობს, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლებმა სიტყვიერად გააფრთხილეს:

”2 ათასი ლარით დაჯარიმდებით, თუ შემოიტანთ სხვა საქონელსო. ადრე ჩვენ მივდიოდით გლეხთან, ვნახავდი საქონელს და ვყიდულობდი იმას, რომელიც მომეწონებოდა. რა თქმა უნდა, მაღაზიაში ვცდილობთ ყველა, რომ კარგი საქონელი შევიდეს, ხარისხიანი უნდა იყოს. მაშინ გასაყიდი ფასი 9 ლარი იყო.”

ამგვარ საბაზრო ურთიერთობებში სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩარევის შედეგად, ხორცის საბითუმო ფასი 9-10 ლარიდან 13 ლარამდე გაიზარდა.

"სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, 2011 წლის 3 იანვრიდან ძალაში შევიდა ყველა ტიპის სურსათის, ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოთა სახელმწიფო კონტროლი. ამ კონტროლის განხორციელების შედეგად გაირკვა, რომ ამავე სააგენტოს მოთხოვნებს თბილისის მახლობლად ხორცის დამამზადებელი ორი ახალი -თელეთისა და ნატახტარის - საწარმო აკმაყოფილებს. ამ ახალი რეგულაციის ინფლაციაზე გავლენის შესახებ რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა მერაბ ჯანიაშვილმა ისაუბრა:

”რა თქმა უნდა, როდესაც სახელმწიფო გარკვეულ რეგულაციებს აწესებს, ბაზარზე პროდუქციის დეფიციტი იქმნება, მიწოდება მცირდება, შესაბამისად, მიწოდების შემცირება იწვევს ფასის გაზრდას. ეს ძალიან ელემენტარული ეკონომიკური თეორიაა. სწორედ ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე ხორცის ბაზარზე, როდესაც სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ პირუტყვი უნდა იყოს დაკლული მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული ტიპის სასაკლაოებზე. ”

ახალი რეგულაციის შემოღებამდე ცხოველები იკვლებოდა წინასწარ შერჩეულ ადგილებში ვეტსანიტარული ზედამხედველობით და მისი ვარგისიანობა სპეციალური დოკუმენტით - ფორმა 2-ით - დასტურდებოდა. მაგრამ, ვეტერინარიის შესახებ საქართველოს კანონის 321-ე მუხლის თანახმად, 2011 წლის პირველი იანვრიდან „ცხოველების სახორცედ დაკვლა, მათი რეალიზაციის მიზნით, დაიშვება მხოლოდ შესაბამის სასაკლაოებზე ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობის ქვეშ”. სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ვერიკო გულუას განცხადებით, ხორცის გაძვირება ამ რეგულაციის ამოქმედებას არ გამოუწვევია:
საკმაოდ უპრეცედენტო შემთხვევაა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებები ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან დაწყებული აქვს წინაპირობების გარეშე...

”ბოლო პერიოდის სკანდალთან დაკავშირებით გარკვეული სპეკულაციური ჯგუფები ცდილობდნენ ხელოვნურად შეექმნათ საქონლის ხორცის დეფიციტი, ამით იყო განპირობებული ბოლო პერიოდში საქონლის ხორცზე მომხდარი ფასის გარკვეული ცვლილება. თუმცა საქონლის ხორცის მიმწოდებელი სასაკლაოები სრულიად აკმაყოფილებენ ქალაქ თბილისის მოთხოვნას და ხორცის ფასი დასტაბილურდება.”

ვერიკო გულუას ეს განცხადება არ არის იმის გარანტია, რომ ხორცის ფასი შემცირდება, რადგან მისი სარეალიზაციო თვითღირებულება უკვე აღემატება ადრე არსებულ ფასს. მისი გაძვირება, სხვადასხვა მოსაზრების მიხედვით, ტრანსპორტირებისა და სასაკლაოს მომსახურების ხარჯებმა გამოიწვია.

ხორცის დამზადებისა და რეალიზაციის ახალი წესები არ არის ერთადერთი რეგულაცია, რომლის განხორციელებაც საქართველოს მოუწევს. რეგულაციები უნდა დაწესდეს სურსათის ყველა სახეობაზე. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებათა დაწყების წინაპირობები სურსათის უვნებლობის ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, როგორიც ევროკავშირის განვითარებულ ქვეყნებშია. მოლაპარაკებების დასაწყებად წამოყენებულ პირობებს უპრეცედენტოს უწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ვახტანგ ლეჟავა:

”საკმაოდ უპრეცედენტო შემთხვევაა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებები ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან დაწყებული აქვს წინაპირობების გარეშე. ჩვენ აღმოვჩნდით ასეთ უნიკალურ მდგომარეობაში. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ამ წინაპირობებს შეასრულებდა. ამ ორი წლის განმავლობაში ევროკომისიასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობისა და დიალოგის საფუძველზე საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ.”

თუ ჩვენ უარს ვიტყვით ამ საკვებზე, მოსახლეობას მოუწევს ძვირი საკვების ყიდვა, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია...
ეს განცხადება ვახტანგ ლეჟავამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა ”ევროპულ არჩევანში” გააკეთა.

იმის ნათელსაყოფად, თუ რა შეიძლება მოჰყვეს საქართველოს მთავრობის პოზიციას, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი ევროკავშირის ახალი წევრი სახელმწიფოების გამოცდილებას იხსენებს. იქ სურსათის რეგულაციების დაწესებამ უამრავი საწარმოს დახურვა გამოიწვია. მაგალითად, რუმინეთში საკვების სფეროში მომუშავე 11 ათასი კომპანიიდან მხოლოდ 58 კომპანია დარჩა. საქართველოსგან განსხვავებით, ევროკავშირის ახალი წევრები ამ ორგანიზაციაში ხმის უფლებითა და ევროფონდებიდან დახმარების მიღების შესაძლებლობით სარგებლობენ.

არის სხვა მიზეზებიც, რის გამოც გია ჯანდიერს მიუღებლად მიაჩნია სურსათის კონტროლის სისტემის ამოქმედება. მას მაგალითად მოაქვს ხორცის შემთხვევა, როდესაც უვნებლობის რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ბაზრიდან იაფი ხორცი გაქრა:

”აღმოჩნდა, რომ ჩვენი მოსახლეობა ძალიან დიდი რაოდენობით ისეთ საკვებს მოიხმარს, რომლის უვნებლობა საკმაოდ საეჭვოა, მაგრამ ეს საკვები არის ყველაზე იაფი. ეს არის პირველი პრობლემა. თუ ჩვენ უარს ვიტყვით ამ საკვებზე, მოსახლეობას მოუწევს ძვირი საკვების ყიდვა, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. მეორე მხრივ, თუ ჩვენ ამ რეჟიმში გადავალთ, მოსახლეობის დიდ ნაწილს, ვინც ახლა უკვე არის სახელმწიფო დახმარებაზე, სახელმწიფომ უფრო მეტი დახმარება უნდა მისცეს, მაგრამ სახელმწიფო დახმარების სიაში აღმოჩნდება კიდევ მრავალი ათასი ოჯახი.”

გია ჯანდიერისა და სხვა ექსპერტების გაანგარიშებით, სურსათის უვნებლობის სისტემის სრულფასოვნად ამოქმედების შემდეგ, მხოლოდ სოციალური დახმარების გასაწევად საქართველოს მთავრობას დამატებით 700 მილიონი ლარის მოძიება დასჭირდება. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რიცხვის ზრდის გარდა, რეგულაციების სისტემის ამოქმედებით ეკონომიკის ზრდის შემცირებასაც ვარაუდობენ, რაშიც ექსპერტები სოციალურ-პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხეს ხედავენ.
XS
SM
MD
LG