Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო „ჯინის“ კოეფიციენტის მიხედვით თურქეთს უტოლდება


ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა საქართველოს „ჯინის“ კოეფიციენტი გამოაქვეყნა. ასე ჰქვია სტატისტიკურ ინდიკატორს, რომელიც ქვეყანაში შემოსავლების უთანაბრობას ასახავს. კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს „ჯინის“ კოეფიციენტი 40 ქულით ფასდება და ის თურქეთისა და რუსეთის მაჩვენებელს უახლოვდება.
საქართველოს კოეფიციენტი 40.8 პროცენტი გახლავთ და ეს, კიდევ ერთხელ, იმაზე მიუთითებს, რომ საშუალო ფენა არასაკმარისად არის ჩამოყალიბებული, არასაკმარისად კი არა, ფაქტობრივად, არ არსებობს საშუალო კლასი...

საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა ოფიციალური სტატისტიკის გაანალიზება სცადა და ის გასულ კვირაში ერთ-ერთ გამოცემაში გამოაქვეყნა სახელწოდებით – „საქართველოს ეკონომიკური პრესპექტივა“. კვლევაში ძირითადი ყურადღება ეთმობა შემოსავლების უთანასწორობას და „ჯინის“ კოეფიციენტს. თუ რას ნიშნავს „ჯინის“ კოეფიციენტი, ამის შესახებ ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი, ვლადიმერ უგულავა განმარტავს:

„ჯინის კოეფიციენტი არის ქვეყანაში შემოსავლების თანაბრად გადანაწილების საზომი. იგი იზომება 0-დან 100-მდე ან 0-დან 1-მდე. რაც უფრო ახლოს არის მონაცემი 0-თან, ე. ი. არის აბსოლუტურად თანასწორი გადანაწილება. რაც უფრო უახლოვდება 1-ს, ანუ 100 პროცენტს, არის აბსოლუტურად უთანასწორო გადანაწილება“.

მარცხნიდან: ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენელი, ვლადიმერ უგულავა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი და ქეთი ხუციშვილი, "ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო"
საქართველოსთვის „ჯინის“ კოეფიციენტის დასადგენად ვლადიმერ უგულავას ორგანიზაციამ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები გამოიყენა და გაირკვა, რომ საქართველოში შემოსავლების გადანაწილების მაჩვენებელმა 40.8 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილის აზრით, ეს ციფრი მიანიშნებს, რომ ქვეყანაში საშუალო ფენა, ფაქტობრივად, არ არსებობს და შემოსავლების დიდ ნაწილს მხოლოდ მდიდრების ფენა იღებს. საინტერესოა ეკონომიკის ექსპერტ ლადო პაპავას კომენტარი:

„სიტუაცია ასეთია, ჩვენ გვყავს მოსახლეობის მცირე ნაწილი, რომელიც ეკონომიურად არის ძალიან კარგ მდგომარეობაში და უდიდესი ნაწილი ღარიბია. განსაკუთრებით დაზარალდა მოსახლეობის საშუალო ფენა, ბოლო პერიოდის ინფლაციასთან დაკავშირებით, როდესაც მათი შემოსავლები არ იზრდება, ხოლო ფასების მატების პერიოდში მათი რეალური შემოსავლები აშკარად მცირდება. შედეგად გვაქვს ის, რაც გვაქვს, საშუალო ფენის პრობლემა“.

საშუალო ფენის არარსებობაზე ისაუბრა რადიო „თავისუფლების“ დილის გადაცემაში ეკონომიკური კვლევის ცენტრის წარმომადგენელმა ნინო ევგენიძემაც.

„საქართველოს კოეფიციენტი 40.8 პროცენტი გახლავთ და ეს, კიდევ ერთხელ, იმაზე მიუთითებს, რომ საშუალო ფენა არასაკმარისად არის ჩამოყალიბებული, არასაკმარისად კი არა, ფაქტობრივად, არ არსებობს საშუალო კლასი ან ძალიან სუსტია“.
კონკრეტულად იმის დადგენა ქვეყანაში, ვინ არის ღარიბი, ანუ ვის უნდა ეწოდოს ღარიბი, ეს უკვე სტატისტიკოსის საქმე არ არის, იმიტომ რომ, მე შეიძლება ვიღაცასთან შედარებით ღარიბი ვიყო, ვიღაცასთან შედარებით კი – მდიდარი...

როგორც ექსპერტული შეფასებიდან ჩანს, საქართველოს 40-პროცენტიანი მაჩვენებელი საშუალო ფენის არარსებობაზე მიანიშნებს, ანუ დიდ სხვაობაზე მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას შორის. თუმცა, საქართველოს მსგავსი მაჩვენებლი გააჩნია მეზობელ თურქეთსაც, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედაც რომ საშუალო ფენას შეადგენს. გაეროს მონაცემების მიხედვით, საქართველოზე 10 პროცენტით უკეთესი მაჩვენებელია აქვს სომხეთს, ხოლო აზერბაიჯანის „ჯინის“ კოეფიციენტი – 16, გაცილებით უკეთესია, ვიდრე სოციალური თანასწორობით ცნობილი ქვეყნებისა: ნორვეგიის, დანიისა თუ შვედეთის. ასეთ შეუსაბამობას ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი ვლადიმერ უგულავა ოფიციალური მონაცემების უზუსტობით ხსნის:

„ეს, ჩვენი ვარაუდით, გამოწვეულია იმით, რომ გამოთვლა ხდება ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით და აქ ჩვენი ქიმია და მაქინაცია არ შეიძლება, რომ ჩაერიოს. ეს არის ის ინფორმაცია, რასაც იღებთ ქვეყნის სტატისტიკური მონაცემებით. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ვვარაუდობთ, რომ მონაცემები არასწორია, ანუ ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი ეკონომიკაში არის საკმაოდ დიდი და, აქედან გამომდინარე, იმ მონაცემებით, რაც არის, გამოდის ასეთი დაბალი ეკონომიკური კოეფიციენტი“.

ქვეყანაში მოსახლეობის შემოსავლების მდგომარეობის დასადგენად, საქართველოს სტატისტიკის სამსახური სხვა მეთოდოლოგიას იყენებს. „საქსტატის“ ხელმძღვანელის, ზაზა ჭელიძის განცხადებით, მისი სამსახური მოსახლეობის საშუალო მოხმარების მედიანას იკვლევს, რომელიც მოსახლეობის უთანაბრობას აჩვენებს:

„მედიანა არის, მოსახლეობა დაყოფილია რამდენიმე სტრატად, ვიღებთ საშუალო მოხმარებას და ვიღებთ იმის 60 პროცენტის და 40 პროცენტის ქვევით მყოფ მოსახლეობას, რომელიც გვაჩვენებს უთანაბრობას. კონკრეტულად იმის დადგენა ქვეყანაში, ვინ არის ღარიბი, ანუ ვის უნდა ეწოდოს ღარიბი, ეს უკვე სტატისტიკოსის საქმე არ არის, იმიტომ რომ, მე შეიძლება ვიღაცასთან შედარებით ღარიბი ვიყო, ვიღაცასთან შედარებით კი – მდიდარი“.

„საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, მედიანური მოხმარების 60 პროცენტის ქვევით არის საქართველოს მოსახლეობის თითქმის 20 პროცენტი. ზაზა ჭელიძის განცხადებით, ანალოგიური მაჩვენებელი აქვს ბევრ ევროპულ, განვითარებულ ქვეყანას. რაც შეეხება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობას, ის საქართველოში 10 პროცენტზე ოდნავ ნაკლებია და შემცირების ტენდენციით ხასიათდება, მთლიანი შიდა პროდუქტის მატებასთან ერთად.
XS
SM
MD
LG