Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ოცეულის სამიტი კანში


კანი, 3 ნოემბერი: საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები დიდი ოცეულის სამიტის დაწყებამდე
კანი, 3 ნოემბერი: საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები დიდი ოცეულის სამიტის დაწყებამდე
საფრანგეთის ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქი კანი დიდი ოცეულის სამიტს მასპინძლობს. სამიტი კრიზისის ფონზე მიმდინარეობს: ევროპაში კვლავაც რთული ვითარებაა ქვეყნების ნაწილის დავალიანების გამო და განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საბერძნეთის გეგმა, რეფერენდუმზე გაიტანოს ევროკავშირში მიღწეული შეთანხმება საბერძნეთისათვის განკუთვნილ დახმარებაზე.
არსებითად, ცხადია, რომ საკითხი, რომელიც დგას, ეს არის საბერძნეთის მომავალი ევროპაში. სურს თუ არ სურს საბერძნეთს ევროზონაში დარჩენა?...

ევროკავშირის ლიდერები, რომლებიც კანში, დიდი ოცეულის სამიტზე შეიკრიბნენ, არ გამორიცხავენ იმის შესაძლებლობას, რომ საბერძნეთი ევროზონას დატოვებს, როგორც განმარტავენ, საერთო ვალუტა ევროს გადასარჩენად. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კანში გუშინ საღამოს გამართულ მოლაპარაკებაზე უთხრეს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ გეორგიოს პაპანდრეუს, რომ მისი ქვეყანა ვეღარ მიიღებს დახმარებას, სანამ არ ივალდებულებს ევროზონის მოთხოვნების შესრულებას.

გეგმით, საბერძნეთმა ამ თვეში დახმარების სახით უნდა მიიღოს რვა მილიარდი ევრო. მაგრამ პირობაა, რომ ათენი მიმართავს ზომებს ბიუჯეტის დეფიციტის - ევროზონის წევრობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მოსარგებად. საამისოდ საბერძნეთის მთავრობას მოუწევს გადასახადების გაზრდა და მომჭირნეობის მკაცრი ზომების მიღება. ეს კი მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს მოსახლეობაში.
სარკოზის განცხადებით, საბერძნეთი ვერც ევროპელებისაგან და ვერც საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან მიიღებს დახმარების მორიგ, მეექვსე ტრანშს, სანამ არ დაუმტკიცებია რეფორმების მთელი პაკეტი, გათვალისწინებული ევროკავშირის მიერ 27 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმებით.
მეექვსე ტრანში მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება იქნეს გაცემული, რაც საბერძნეთი დათანხმდება 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების ყველა პუნქტს...

„არსებითად, ცხადია, რომ საკითხი, რომელიც დგას, ეს არის საბერძნეთის მომავალი ევროპაში. სურს თუ არ სურს საბერძნეთს ევროზონაში დარჩენა? იმედი გვაქვს, რომ სურს - გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სურს და ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ეს შესაძლებელი იყოს,“ - განაცხადა სარკოზიმ.

ანგელა მერკელმა დაადასტურა, რომ სასურველად არის მიჩნეული ევროს სტაბილიზაცია ევროზონაში საბერძნეთის წევრობის შენარჩუნებით. თუმცა პრიორიტეტია, გერმანიის განცლერის განმარტებით, ევროს გადარჩენა და არა ევროზონაში საბერძნეთის დატოვება...

„მეექვსე ტრანში მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება იქნეს გაცემული, რაც საბერძნეთი დათანხმდება 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების ყველა პუნქტს და, დამატებით, გაიფანტება ყველა ეჭვი, რომელიც უკავშირდება გამოცხადებულ რეფერენდუმს - ანუ, რეფერენდუმი დასრულდება ევროს შესახებ დადებითი შედეგით“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის, ჟან კლოდ იუნკერის განმარტებით (იუნკერი გახლავთ ევროზონის ფინანსთა მინისტრების საბჭოს თავმჯდომარე), ამჟამად მუშაობენ ევროზონიდან საბერძნეთის შესაძლო გასვლის გზებზე. ეჭვს არ იწვევს, რომ სწორედ საბერძნეთის კრიზისი იქნება კანში დიდი ოცეულის სამიტის მთავარი თემა. ეს კრიზისი ხომ გავლენას ახდენს, ზოგადად, ევროპის საბანკო სექტორზე და ვალებით გამოწვეულ პრობლემაზე. განიხილავენ ასევე გლობალური მონეტარული სისტემის შეთავაზებულ რეფორმას, ზომებს საფინანსო ბაზრებზე სპეკულაციის შესაზღუდად და რამდენიმე სხვა საკითხს.

კანში შეკრებილებს შორის არის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც სამიტის დაწყებამდე შეხვდა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს, ნიკოლა სარკზის, რის შემდეგაც განაცხადა: „ჩემი აზრით, არავის გააკვირვებს, რომ ჩვენი საუბრის უდიდესი ნაწილი დაეთმო გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღების ხელშეწყობას, რათა შევქმნათ სამუშაო ადგილები ჩვენი ხალხისათვის და მოვახდინოთ საფინანსო ბაზრების სტაბილიზაცია მსოფლიოში. მომდევნო ორი დღის განმავლობაში ჩვენი ამოცანის მთავარი ასპექტია საფინანსო კრიზისის მოგვარება აქ, ევროპაში“.

იქვე ობამამ გამოთქვა შეშფოთება საბერძნეთის გეგმით, რომელიც ითვალისწინებს რეფერენდუმის ჩატარებას საბერძნეთის დასახმარებლად განკუთვნილი 130 მილიარდი ევროს მომცველი პაკეტის შესახებ. რეფერენდუმის შედეგად, შესაძლოა, ჩაიშალოს ევროკავშირის მიერ დიდი ძალისხმევის შედეგად შემუშავებული გეგმა საბერძნეთის დასახმარებლად.

ბოლოს შეგახსენებთ, რომ დიდი ოცეული, რომლის სამიტსაც კანი მასპინძლობს, აერთიანებს მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვან და სწრაფად განვითარებად ქვეყნებს. ოცეულის წევრები არიან აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, სამხრეთი აფრიკა, თურქეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი.
XS
SM
MD
LG