Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალიზაცია დეცენტრალიზაციის ნაცვლად


ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების წლიური ანგარიშის პრეზენტაცია
ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების წლიური ანგარიშის პრეზენტაცია
ფონდმა ”ღია საზოგადოება - საქართველო” ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების მორიგი წლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში 2009-2010 წლების მანძილზე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობაში განხორციელებული ცვლილებები და დეცენტრალიზაციის პროცესია გაანალიზებული. ანგარიშის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში საანგარიშო პერიოდში, დეცენტრალიზაციის ნაცვლად, ცენტრალიზაცია გაძლიერდა.
მთლიანი ანალიზი იძლევა საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ დავასკვნათ: ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა ხარისხი, მათი დამოუკიდებლობის ხარისხი შემცირდა...

ადგილობრივი თვითმმართველობის როლი, ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, განვლილი ორი წლის განმავლობაში დაკნინდა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ქვეყანაში დეცენტრალიზაციის განვითარების დონეს აჩვენებს. ეს მიმართულებებია: საკანონმდებლო ბაზა, უფლებამოსილების განხორციელება, თვითმმართველობის სტრუქტურა და საზოგადოებრივი მომსახურება. შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობა გახდა მთლიანად დამოკიდებული ცენტრალურ ხელისუფლებაზე როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული და ფინანსური კუთხით. როგორც ანგარიშის მომზადებაში მონაწილე ერთ-ერთი ექსპერტი, ვახტანგ ხმალაძე, შენიშნავს, თუ საანგარიშო პერიოდამდე, ანუ 2009-2010 წლებამდე, ცენტრალური ხელისუფლება ძირითადად კანონდარღვევით იჭრებოდა ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებებში, გასული ორი წლის მანძილზე ამ დარღვევების ფაქტობრივი ლეგალიზება მოხდა:

”რიგი უფლებამოსილებებისა შეეზღუდა ადგილობრივ თვითმმართველობას კანონით და გადაეცა ცენტრალურ ხელისუფლებას. მთლიანი ანალიზი იძლევა საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ დავასკვნათ: ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა ხარისხი, მათი დამოუკიდებლობის ხარისხი, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებათა მიღების ხარისხი შემცირდა. ანუ თვითმმართველობები გახდა უფრო სუსტი, ვიდრე აქამდე იყო და მანამდეც ისინი საკმაოდ სუსტი იყო.”

ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა თვითმმართველობების რეგულაციის კუთხით არ შეესაბამება ევროპულ ქარტიასა და ევროსაბჭოს მთელ რიგ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება თვითმმართველობის ხარისხს, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ანგარიშის ავტორთა შეფასებით, თვითმმართველობის პირველი დონის გაუქმებამ უშუალოდ განაპირობა თვითმმართველობის ორგანოების მოსახლეობასთან დაშორება და შექმნა იმ მომსახურების მიღების დეფიციტი, რისთვისაც საერთოდ არსებობს თვითმმართველობა. თუმცა ასეთ ფონზეც კი, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ პროექტის კოორდინატორის, თინათინ ბოლქვაძის შეფასებით, თვითმმართველობებისადმი ნდობა საზოგადოებაში არსებობს.
თინათინ ბოლქვაძე
თინათინ ბოლქვაძე

”გამოიკვეთა ის, რომ ნდობა მაღალია ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, თუმცა არსებობს ინფორმაციის ნაკლებობა იმის შესახებ, თუ რას საქმიანობს ადგილობრივი ხელისუფლება, ძალიან დაბალია ჩართულობის ხარისხი და ზოგადად ინტერესი.”

კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პოლონეთის, ვარშავის უნივერსიტეტის ადგილობრივი განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომელი პაველ სვიანევიჩი, თავის მხრივ, ადგილობრივი ხელისუფლების კიდევ ერთ თავისებურებას შენიშნავს. მისი შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობა სანდოა, მაგრამ ნაკლებად მნიშვნელოვანი, მისი წევრები კი - ნაკლებად ცნობადნი.

”ეს გასაკვირი არ არის, რადგან ადგილობრივ თვითმმართველობას საქართველოში რეალურად ძალზე შეზღუდული პასუხისმგებლობა აკისრია და ვიწროა მისი ვალდებულებების სფეროც. საქართველო ჯერაც ძალზე ცენტრალიზებული ქვეყანაა. შესაბამისად, მოსახლეობას არ აინტერესებს თვითმმართველობა, რომელიც, მისი აზრით, არც ისე მნიშვნელოვანია მის ყოველდღიურ ცხოვრებაში. შევაჯამებ და ვიტყვი, რომ ხალხს მეტ-ნაკლებად მოსწონს და ენდობა ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ მის საქმიანობაში ჩართვის ინტერესს არ გამოხატავს.”

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ მომზადებული ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების წლიური ანგარიში ორი ნაწილისაგან შედგება: კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი და მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვა. მსგავს ანგარიშებს ფონდი 2006 წლიდან ამზადებს.
XS
SM
MD
LG