Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ივსება საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი


სარფის ახალი სასაზღვრო-საბაჟო გამშვები პუნქტი
სარფის ახალი სასაზღვრო-საბაჟო გამშვები პუნქტი
საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავაც რჩება ეგრეთ წოდებული უარყოფითი სავაჭრო ბალანსი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში უფრო მეტი იმპორტირებული ნაწარმი შედის, ვიდრე ქვეყნიდან პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება. შესაბამისად, საქართველოდან უცხოეთში ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდი ლარი გაედინება. როგორ ხერხდება გადინებული თანხების უკან დაბრუნება, ანუ უარყოფითი სავაჭრო სალდოს ბალანსირება?
საქართველო ხდება მოხმარებაზე ორიენტირებული ქვეყანა, რაც მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის პრობლემას წარმოადგენს ...

გასულ 2011 წელს საქართველომ საზღვარგარეთ სხვადასხვა პროდუქციის შესაძენად 6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიდან განხორციელებული ექსპორტის მაჩვენებელი 40 პროცენტით გაიზარდა, მისი მოცულობა ჯერჯერობით მხოლოდ 2 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა. შესაბამისად, უარყოფითი სავაჭრო სალდო 4 მილიარდ აშშ დოლარზე ოდნავ მეტს შეადგენს. ამას მაკროეკონომიკური სტაბილურობის საფრთხეს უწოდებს კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია:

”რასაც ჰქვია უარყოფითი სავაჭრო ბალანსის პრობლემა, ეს პრობლემა დღის წესრიგიდან არ იხსნება, არამედ სულ უფრო მეტად ღრმავდება და მწვავდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი საქონელი შემოდის, ვიდრე გადის და საქართველო ხდება მოხმარებაზე ორიენტირებული ქვეყანა, რაც მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის პრობლემას წარმოადგენს.”

უარყოფით სავაჭრო ბალანსს საქართველოში ბევრი პოლიტიკოსი თუ ექსპერტი ქვეყნის ეკონომიკისთვის უარყოფით მოვლენად მიიჩნევს და ამის გამო ხშირად აკრიტიკებენ მთავრობას. ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია ექსპორტზე თითქმის სამჯერ მეტ იმპორტში შემდეგ პრობლემას ხედავს:

„ჩვენგან ძირითადად ხდება ვალუტის გადინება და როცა ექსპორტი შედარებით ნაკლებია, ვალუტის შემოდინება არ ხდება, რაც წარმოქმნის დეფიციტს უცხოურ ვალუტაზე.“
ეს ფული ხომ საიდანღაც მოდის. საბოლოო ჯამში, გრძელვადიანი პერსპექტივით, საგარეო ბალანსი მაინც ნულს უტოლდება ...

დავით ნარმანიასგან განსხვავებულ აზრს გამოთქვამს ეკონომისტთა მეორე ნაწილი. ლიბერალური ეკონომიკის მომხრეები თავისუფალი ბაზრის პირობებში, იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქციის კონკურენციის შედეგად, ადგილობრივი საექსპორტო წარმოების ბუნებრივი განვითარების შესაძლებლობას ხედავენ.

საზოგადოების დიდ ნაწილში გავრცელებული აზრისგან განსხვავებით, საქართველოს უარყოფით სავაჭრო სალდოში საფრთხეს ვერ ხედავს ეკონომიკის ექსპერტი, ჟურნალ „ტაბულის“ ერთ-ერთი ავტორი, მიშა თავხელიძე:

„ასეთი მაგალითი არსებობს: აიოვაში აწარმოებენ ხორბალს, ამ ხორბალს მერე ყიდიან და იაპონიაში ყიდულობენ მანქანებს. წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს იგივეა, რომ აიოვაში მიწიდან მოჰყავთ იაპონური მანქანები. ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, შეიძლება იმაზე ნაკლებს, ვიდრე ვყიდულობთ, მაგრამ ეს ფული ხომ საიდანღაც მოდის. საბოლოო ჯამში, გრძელვადიანი პერსპექტივით, საგარეო ბალანსი მაინც ნულს უტოლდება.“
ანუ, ჯამში, ეს 4 მილიარდი დოლარი ძალიან კომფორტულად იფარება შემოსული ჯამური ინვესტიციებით ...

ის, რომ, საბოლოო ჯამში, სავაჭრო ბალანსი მაინც ნულს უტოლდება, კამათის საგანს არ წარმოადგენს. შესაბამისად, საინტერესოა რის ხარჯზე ხერხდება ეს, ანუ საიდან ჩნდება ის 4 მილიარდი აშშ დოლარი, რომელიც საჭიროა იმპორტ–ექსპორტის სხვაობის შესავსებად. ამ კითხვაზე პასუხი გასცა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა 2011 წლის მიწურულს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე:

„როგორ ბალანსდება ეს 4 მილიარდი დოლარი, მნიშვნელოვანი არის ეს. და FDI პირდაპირი [უცხოური] ინვესტიციები არის ამ 4 მილიარდის მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი. გადავიდეთ ჯამურ ინვესტიციებზე, იმიტომ რომ ეს ჯამური ინვესტიციები არის მნიშვნელოვანი იმის გასარკვევად, თუ როგორ ბალანსდება იმპორტი და ექსპორტი. 1 მილიარდი არის დაახლოებით პირდაპირი ინვესტიციები, 1 მილიარდი დაახლოებით არის უცხოეთში წასული ქართველების მიერ გადმორიცხული ფული. 1 მილიარდამდე ავა მომავალ წელს ტურიზმის შემოსავალი - 750 მილიონი დოლარი იყო წელს - და მილიარდ-ნახევარი არის უცხოური კრედიტები და გრანტები, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურასა და ინფრასტრუქტურაში იხარჯება, ანუ, ჯამში, ეს 4 მილიარდი დოლარი ძალიან კომფორტულად იფარება შემოსული ჯამური ინვესტიციებით.”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის აზრით, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი მართლაც წარმოადგენს გამოწვევას საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის. ეს გამოწვევა კიდევ უფრო აქტუალური ხდება ევროს კრიზისისა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოქმნილი ეკონომიკური პრობლემების ფონზე. იმ ერთი მილიარდი დოლარის დიდი ნაწილი, რომელიც ყოველწლიურად საქართველოში შემოდის, სწორედ ევროპის ქვეყნებში დასაქმებული ქართველების შემოსავალია და არის საშიშროება, რომ ეს ფულადი ნაკადი შემცირდება.

ასეთ პროგნოზსს არ იზიარებს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, რომელსაც 2008-2009 წლის მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის დროინდელი პრაქტიკა აიმედებს. მაშინ უცხოეთიდან შემოსული ფულადი გადარიცხვები უმნიშვნელოდ შემცირდა. იმ პერიოდისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობაში ევროს კრიზისიდან ზარალის ნაცვლად უფრო მეტ სარგებელს მოელიან. იმედოვნებენ, რომ ინვესტორები, რომლებიც ევროპის კრიზისში მყოფ ქვეყნებში ფულის დაბანდებას მოერიდებიან, საქართველოს მოაშურებენ.
XS
SM
MD
LG