Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეპრესიები ვლადიკავკაზში


ცხინვალი, 2011 წლის 1 დეკემბერი
ცხინვალი, 2011 წლის 1 დეკემბერი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე 2 თვე რჩება. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია მხოლოდ ერთმა კანდიდატმა გაიარა. გაურკვეველი რჩება მიიღებს თუ არა ხელმეორე არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა, რომელმაც ნოემბრის არჩევნებში მოწინააღმდეგე, კრემლის ფავორიტი ანატოლი ბიბილოვი, დიდი უპირატესობით დაამარცხა, მაგრამ კოკოითიმ და მის მიერ კონტროლირებულმა სასამართლომ ჯიოევას ეს გამარჯვება გააუქმა. ოპოზიცია მარტის არჩევნებისთვის ჯერ აქტიურად არ ემზადება. ჯიოევას მომხრეები ახლა თანამებრძოლთა ციხეებიდან გათავისუფლების გზების ძიებით არიან დაკავებულნი. მას შემდეგ, რაც ცხინვალში საპროტესტო აქციები შეწყდა, ჯიოევას მომხრეების დაკავება ვლადიკავკაზში დაიწყო. დაპატიმრებულთა ნაწილს სისხლის სამართლის ბრალდება აქვს წაყენებული, ნაწილი კი ადმინისტრაციულ სასჯელს იხდის. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯემალ ჯიკაევი, ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ ოპოზიციის დასასუსტებლად კოკოითი და მამსუროვი ერთობლივ ღონისძიებებს ატარებენ. მისი აზრით, დე ფაქტო რესპუბლიკის ექს-პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი და ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური თეიმურაზ მამსუროვი ოპოზიციის მომხრეთა დევნის თაობაზე შეთანხმებულები არიან.

ოსი და რუსი ექსპერტების აზრით, მარტამდე კოკოითის კლანი მაქსიმალურად შეეცდება, რომ ოპოზიციის მომხრეების ნაწილი დააშინოს, ნაწილი მოისყიდოს, ნაწილს კი უიმედობა ჩაუსახოს. ანალიტიკოსების აზრით, მოსკოვმა ცხინვალის პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაზე ხელი აიღო. გავრცელებული ინფორმაციით, კრემლის მაღალჩინოსნები სერგეი ვინოკუროვის შედეგებითაც უკმაყოფილონი არიან. ვინოკუროვი ოპოზიციასა და კოკოითის ხელისუფლებას შორის დეკემბრის აქციების დროს შუამავლად გამოდიოდა, მისი მონაწილეობით შედგენილი შეთანხმება კი ოპოზიციის საწინააღმდეგოდ დაირღვა. ექსპერტების აზრით, მოსკოვმა ვითარების განმუხტვა ისევ კოკოითის და მამსუროვს გადააბარა, ამ ყველაფერს კი რეპრესიები მოჰყვა. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ კრემლი სამხრეთ ოსეთის მიმართ ერთსა და იმავე შეცდომებს იმეორებს, ეს კი საქართველოსთვის მომგებიანია, რადგან ამ ნაბიჯებით თვითაღიარებულ რესპუბლიკაში სულ უფრო იზრდება ანტირუსული განწყობა.

არჩევნებამდე ორი თვით ადრე ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ოპოზიციის მომხრეების მიმართ რეპრესიები გამკაცრდება, მათ ლიდერებს კი არჩევნებისთვის მოსამზადებლად დროც არ დარჩებათ, რის გამოყენებასაც კოკოითისა და კრემლის საპრეზიდენტო კანდიდატი შეეცდება.
XS
SM
MD
LG