Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეთიშება თუ არა ელექტროენერგია ნაგავს


ზურაბ აბაშიძე, ვიქტორ დოლიძე
ზურაბ აბაშიძე, ვიქტორ დოლიძე
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია თბილისის მერს, გიგი უგულავას, ზამთრის პერიოდში დედაქალაქში დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადისგან განცალკევებისკენ მოუწოდებს. "თავისუფალი დემოკრატების" საკრებულოს წევრებმა 9 თებერვალს გიგი უგულავას სახელზე აღნიშნული მოთხოვნით თბილისის მერიაში წერილი შეიტანეს. როგორ აისახა თბილისელებზე ყინვა, ელექტროენერგიის მოხმარების მატება და ელექტროენერგიის გადასახადს მიბმული დასუფთავების გადასახადი?

67 წლის მაია თბილისში, სამსულიან ოჯახში ცხოვრობს. ოჯახის ძირითადი შემოსავალი პენსიაა. თბილისურმა ყინვამ იძულებული გახადა სახლის გათბობაზე კიდევ უფრო მეტად ეზრუნა, შედეგად კი დასუფთავების გადასახადის რაოდენობამ 20 ლარს გადააჭარბა, მაშინ როცა გასული წლის ივლისამდე მხოლოდ 6-7 ლარს ვიხდიდიო, ამბობს:

”ახლა მომივიდა 28 ლარი. რა ნაგავი მომემატა? ეს არის ჩვენი ხელისუფლების გამდიდრების ერთ-ერთი საშუალება. გადასახადები ერთმანეთს აუცილებლად უნდა გაემიჯნოს და არა მარტო ზამთრის პერიოდში, არამედ ზოგადად. გაზის გამათბობელი არ მაქვს. პატარა ელექტროქურას ვრთავთ დღეში ერთი-ორი საათით და მაინც ამდენს წვავს.”
სასამართლოდან შესაგებელი მოგვივიდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენს სარჩელთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ მოგვსვლია ...
ვიქტორ დოლიძე


გარდა იმისა, რომ თბილისის ქუჩები თოვლიანია, ბოლო ორი კვირაა ტემპერატურამ, ისევე როგორც მთელ საქართველოში, დედაქალაქშიც მნიშვნელოვნად იკლო. შესაბამისად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელიც, რაც თავისთავად აისახა დასუფთავების გადასახადის მატებაზე. შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილება დასუფთავების გადასახადის მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით დაანგარიშების თაობაზე გასული წლის პირველ ივლისს შევიდა ძალაში, ანუ უკვე მერვე თვეა თბილისელები დასუფთავების მოსაკრებელს მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად - ყოველ ერთ კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე 5 თეთრს იხდიან. თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ ეს ინიციატივა იმ მოტივით გაამართლა, რომ დასუფთავების ტარიფის ახლებული გამოანგარიშება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე პოზიტიურად აისახებოდა. ისინი ამბობდნენ, რომ იმ ოჯახებს, რომლებშიც მრავალი სული არის ჩაწერილი, მაგრამ მოკრძალებულად ცხოვრობენ, დასუფთავების მომსახურებისათვის გაცილებით ნაკლები თანხის გადახდა მოუწევდათ, ოპონენტებმა და ეკონომიკის ექსპერტების ნაწილმა კი თბილისის მთავრობის ეს ინიციატივა იმთავითვე გაუგებარ, ალოგიკურ და უპრეცედენტო მოვლენად შეაფასა.

თბილისის მთავრობის ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი გახდა, არამედ მისი გასაჩივრება საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც სცადეს საქალაქო სასამართლოში, თუმცა, როგორც ”თავისუფალი დემოკრატებიდან” საკრებულოს წევრი, ვიქტორ დოლიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა:

”სასამართლოდან შესაგებელი მოგვივიდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენს სარჩელთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ მოგვსვლია. ვვარაუდობ, რომ თებერვლის ბოლომდე გადაწყვეტილება უნდა მოვიდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მაქვს არანაირი პრერეკვიზიტი, საქმის დადებითად გადაწყვეტილების თაობაზე რომ ვიფიქრო”, - ამბობს ვიქტორ დოლიძე.
ძალიან ბევრი ადამიანი ელექტროენერგიას მეტი რაოდენობით მოიხმარს. იქნებ ამ მიმართულებით განხორციელდეს შეღავათები ...
ზურაბ აბაშიძე.


საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ადგილობრივ თვითთმმართველობას კანონების დარღვევასა და დედაქალაქის მოსახლეობის ინტერესების იგნორირებაში ადანაშაულებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს ”ქრისტიან-დემოკრატებმაც” მიმართეს, მაგრამ პირველ ინსტანციაში მათ საქმე წააგეს.

9 თებერვალს ”თავისუფალი დემოკრატებიდან” საკრებულოს წევრმა ზურაბ აბაშიძემ თბილისის მერის სახელზე განცხადება შეიტანა:

”დღეს ჩვენს მოქალაქეებს ძალიან სცივათ. ძალიან ბევრი ადამიანი ელექტროენერგიას მეტი რაოდენობით მოიხმარს. იქნებ ამ მიმართულებით განხორციელდეს შეღავათები და ზამთრის პერიოდში მაინც გაემიჯნოს ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადი ერთმანეთს”, - ამბობს ზურაბ აბაშიძე.
შუქის გადასახადი იმდენი მოდის, ამას დამატებული ნაგავი, ძლივს ვიხდი კომუნალურ გადასახადებს, ისე გაძვირდა ...

"თავისუფალი დემოკრატები" დედაქალაქის მთავრობას ალტერნატიულ გეგმას სთავაზობენ, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებისთვის დასუფთავების გადასახადის განსაზღვრა ბინის საერთო ფართისა და ოჯახის სულადობის მიხედვით უნდა მოხდეს. თბილისის მერია საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების წერილზე კომენტარს არ აკეთებს. მიუხედავად დაპირებისა, რომ თბილისის მერიაში შეკრებილი ჟურნალისტები მერიის წარმომადგენლისაგან პასუხს მოისმენდნენ, დაახლოებით ორმოცწუთიანი ლოდინის შემდეგ მერიის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებდა.

კითხვით, თუ როგორ აისახა რიგით მოქალაქეებზე ყინვა, მისგან გამოწვეული ელექტროენერგიის მოხმარების მატება და ელექტროენერგიის გადასახადს მიბმული დასუფთავების გადასახადი, რადიო თავისუფლებამ თბილისის თოვლიან ქუჩებში ხალხს მიმართა:

- შუქის გადასახადი იმდენი მოდის, ამას დამატებული ნაგავი, ძლივს ვიხდი კომუნალურ გადასახადებს, ისე გაძვირდა.
- ვცდილობთ რაც შეიძლება ნაკლები ელექტროენერგია დავხარჯოთ, რომ ნაგვის გადასახადი ცოტა მოგვივიდეს. შემოსავალი ძალიან ცოტა გვაქვს და გვიჭირს გადახდა.
- მართალია,ზამთრის პერიოდში მატულობს ელექტროენერგიის მოხმარება, მაგრამ ხანდახან ზაფხულშიც ვრთავთ კონდიციონერს და ამიტომ ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადი საერთოდ უნდა ჩამოსცილდეს ერთმანეთს.
- ძალიან ჭირს დასუფთავების გადასახადის გადახდა. პატარა ბავშვები მყავს სახლში, შეძლებისდაგვარად ვცდილობ, რომ დავზოგო ელექტროენერგია, მაგრამ, ადრინდელთან შედარებით, ახლა გაცილებით დიდი გადასახადი მომდის.
- ყველას დავუდგებით გვერდში, რომ ნაგავი და ელექტროენერგია მოაცილონ ერთმანეთს. მარტო მე კი არა, ყველა დატანჯულია.
XS
SM
MD
LG