Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიზმარში მიცემული რჩევები


ჩემს ბლოგზე შემოვიხედე და სუნი მეცა. ნესტის და უპატრონობის სუნი. ხავსი ამოსულა.

ფუჰ.

ყმაწვილკაცობაში ერთი პერიოდი მარტო ვცხოვრობდი და საპურე ქვაბში (ეგეთი მაღალი ქვაბი გვქონდა, რომელშიც პური იდო ხოლმე) ობი ამოვიდა. ანუ, პური კი არ დაობდა - ეგ ჩვეულებრივი ამბავი იყო - არამედ ობი ამობიბინდა. ისე, რომ პური სულ აღარ ჩანდა. კარგა მაღალი გაიზარდა. კვასკვასა მწვანე იყო. არ ვიცი, შეიძლება ენის პოლიციამ დაადგინა, რომ კვასკვასა მარტო წითელზე ითქმის, მაგრამ არ მაინტერესებს. ის მწვანე კვასკვასებდა. კვაას, კვაას - ასე იძახდა. მაგრამ განა მარტო ერთი ფერისა იყო. აქა-იქ ლაჟვარდი და ლალი ერია. უცხოპლანეტური ფერი იყო. 3D ანიმაცია გეგონებოდა.

ისეთი ლამაზი იყო, რომ გაწმენდა მენანებოდა. მერე, ერთხელ დამესიზმრა, რომ იქიდან რაღაცა მობობღავდა. რაღაც უცხო და საშიში. ცუდი სიზმარი იყო. რაღას ვიზამდი, გავწმინდე.

გუშინ დამესიზმრა, რომ კომპიუტერი ჩავრთე და ჩემი ბლოგიდან „ზარში“ რომ საშიში გოგოა, სამარა, ის გადმოვიდა. Нужно очистить - რატომღაც რუსულად გავიფიქრე სიზმარში.

გავიღვიძე და გადავწყვიტე, კეთილი საქმე გამეკეთებინა. გამოვიძახე ჩემი წარმოსახვითი მეგობარი არსენა ბუნალიშვილი და ვკითხე, რით დაგეხმარო-მეთქი? ამას მოჰყვა საუბარი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

არსენა: თუ დახმარება გინდა, რამე ფილმი მირჩიე.

ნიკო: რა ფილმი?

არსენა: აი, ღამე რომ ჩავწვები, რამე საინტერესო მინდა. თან ზომიერად საშიში რომ იყოს და თან ნორმალური.

ნიკო: ზუსტად საშენო ფილმი მაქვს. „ობოლი“ ჰქვია, თუმცა კი ქართულ საიტებზე „სიბნელის შვილს“ უწოდებენ. საკაიფო ტრილერია და, მგონი, ძალიან გაბაზრებულიც არაა. წყვილზეა, რომელიც ერთ გოგოს იშვილებს და მერე ის გოგო საშინელებებს სჩადის. თან მართლა მოულოდნელი დაბოლოება აქვს.

არსენა: ლინკს ვერ მომცემ, რომ ჩამოვწერო?

ნიკო: ვერა. არა მგონია, ჩვენი რადიო პირატული ბმულების ფანი იყოს (არის რაღაც ამორალური ამ სიტყვათშეთანხმებაში - პირატული ბმულების ფანი. ამიტომაც არ შევცვლი). ისე კი ეს ფილმია.

არსენა: ისე, არ ვიცი. შეიძლება ღამე უფრო სასაცილოს გუნებაზე დავდგე. ვერ მეტყვი რამეს, ნანახი რომ არ მქონდეს?

ნიკო: აი, შეიძლება ეს არ იცოდე. ქართულ საიტებზე „ზრდასრული მოულოდნელობა“ ქვია. რუსულიდან თარგმნეს ასე. სასაცილოა, საყვარელია და განსაკუთრებულ ჩართულობას არ მოითხოვს.

არსენა: კი, მაგრამ ფილმი მალე დამთავრდება. სერიალი არ იცი რამე?

ნიკო: „დექსტერის“ და Breaking Bad-ის გარდა, ხო?

არსენა: ხო, ეგენი ნანახი მაქვს.

ნიკო: ვიცი! Homeland ნახე. ბოლო „ოქროს გლობუსებზე“ უამრავი პრიზი აიღო. ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში მომუშავე ქალს აქვს ეჭვი, რომ ერაყში ტყვეობიდან გათავისუფლებული ამერიკელი ჯარისკაცი ალ-ყაიდის აგენტია და რაღაც ცუდი უნდა გააკეთოს. ზომიერად დაძაბულია და საინტერესო.

არსენა: ვა, დღეს რა კეთილი ხარ.

ნიკო: მაშ!

არსენა: მაშინ რამე სიმღერა მირჩიე.

ნიკო: ახალი თუ ძველი?

არსენა: საშუალო. არც წლევანდელი მინდა და არც სამოციანების.

ნიკო: ეს იცი?

არსენა: „ფლეიმინგ ლიპსი“? ვიცი კი არა, მაგაზე გავიზარდე. ისე კი, კაია რომ გამახსენე. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ვიღაცებს არ მოუსმენიათ და გული მიჩუყდება. რამდენი დაკარგეს!

ნიკო: აქ გაასწორებდა ციტატა დოჩანაშვილიდან.

არსენა: კი, ნამდვილად. მაშინ კარგი კლიპი მირჩიე.

ნიკო: ეს იცი?

არსენა: არ ვიცოდი, მაგრამ არ მომეწონა. მოდი, მე გაჩვენებ საკაიფო ვიდეოს.

ნიკო: მუსიკალურს?

არსენა: არა, მაგრამ მაგარია. აი, ნახე.

აქ სიზმარი დასრულდა. გავიღვიძე და იმაზე ვფიქრობდი, რომ როდესაც მეგობარი „იუტუბზე“ (თუ „რუსთავი 2“-ში მუშაობს, მაშინ „იუტუბიზე“) სასაცილო კლიპებს გაჩვენებს, ამ კლიპებით ისე ვერ ტკბები. ყურების ნაცვლად იმაზე ვფიქრობ, ეხლა შენ თვითონ რამდენად უკეთეს რამეს ჩართავ.

კიდევ, აი, დამატებითი რჩევა. ჩვენს საიტზე ალბათ კითხულობ ხოლმე ლაშა ბუღაძის ნაწერებს. ხომ კარგია? ჰოდა, ნუ გეზარება და წაკითხვის ნაცვლად მოისმინე. იქვეა ღილაკი. მაგისთვისაა. „მოისმინეთ“ აწერია. ეგრე უფრო საკაიფოა.

და აი, კიდევ... არსენა! აქ რა გინდა? ვინ გაგაბრაზა?

არსენა: ვინ და შენ. რა სიზმარი აგიტყდა? სიზმარი არა, ტოროლა! ვის რა ჭირად უნდა შენი დეგენერატული რჩევები, ჯეოსტარით გათხვრილო ხურუტო!

ნიკო: ხურუტი რა არის?

არსენა: შენ ხარ ხურუტი! ეგ ფილმებიც ისედაც ყველას ნანახი აქვს და მუსიკაც მოსმენილი და, ისედაც, არ ვარგა! სლაბი ხარ, სლაბი!

ნიკო: სწორკუთხა განივჭრილის მქონე ფოლადის ნამზადი ვარ?

არსენა: აი, ზუსტად! ვის რა უნდა ურჩიო, ხურუტო? აქეთ უნდა გირჩიონ.

მართალი იყო არსენა. მოდი, თუ რამე საინტერესო ფილმი ან კარგი კლიპი იცით, ისეთი, სხვას რომ, ალბათ, ნანახი არ ექნება, კომენტარებში დაწერეთ. თან პატარა ახსნაც დაურთეთ, რატომაა კარგი. სოფელიც აშენდება.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG