Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადის სამიტზე სირიის თემაზე მსჯელობენ


ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოშიარ ზებარი (მარჯვნივ) და არაბთა ლიგის გენერალური მდივანი ნაბილ ალ-არაბი
ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოშიარ ზებარი (მარჯვნივ) და არაბთა ლიგის გენერალური მდივანი ნაბილ ალ-არაბი
ბაღდადში მიმდინარე არაბთა ლიგის სამიტზე მოლაპარაკებების მთავარი თემა სირიის კრიზისია.

ბაღდადში იმყოფებიან ათი არაბული ქვეყნის ლიდერები - მათ შორის, კუვეიტის შეიხი საბაჰ ალ-აჰმად ალ-საბაჰი. მას შემდეგ, რაც 1990 წელს ერაყის ყოფილი დიქტატორი, სადამ ჰუსეინი, კუვეიტში შეიჭრა, მსგავსი ვიზიტი პირველად ხდება.

არაბთა ლიგის წევრი 22 ქვეყნიდან დანარჩენმა სახელმწიფოებმა თავი შეიკავეს თავიანთი ლიდერის გაგზავნისგან, უსაფრთხოების ირგვლივ არსებული შეშფოთების გამო.

თავად სირიას არაბთა ლიგის შეხვედრაზე დასწრების უფლება შეჩერებული აქვს, რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ გატარებული სისხლიანი რეპრესიების გამო.

სამიტში ასევე მონაწილეობას იღებს სუდანის პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი, რომელსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ეძებს, ომის დანაშაულების ბრალდებით. ბაღდადში იმყოფება გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნიც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ასადმა ეს თანხმობა დაუყოვნებლივ მოქმედებად აქციოს ...
ბან კი-მუნი

20 წელზე დიდი ხნის განმავლობაში ბაღდადში ასეთი სამიტი არ გამართულა.
როგორც ვარაუდობენ, სამიტის ბოლოს შეიმუშავებენ მოწოდებას სირიაში მთავრობისა და ოპოზიციის ძალებს შორის სისხლისღვრის შეჩერებისა და ზავის დამყარების თაობაზე, თუმცა, გავრცელებული ცნობებით, სამიტი თავს შეიკავებს იმისგან, რომ სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს, გადადგომა მოსთხოვოს. ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ ჟურნალისტებს უთხრა, „ლიდერების არჩევა სირიელი ხალხის საქმეა და არა არაბთა ლიგის ან ვინმე სხვისიო“.

სირია, რომელსაც, როგორც ვთქვით, სისხლისღვრის გამო არაბთა ლიგის წევრობა შეუჩერეს, აცხადებს, რომ ის სამიტზე შემუშავებულ ნებისმიერ ინიციატივას უარყოფს.

სირიიდან მოსული ცნობების თანახმად, ასადის ძალები განაგრძობენ შეტევას ოპოზიციის გამაგრების ადგილებზე მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ქალაქებში. ეს ხდება დამასკის იმ განცხადების მიუხედავად, რომ ის დათანხმდა გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენლის, კოფი ანანის სამშვიდობო გეგმაზე.
დამასკის ამ განცხადებას სამიტზე ბან კი-მუნი გამოეხმაურა: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ასადმა ეს თანხმობა დაუყოვნებლივ მოქმედებად აქციოს. მსოფლიო ამას ელოდება. მთავარი ამ ზომების დანერგვაა. დასაკარგი დრო აღარ არის.“

სამიტი ბაღდადის მწვანე ზონაში, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე მიმდინარეობს. ერაყის დედაქალაქში წესრიგს უსაფრთხოების სტრუქტურების 100,000-მდე მუშაკი იცავს.

თუმცა, ამ ზომების მიუხედავად, როგორც იუწყებიან, სამიტის გახსნისთანავე მწვანე ზონის სიახლოვეს აფეთქების ხმა გაისმა.

ბაღდადი იმედოვნებს, რომ ამ სამიტით ის არაბულ სამყაროში ერთ-ერთ ლიდერად დაბრუნდება, მრავალწლიანი იზოლაციის შემდეგ.
XS
SM
MD
LG