Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება მსჯელობა სირიის კრიზისზე


სირია, 2012 წლის 27 მარტი: პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადის შეხვედრა ჯარისკაცებთან ქალაქ ჰომსში
სირია, 2012 წლის 27 მარტი: პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადის შეხვედრა ჯარისკაცებთან ქალაქ ჰომსში
გაეროს ბოლო მონაცემებით, სირიაში ერთი წლის წინ დაწყებული დაპირისპირების მსხვერპლთა რაოდენობა გაზრდილია და უკვე 9000 აჭარბებს. აქამდე საუბარი იყო 8000-ზე მეტ მოკლულზე. თუმცა, სირიის შესახებ დამაიმედებელი ინფორმაციაც ვრცელდება: დამასკი დათანხმდა სამშვიდობო გეგმას, რომელიც მას სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელმა, კოფი ანანმა გააცნო.

სირიაში სისხლისმღვრელი დაპირისპირების ფონზე, უცხოეთში ბევრგან მსჯელობენ კრიზისის მოგვარების გზებზე. არაბთა ლიგის სამიტზე, რომელსაც ბაღდადი მასპინძლობს, ლიგის გენერალურმა მდივანმა, ნაბილ ალ-არაბიმ განაცხადა, რომ სირიის საკითხს დიდი ადგილი ეთმობა დისკუსიების დროს. კვირას კი სტამბული უმასპინძლებს „სირიის მეგობრებად“ წოდებული ჯგუფის შეხვედრას.

ამასობაში, სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელმა, კოფი ანანმა მოლაპარაკება გამართა პეკინში, სადაც ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ვენ ძიაბაომ მხარდაჭერა გამოუცხადა მის სამშვიდობო ძალისხმევას. მანამდე ანანს მხარდაჭერა აღუთქვეს მოსკოვში ვიზიტის დროსაც და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ანანის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი.

დასავლეთის რეაქცია მაინც ფრთხილია.
იმედი გვაქვს, რომ ყველა მხარე მიიღებს მონაწილეობას გეგმის განხორციელების ხელშეწყობაში. მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, მართლაც ვიხილოთ, რომ გეგმა სრულდება და მას მართლაც იცავენ...
მაიკლ მენი
„იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი სისხლისღვრისა და სრულიად მიუღებელი ძალადობისათვის ბოლოს მოსაღებად. იმედი გვაქვს, რომ ყველა მხარე მიიღებს მონაწილეობას გეგმის განხორციელების ხელშეწყობაში. მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, მართლაც ვიხილოთ, რომ გეგმა სრულდება და მას მართლაც იცავენ“, - განაცხადა ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის პრესმდივანმა მაიკლ მენმა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ დამასკმა წერილობით აცნობა კოფი ანანს მის სამშვიდობო გეგმაზე დათანხმების შესახებ.

სამშვიდობო გეგმა ითვალისწინებს სირიაში ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ალყაშემორტყმულ ადგილებში ჰუმანიტარული დახმარების შეშვებას და ოპოზიციასთან მთავრობის მოლაპარაკების დაწყებას.

ცნობას, რომ დამასკი დათანხმდა კოფი ანანის გეგმას, გამოეხმაურა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონიც: „ეს არის მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი, რომ ასადის რეჟიმმა გაეროს მისწერა ანანის გეგმაზე დათანხმების შესახებ. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ თუ გავითვალისწინებთ ასადის მიერ გაზვიადებული დაპირებების მოცემისა და მათი არასაკმარისად შესრულების ისტორიას, ეს დაპირება ახლა დაუყოვნებლივი ქმედებებით უნდა შესრულდეს. ასადის გულწრფელობისა და სერიოზულობის შესახებ დასკვნებს გავაკეთებთ იმის მიხედვით, რას გააკეთებს და არა რას იტყვის ის“.
ჰილარი კლინტონი
ჰილარი კლინტონი

ჰილარი კლინტონი შეეხო სირიაში ოპოზიციის როლსაც: „კონკრეტულად ოპოზიციას რაც შეეხება, მისი წევრები უნდა გამოვიდნენ ერთიანი პოზიციით - გნებავთ, ხედვით, როგორი წარმოუდგენიათ სირია, რომლის ასაშენებლადაც მუშაობენ. მათ უნდა შეეძლოთ ნათლად დემონსტრირება, რომ ანგარიშს უწევენ ყველა სირიელს და იცავენ ყველა სირიელის უფლებებს და ჩვენ მათგან ძალიან მკაცრად მოვითხოვთ ასეთი ხედვის წარმოდგენას სტამბულში. ამდენად, კვირამდე კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, - განაცხადა კლინტონმა „სირიის მეგობართა“ კვირისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე მინიშნებით.

ამ დღეებში ასევე სტამბულმა უმასპინძლა სირიელი ოპოზიციონერების შეხვედრას, რომელზეც შეთანხმდნენ, რომ „სირიის ეროვნული საბჭო“ იქნება სირიელი ხალხის ოფიციალური წარმომადგენელი. შეხვედრაზე ისიც გაირკვა, რომ ოპოზიციონერებს არ სჯერათ სირიის პრეზიდენტის და მისი მთავრობის დაპირებისა, რომ შეასრულებენ კოფი ანანის სამშვიდობო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
XS
SM
MD
LG