Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყებს კონტროლის პალატა მოხელეთა ადმინისტრაციულ დევნას?


კონტროლის პალატა
კონტროლის პალატა
საქართველოს სახალხო დამცველი კონტროლის პალატას მოხელეთა დისციპლინური დევნის დაწყების წინადადებით მიმართავს. ომბუდსმენის მიერ 1 მაისს გამოქვეყნებული დასკვნა შეეხება კონტროლის პალატის პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მუშაობის დროს გამოვლენილ უფლებადარღვევებს, კერძოდ, მარტში მოქალაქეთა დაბარებას ახსნა-განმარტების ჩამორთმევის მიზნით. სახალხო დამცველმა 15 მარტს პირადი ინიციატივით დაიწყო შესაძლო უფლებადარღვევათა შესწავლა, დასკვნა კი 1 მაისს გამოქვეყნდა.

კონტროლის პალატის პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა13-14 მარტს 375 ადამიანს შემდეგი შინაარსის უწყება გაუგზავნა: ”პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც დაბარებული ხართ ახსნა-განმარტების მისაცემად”. იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა ახსნა- განმარტების მიცემის პროცედურა, 13 მარტს რადიო თავისუფლებას უამბო ია მამალაძემ, გაზეთ ”გურია ნიუსის” გამომცემელმა და წარმომადგენელმა კოალიციისა „არჩევანის თავისუფლებისთვის”. ია მამალაძის განცხადებით, მსგავსი უწყება მიუვიდა მის ძმას, ზაალ მამალაძესაც, რომელიც არც ერთი პარტიის წევრი არ არის და არაა ჩართული არავითარ პოლიტიკურ პროცესში:

დაბარებულ პირთა სტატუსის ბუნდოვანება, როდესაც მათ იბარებდნენ, მათი არასამუშაო საათებში დაკითხვა, მათი ლოდინი. იცით, რომ ადგილი ჰქონდა რამდენიმე პირის მონაცემების მოწოდებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ...
გიორგი ტუღუში

”გაჩხრეკის უპრეცედენტო ფორმებია. ყველა შემსვლელს ფეხსაცმელებს, წინდებს ხდიან, მეტალოდეტექტორით ამოწმებენ. ეს არის ადმინისტრაციული შენობა, ისევე როგორც გუშინ ლანჩხუთში იყო, გარშემორტყმული პოლიციელებით, რაღაც გაურკვეველი ძალოვანი სტრუქტურებით, და ადამიანები ამ პირობებში იძლევიან ახსნა-განმარტებებს.”

მსგავსი შინაარსის განცხადებების გარდა, სახალხო დამცველმა კონტროლის პალატის დაკითხვის ოქმებიც შეისწავლა. როგორც გიორგი ტუღუშის მიერ მომზადებული 11 გვერდიანი დასკვნა იტყობინება, პრობლემა იყო დასაბარებელ პირთა სტატუსი, მათი უფლებები და უწყებათა ბუნდოვანება. უწყებაში ნახსენები არ იყო, რომ ეს პირები მოწმის სახით იკითხებოდნენ. გიორგი ტუღუში ამბობს, რომ დაბარებული რამდენიმე პირის საქმე შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც გადაეგზავნა:

” დაბარებულ პირთა სტატუსის ბუნდოვანება, როდესაც მათ იბარებდნენ, მათი არასამუშაო საათებში დაკითხვა, მათი ლოდინი. იცით, რომ ადგილი ჰქონდა რამდენიმე პირის მონაცემების მოწოდებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რათა დაეწყოთ გამოძიება, მოწმის მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის საფუძვლით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ფაქტების შესწავლის შემდეგ დგინდება, რომ აღნიშნული საფუძველი, ფაქტობრივად, არ არსებობდა.”

ამას გარდა, ომბუდსმენი თავის დასკვნაში - დარღვევების ჩამონათვალში - წერს,რომ უფლებადარღვევათა სათავედ იქცა საკანონმდებლო ბაზის არასრუყოფილება და ბუნდოვანება, ანუ რა საკანონმდებლო ბაზით ხელმძღვანელობდა კონტროლის პალატა მოქალაქეთა დაკითხვისას. დასკვნაში საუბარია ასევე შემოწმების უპრეცედენტო ზომებზე, როდესაც დასაკითხ პირებს და ადვოკატებს ჩამოერთმეოდათ პირადი ნივთები, ტელეფონი და საქაღალდეც კი, ხოლო დაკითხვის შემდეგ ეკრძალებოდათ შენობაში დარჩენა.

კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული დაკითხვის პროცესს მალევე კრიტიკულად გამოეხმაურნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოში შეერთებული შტატების ელჩიც.

13-15 მარტს ჩატარებული დაკითხვების დროს არასამთავრობოთა კოალიციამ „ეს შენ გეხება” კონტროლის პალატას რეკომენდაციებით მიმართა, თუ როგორ უნდა დახვეწილიყო პროცედურები. როგორც კოალიციაში შემავალი ”საერთაშორისო განჭვირვალობა - საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, რეკომენდაციებში გაწერილი იყო ყველა ნიუანსი, თუმცა შემდეგ მასზე მსჯელობა აღარ გაგრძელებულა:

” დაწყებული იქიდან, თუ საიდან უნდა დაიწყოს კონტროლის პალატამ ინფორმაციის მიღება, რომ მოკვლევას შეუდგეს, ანუ რა შეიძლება იყოს ამის საფუძველი, და დამთავრებული იმით, თუ როგორ მოქმედებს ის და აქვს თუ არა უფლება, რომ დაიბაროს ადამიანი ისე, რომ მოკვლევა არ დაიწყოს და, უბრალოდ, კითხვები დაუსვას და ა.შ.”

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, 13-14 მარტის შემდეგ კონტროლის პალატას აღარ განუხორციელებია მსგავსი წესით მოქალაქეთა დაკითხვა, თუმცა ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულებას ის მაინც პრინციპულად მიიჩნევს
”იმისათვის, რომ შემდომშიც არ განმეორდეს იმ ფორმით წარმოება კონტროლის პალატის შესაბამისი დანაყოფის მიერ, რა ფორმითაც 13 და 14 მარტს მიმდინარეობდა“.

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში დასკვნაში პროცესის საჯაროობასა და მედიის მიერ მის გაშუქებაზეც ამახვილებს ყურადღებას. ის წერს, რომ მედიას საქმიანობის დროს კონკრეტული შეზღუდვები დაუწესდა და რომ საჭიროა მას შემდგომში სრული ხელმისაწვდომობა ჰქონდეს.

ეს პრობლემები არ უნდა განმეორდეს... საჭიროა მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, საჭიროა მეტი კომუნიკაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ...
ლევან ბეჯაშვილი

მთლიანობაში კი, სხვადსხვა რეკომენდაციების გარდა, გიორგი ტუღუში კონტროლის პალატას მიმართავს წინადადებით, დაიწყოს დისციპლინური დევნა უფლებადამრღვევი მოხელეების მიმართ:

” კონტროლის პალატას აქვს სრული საფუძველი შეისწავლოს ეს ფაქტები და დააყენოს იმ პირთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც რეალურად ფიგურირებენ ჩემს რეკომენდაციებში როგორც უფლებადამრღვევები.”

გაითვალისწინებს თუ არა კონტროლის პალატა ომბუდსმენის რეკომენდაციებს, ძნელი სათქმელია, რადგან მთელი დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა კონტროლის პალატის მხრიდან ომბუდსმენის დასკვნაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციის მიღება.

თუმცა გავიხსენოთ, რომ 18 მარტს, „საზგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა ”აქცენტებში” საუბრისას, კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა ”საგულისხმოდ” მიიჩნია საერთაშორისო გამოხმაურება, რომელიც 13-14 მარტის დაკითხვებს მოჰყვა, და ყურადღება შეაჩერა ”პროცესში დანახულ” პრობლემებზე.

” ეს პრობლემები არ უნდა განმეორდეს... საჭიროა მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, საჭიროა მეტი კომუნიკაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საჭიროა, რომ მოქალაქეებმა წინასწარ იცოდნენ რა შემთხვევებში და რა საკითხების გარშემო მოუწევთ ახსნა-განმარტების მიცემა”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა 18 მარტს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG