Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კახეთის გუბერნატორი 30 წლის ირაკლი შიოლაშვილი გახდა


პრეზიდენტის რწმუნებულად კახეთში ირაკლი შიოლაშვილი დაინიშნა. ახალმა გუბერნატორმა უპირველეს პრიორიტეტად მოსახლეობის პრობლემების გაცნობა დაასახელა. შიოლაშვილი ამბობს, რომ საკადრო წმენდას არ აპირებს და ცვლილებებს მხოლოდ თანამშრომლების მუშაობის გადახედვისა და მისი ანალიზის შემთხვევაში განახორციელებს.

„პირველ რიგში რასაც გავაკეთებ, ეს იქნება ყველა ოჯახის პრობლემის გაგება და რაიონებში ვიზიტი. ამის შემდეგ ისეთ გადაწყვეტილებებს მივიღებ, რომელიც თოთოეულ ოჯახზე დადებითად აისახება. საკადრო ცვლილებებს ჯერ არ ვგეგმავ. უნდა გავეცნო თანამშრომლების მუშაობას და შემდეგ გავაანალიზებ, ვინ დარჩება და ვინ იმუშავებს“.

იმის მიუხედავად, რომ შიოლაშვილი რეორგანიზაციას მუშაობის პირველ ეტაპზე არ გეგმავს, ყოფილი გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ბოტკოველმა, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ბოტკოველი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ახალ გუბერნატორსა და მის გუნდთან შეუთავსებელი პოლიტიკური შეხედულებების გამო მიიღო:

„მე უკვე მივმართე გუბერნატორს, რომ გამათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან. ჩვენ წარმოვადგენთ სხვადასხვა პოლიტიკურ გუნდს და არ მინდა, რომ მათ საქმის კეთებაში ხელი შევუშალო“.

სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლობის პერიოდში ირაკლი შიოლაშვილს რელიგიურ შეუწყნარებლობაში ადანაშაულებდნენ. "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე „კახეთის საინფორმაციო ცენტრთან“ საუბარში მაშინდელ გამგებელს კონსტიტუციაზე მიუთითებდა და ამბობდა, რომ საქართველოში ნებისმიერი აღმსარებლობის მქონე პირს უფლება აქვს რელიგიური მრწამსის შესაბამისად იმოქმედოს:

„ძალიან მარტივად გეტყვით: კონსტიტუციის 22-ე მუხლის მიხედვით, აქვს თუ არა ყველა მოქალაქეს უფლება გადაადგილდეს თავისუფლად? რატომ არ მიეცა ტარიელ ნაკაიძეს სოფელ სამთაწყაროში შესვლის და იქ თავისუფლად ლოცვის ნება? თქვენ ხართ სახელმწიფოს წარმომადგენლები და არ გაქვთ უფლება ვინმეს შეუზღუდოთ თუნდაც გადაადგილების უფლება“.

ყოფილი გამგებელი და ახლა უკვე რეგიონის გუბერნატორი მაშინდელ საყვედურს გაუმართლებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებაში ადგილობრივი მოსახლეობის აზრი იგნორირებული იქნა. შიოლაშვილის განცხადებით, ზოგიერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მას ეფექტური მუშაობისა და პრობლემის დროულად მოგვარებისთვის მადლობაც კი გადაუხადა.

„მე ვფიქრობ, რომ იმ პერიოდში არასამთავრობო ოგანიზაციების ნაწილი მიკერძოებულად მუშაობდა. სამთაწყაროს მოვლენების გამო, მე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მადლობის წერილები მივიღე. ერთი რამ ყველამ დაინახა: ის, რაც ხდებოდა სამთაწყაროში, ეს იყო ხელოვნურად დადგმული“.

იცნობენ თუ არა კახეთის ახალ გუბერნატორს რეგიონში? - ჩვენ ამ თემაზე მცირე გამოკითხვა ჩავატარეთ:

„ზოგადად ვიცი ვინც არის, მაგრამ მასზე რომ ვილაპარაკო, არ შემიძლია“.

„არ ვიცით, ვინ არის. არც სახელი და გვარი გაგვიგია მისი“.

„კი, ვიცი, ვინც არის, ტელევიზორში გამოაცხადეს, მაგრამ სახელი აღარ მახსოვს“.

„მეც ტელევიზორიდან გავიგე, წითელწყაროს გამგებლად მუშაობდაო და ახლა თელავში გადმოუყვანიათ“.

შეგახსენებთ, რომ გუბერნატორად დასახელებამდე ირაკლი შიოლაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლად 2012 წლის 28 ნოემბრიდან მუშაობდა. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილებიდან მოვიდა. ახალი გუბერნატორი 30 წლისაა. ჰყავს მეუღლე.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG