Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთი უკრაინას ნდობის მთავრობის ფორმირებისაკენ მოუწოდებს


ალექსანდრ ტურჩინოვ და კეტრინ ეშტონი
ალექსანდრ ტურჩინოვ და კეტრინ ეშტონი
ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეტრინ ეშტონი მოუწოდებს რუსეთს კეთილი მეზობელივით მოექცეს უკრაინას და ხელი არ შეუშალოს მას არჩეული გზით სიარულში. ამასთან, სამშაბათს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ეშტონი უკრაინის ახალ ხელმძღვანელობას „მტკიცე მხარდაჭერას“ დაჰპირდა, თუმცა ხაზი გაუსვა ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირების მნიშვნელობას:

„ჩვენ გვსურს რაც შეიძლება მალე ვიხილოთ ახალი მთავრობა. ცხადია, ის უნდა იყო ყველა მხარის მონაწილეობით შექმნილი და უნდა ჰქონდეს კომპეტენცია, რაც ძალიან აუცილებელი იქნება. მთავრობას უნდა გააჩნდეს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მოწესრიგების საიმედო გეგმა“.

კეტრინ ეშტონი დასავლეთის სამყაროს პირველი ლიდერია, რომელიც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩისათვის უფლებამოსილების მოხსნის შემდეგ ჩავიდა უკრაინაში. დღესვე კიევში ელოდებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ვილიამ ბერნსს, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე გამოუცხადებს მხარდაჭერას ქვეყნის ახალ ლიდერებს. უკრაინის პარლამენტის სხდომაზე კოალიციური მთავრობის საკითხზე კენჭისყრა სამშაბათს იყო დაგეგმილი, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ ალექსანდრ ტურჩინოვმა, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობასაც ითავსებს, კონსულტაციებისათვის დამატებითი დრო ითხოვა და კენჭისყრა ხუთშაბათისათვის გადადო.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კოალიციური მთავრობის დამტკიცება ახალ საპარლამენტო უმრავლესობასა და „ევრომაიდნის“ მემარჯვენე ძალებს შორის სამთავრობო პოსტების გადანაწილების საკითხში უთანხმოების გამო გადაიდო. კერძოდ, „მემარჯვენე სექტორის“, „თავდაცვის ძალებისა“ და წინააღმდეგობის მოძრაობის სხვა რადიკალური ნაწილის მოთხოვნაა, რომ მთავრობის წევრთა კანდიდატების საკითხი მათთან კონსულტაციებით შეთანხმდეს.

სახიფათო და კონტრპროდუქტიულია უკრაინისათვის არჩევანის თავსმოხვევის მცდელობა პრინციპით: ან ჩვენს მხარეს ხარ, ან ჩვენ წინაღმდეგ. ჩვენ დაინტრესებულნი ვართ, რომ უკრაინა საერთოევროპული ოჯახის წევრი იყოს, ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით...
სერგეი ლავროვი
ამასობაში კი დღეიდან უკრაინაში სტარტი აიღო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიამ. მასში მონაწილეობისათვის მზადყოფნა უკვე გამოთქვა პარტია „უდარის“ ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ, რომელმაც განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობის გამო არ აპირებს თანამდებობა დაიკავოს კოალიციურ მინისტრთა კაბინეტში.

ამასობაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას უკრაინაში ეწინააღმდეგება რუსეთი, რომელიც ოპოზიციას ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მოწესრიგების გეგმას კიევში 20 თებერვალს მოაწერეს ხელი ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა და ოპოზიციის ლიდერებმა.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კვლავ გაიმეორა, რომ არ აპირებს უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევას და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, პირადი კონტაქტები პოლიტიკური კონსენსუსისა და ქვეყანაში სიმშვიდის დასამყარებლად გამოიყენონ.

„სახიფათო და კონტრპროდუქტიულია უკრაინისათვის არჩევანის თავსმოხვევის მცდელობა პრინციპით: ან ჩვენს მხარეს ხარ, ან ჩვენ წინაღმდეგ. ჩვენ დაინტრესებულნი ვართ, რომ უკრაინა საერთოევროპული ოჯახის წევრი იყოს, ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა მოსკოვში ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან ასელბორნთან შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის ცნობით, ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი მიატოვა მისმა ერთ-ერთმა ყველაზე ახლო მოკავშირემ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი კლიუევმა, რომელიც, მისი პრესმდივნის თქმით, დაჭრილი უნდა იყოს მასზე უცნობი პირების თავდასხმის დროს. ცნობილი ოლიგარქი და იანუკოვიჩის გარემოცვის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოხელე იმ პირთა შორისაა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან სერიოზული სახელმწიფოებრივი დანაშაულის ჩადენაში. სამშაბათს უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა მიმართვა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი, რომელსაც უკრაინელი კანონმდებელი პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩისა და მთავრობის სხვა წევრების - შინაგან საქმეთა მინისტრ ვიტალი ზახარჩენკოს, გენერალური პროკურორის ვიქტორ პშონკას, სერგეი კლიუევისა და სხვა მაღალჩინოსნების - საქმეების გამოძიებას სთხოვს. ვიქტორ იანუკოვიჩის ადგილმდებარეობა კი დღემდე უცნობია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG