Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის რეკომენდაცია ერთი საპატიმროს პრობლემებზე


სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას ეხმაურება და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს. ომბუდსმენის აპარატის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში განხორციელებული არაგეგმური მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ დაწესებულებაში არსებული საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პირობები არღვევს პატიმართა უფლებებს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულება დახურული ტიპის დაწესებულებაა, იქ სასჯელს ე.წ. „კანონიერი ქურდები“ და კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პატიმრები იხდიან.

„რამდენიმე ფენა გისოსით დაფარული მცირე ზომის ფანჯრები ვერ უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას და ვენტილაციას, ხოლო დაწესებულებაში დამონტაჟებული სავენტილაციო სისტემა – სუფთა ჰაერის საკმარის მოძრაობას. პირველ სართულზე განლაგებული საკნები ნესტიანია და იმ პატიმრებს, რომლებსაც ფილტვების ტუბერკულოზი აქვთ გადატანილი, განმეორებით დაავადების საფრთხე ემუქრებათ.ცალკეული პატიმრების საცხოვრებელი საკნის ფართობი არ აკმაყოფილებს ეროვნული კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დადგენილ სტანდარტებს“, - ასე იწყება სახალხო დამცველის განცხადება, რომელიც არაგეგმური მონიტორინგის დასრულების შემდეგ გაავრცელა ომბუდსმენის ოფისმა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე რთულ საყოფაცხოვრებო და ჰიგიენურ პირობებზე ამახვილებს ყურადღებას:

პაატა ბელთაძე
პაატა ბელთაძე
„ასევე ამბობენ, რომ დაწესებულებაში არ არის სამრეცხაო, რის გამოც ხდება ტანსაცმლისა და სხვა თეთრეულის საკნებში გარეცხვა და გაშრობა. ასევე საერთო ჰიგიენური ნორმები არ არის სათანადოდ დაცული, კერძოდ, საუბარია საპარსი და ფრჩხილის საჭრელი საშუალებების ერთ ყუთში მოთავსებაზე, სადაც შესაძლებელია იყოს საშიშროება დაავადების გადამდები ინფექციების გავრცელებისა“.

ამასთან, როგორც პაატა ბელთაძე აღნიშნავს, პატიმრების უკმაყოფილებას იწვევს ასევე პატიმართა სავარაუდო ცემის ფაქტის გამო დროებით გათავისუფლებული დაწესებულების დირექტორის სამუშაოზე აღდგენა. მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში სასჯელს ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პატიმრები იხდიან და იქ მკაცრი რეჟიმია, ეს არ ნიშნავს, რომ ელემენტარული სტანდარტი არ იყოს დაცული, ამბობს სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე. მისივე სიტყვებით, ძნელია იმის თქმა, რომ ამ დაწესებულებაში არსებული პრობლემები სხვა დაწესებულებებსაც შეეხება, ვინაიდან, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონალური წარმომადგენელი ცირა ჭანტურიაც ამბობს, ეს შენობა საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორი იყო და არ იყო გათვლილი პატიმრების ხანგრძლივ მოთავსებაზე, ამასთან დაწესებულებაში ისედაც მკაცრი შინაგანაწესია, რაც გარკვეულწილად კიდევ უფრო ამძიმებს პატიმართა ყოფას:

„პრობლემების ნაწილი თვითონ ინფრასტრუქტურას უკავშირდება და ეს არ არის ჩვეულებრივი სასჯელაღსრულების დაწესებულება. ნაწილი გამომდინარეობს კანონმდებლობითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული შეზღუდვებიდან, იმიტომ რომ ეს არის მაღალი რისკის კონტინგენტი და, შესაბამისად, უსაფრთხოების ღონისძიებები უფრო მკაცრია. მაგრამ არის ისეთი პრობლემები, რომელიც მართლაც რომ მწვავედ დგას - იგივე ეს ვენტილაციის პრობლემა, იგივე ეს ტუბერკულოზიანი პატიმრების ჯანმრთელ პატიმრებთან მოთავსება. ამის გამართლება არანაირად არ შეიძლება“.
სტანდარტები, რომლებიც არსებობს, იგივე საკნის ფართობთან დაკავშირებით ერთ პატიმარზე და ა.შ., ჯერ კიდევ შორს არის სასურველი და არსებული სტანდარტებისაგან, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ამაზე ხელისუფლება სათანადო რეაგირებას მოახდენს...
არჩილ ჩოფიკაშვილი

ცირა ჭანტურია ვარაუდობს, რომ „პატიმრობის შესახებ კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, როცა პატიმრების კლასიფიკაცია მოხდება და ისინი დაბალი და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში გადანაწილდებიან, ის კონტინგენტი, რომელიც ახლა სასჯელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში იხდის, განთავსდება სწორედ მაღალი რისკის დაწესებულებაში და ალბათ ეს დაწესებულება გაუქმდება.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელი არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, ამ დაწესებულებაში არსებული ვითარების შედარება პენიტენციურ სისტემაში არსებულ სხვა დაწესებულებებთან შეუძლებელია. არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, მთლიანად ტენდენცია, საპატიმროებში არსებული ვითარების თვალსაზრისით, წინა ადმინისტრაციის პირობებში არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. მისი თქმით, ახლა, როცა პენიტენციური სისტემის მართვა დაშინებისა და ძალადობის მეთოდებისგან გათავისუფლდა, უკვე რეალურად შესაძლებელია საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, რასაც, პირველ რიგში, ფინანსური რესურსები დასჭირდება:

„სტანდარტები, რომლებიც არსებობს, იგივე საკნის ფართობთან დაკავშირებით ერთ პატიმარზე და ა.შ., ჯერ კიდევ შორს არის სასურველი და არსებული სტანდარტებისაგან, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ამაზე ხელისუფლება სათანადო რეაგირებას მოახდენს“.

სასჯელაღსრულების სამინისტროში ამბობენ, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში დასახელებულ პრობლემებს და რეკომენდაციებს შეისწავლიან და განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებენ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG