Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინას ახალი მთავრობა ჰყავს


არსენი იაცენიუკი
არსენი იაცენიუკი
უკრაინის პარლამენტმა ხუთშაბათს ქვეყნის ახალი მთავრობა დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრი გახდა არსენი იაცენიუკი, რომლის კანდიდატურასაც პარლამენტში დეპუტატების დიდი უმრავლესობა მიემხრო. კიევში, უკრაინის პარლამენტში ახალი მთავრობის შესახებ გამართულ კენჭისყრამდე, დილის საათებში, ყურადღების ცენტრში მოექცა ისევ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა: ცნობების თანახმად, შეიარაღებულმა პირებმა კონტროლი დაამყარეს ადგილობრივი პარლამენტისა და მთავრობის შენობებზე და მათზე რუსეთის დროშები აღმართეს.

არსენი იაცენიუკი - უკრაინაში პროევროპული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი - უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრია. უკრაინის პარლამენტმა ხუთშაბათს დაამტკიცა მისი და ახალი კოალიციური მთავრობის დანარჩენი წევრების კანდიდატურები, რის შემდეგაც ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

მანამდე, პარლამენტში პრემიერ-მინისტრად ნომინაციის შემდეგ, იაცენიუკმა დეპუტატებს მიმართა და ისაუბრა „არაპოპულარული“ გადაწყვეტილებების აუცილებლობაზე, უკრაინაში ეკონომიკური კრიზისის მოსაგვარებლად. მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად მან დაასახელა ევროკავშირსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ფინანსური დახმარების შესახებ მოლაპარაკების განახლება.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და ერთიანობას და ახალი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს და ყველა სამართლებრივ ზომას მიმართავს ყირიმში ვითარების სტაბილიზაციისათვის...
არსენი იაცენიუკი
მოგვიანებით გავრცელდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადება, რომ დელეგაციას გზავნის უკრაინაში, რომელმაც მიმართა მილიარდობით დოლარის დახმარების თხოვნით.

უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი, ბუნებრივია, შეეხო ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებასაც და ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა: „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და ერთიანობას და ახალი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს და ყველა სამართლებრივ ზომას მიმართავს ყირიმში ვითარების სტაბილიზაციისათვის და მთელი მსოფლიოსა და უკრაინის მეზობლების დასარწმუნებლად, რომ უკრაინა არის სუვერენული, ერთიანი ქვეყანა და დაუშვებელია სეპარატიზმი“.

უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების ფონია ინფორმაცია, რომ შეიარაღებული პირების ჯგუფი შეიჭრა ყირიმში, ადგილობრივი პარლამენტისა და მთავრობის შენობებში და მათზე რუსეთის დროშები აღმართა.

შეიარაღებული პირების ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტში შესვლას შეესწრო სიმფეროპოლის მკვიდრი, მაქსიმი. „შენობაში რა ხდება, ახლა არავინ იცის. მარტო ის დავინახეთ, როგორ დაიპყრეს შენობა. ჯერ 30-მდე შეიარაღებული პირი შევიდა. შენობაში შევიდნენ, რის შემდეგაც - როცა ის უკვე დაიპყრეს - მილიციელები გამოყარეს“, - უთხრა მაქსიმმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ კორესპონდენტს.

მოვუწოდებ რუსეთს, ნუ მიმართავს ზომებს, რომლებმაც შესაძლოა დაძაბულობა გაამწვავოს ან გაუგებრობა გამოიწვიოს. უკრაინის ახალ ხელმძღვანელობას მოვუწოდებ განაგრძოს ძალისხმევა ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის შესაქმნელად, რათა ასახვა პოვოს მთელი უკრაინელი ხალხის დემოკრატიულმა მისწრაფებებმა...
ანდერს ფოგ რასმუსენი
უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა ყირიმში ადგილობრივი პარლამენტის და მთავრობის შენობების დაკავებაში „სამხედრო ფორმებში ჩაცმული კრიმინალური ელემენტები“ დაადანაშაულა და რუსეთი გააფრთხილა, არ მიმართოს „სამხედრო აგრესიას“ ყირიმში. უკრაინაში პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადაყენების შემდეგ, როგორც ცნობილია, მზარდ შეშფოთებას იწვევს სეპარატისტული ტენდენციები ყირიმში, რომლის მოსახლეობის უმრვლესობასაც ეთნიკური რუსები შეადგენენ.

იანუკოვიჩს რაც შეეხება, ხუთშაბათს გავრცელდა უკრაინელებისადმი მისი წერილობითი მიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ იანუკოვიჩი თავს კვლავ უკრაინის კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად მიიჩნევს და რუსეთის ხელისუფლებას სთხოვს დაიცვას „ექსტრემისტების“ ქმედებებისაგან. მიმართვაში იანუკოვიჩი უკანონოს უწოდებს უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებულ ზომებს. მისივე თქმით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი და სამხრეთი რეგიონები არ შეურიგდებიან უკანონობას, როცა „მინისტრებს მოედანზე შეკრებილი ბრბო ირჩევს“. რუსეთის მედიის ცნობით, რუსმა ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობასაც არ ამხელენ, განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა თავის ტერიტორიაზე იანუკოვიჩის უსაფრთხოება უზრუნველყოს. რუსეთის საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან აგრეთვე, რომ იანუკოვიჩი პარასკევს რუსეთში, დონის როსტოვში გამართავს პრესკონფერენციას (ის თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება). რუსეთის მედიასაშუალებები, იანუკოვიჩთან დაახლოებული პირებისაგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით, იუწყებიან, რომ ეს იქნება იანუკოვიჩის პირველი საჯარო გამოსვლა კიევიდან გაქცევის შემდეგ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები დასავლეთის დიდ ინტერესს იწვევს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში ნატო-უკრაინის კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ნატო იყო და არის უკრაინის - სუვერენული, დამოუკიდებელი და ერთიანი უკრაინის - მეგობარი.

„მოვუწოდებ რუსეთს, ნუ მიმართავს ზომებს, რომლებმაც შესაძლოა დაძაბულობა გაამწვავოს ან გაუგებრობა გამოიწვიოს. უკრაინის ახალ ხელმძღვანელობას მოვუწოდებ განაგრძოს ძალისხმევა ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის შესაქმნელად, რათა ასახვა პოვოს მთელი უკრაინელი ხალხის დემოკრატიულმა მისწრაფებებმა. და მოვუწოდებ ყველა მხარეს, უკან დაიხიოს კონფრონტაციიდან, უარი თქვას პროვოკაციულ ქმედებებზე და დაუბრუნდნენ დიალოგის გზას“ - ეს განცხადება გააკეთა უკრაინის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
XS
SM
MD
LG