Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იფხიზლე, რომ არ გისმინონ


არასამთავრობო ორგანიზაციები აგრძელებენ კამპანიას „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“, რომლის მიზანია მკაცრი რეგულაციით შეიზღუდოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის მასშტაბები. კამპანიის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერენ მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტის სულისკვეთებას და კანონის მიღებით გააძლიერებენ ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის ხარისხს. სოციოლოგიური კვლევით ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ერიდება ტელეფონით როგორც პოლიტიკურად მწვავე, ასევე პირად საკითხებზე საუბარს.

კამპანიაში „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ უწყება მზად არის სამოქალაქო საზოგადოებასთან აწარმოოს დიალოგი ფარული მიყურადებისა და თვალთვალის პრობლემურ საკითხებზე. ალექსანდრე ჭიკაიძემ ეს განცხადება 6 მარტს გააკეთა:

განცდა გვაქვს, რომ აღნიშნული აპარატებისა და პრაქტიკის გამოყენება სწორედ შსს-ს ინტერესებს ემსახურება და არა მოქალაქეების ინტერესებს. ამას გვაფიქრებინებს ის გამოცდილება...
ნინო ლომჯარია
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკანონოდ არაფერი არ ხდება. მიმდინარეობს კონსულტაციები და ჩემთვისაც მისაღებია კონსულტაციები ამ საკითხზე და შევჯერდებით იმ ცვლილებაზე, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვისაც და საქართველოს მოქალაქეებისთვისაც“.

ალექსანდრე ჭიკაიძის ამ განცხადების მეორე ნაწილის პასუხად, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ არსებული ვითარება, როცა ტექნიკურად შესაძლებელია კანონის დარღვევით ფარული მიყურადება, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების ძალისხმევის გამო არ იცვლება:

„განცდა გვაქვს, რომ აღნიშნული აპარატებისა და პრაქტიკის გამოყენება სწორედ შსს-ს ინტერესებს ემსახურება და არა მოქალაქეების ინტერესებს. ამას გვაფიქრებინებს ის გამოცდილება, რომელიც მოწმეთა დაკითხვის წესის შეცვლის გადავადების სახით გვაქვს. ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ ამ პირობებში შს სამინისტრო კომფორტულად გრძნობს თავს“.

საქმე ის არის, რომ, როგორც ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, მობილური ოპერატორების ოფისებში დამონტაჟებული მოწყობილობების წყალობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძლია ერთდროულად მოუსმინოს და უთვალთვალოს, დაახლოებით, 21 ათასამდე ადამიანს:

„სურვილის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ არა მხოლოდ მოუსმინონ მოქალაქეებს, არამედ გაიგონ მათი ადგილსამყოფელი, ასევე მიიღონ მათი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. იმ შემთხვევაში კი, თუ მოქალაქეს გააჩნია ეგრეთ წოდებული სმარტ-ფონი, შსს-ს შეუძლია შეაღწიოს მათ პირად ფოსტაში და ასევე მიიღოს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ვებგვერდებზე შედის მოქალაქე თავისი მობილური ტელეფონის საშუალებით“.

შს მინისტრი საუბრობს კანონმდებლობის ცვლილებაზე. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე თემა არის არა მარტო კანონმდებლობის რეფორმა, არამედ იმ პრაქტიკის აღმოფხვრა, რომელიც მოქმედ კანონმდებლობასაც კი არ შეესაბამება...
ვახუშტი მენაბდე
ეკა გიგაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამგვარი შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა მოქალაქეთა პირად ცხოვრებაზე ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რომლის მონაწილე ქვეყანაც საქართველოა და რომლის მე-8 მუხლით გარანტირებულია ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება, თუმცა, როგორც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი ვახუშტი მენაბდე ამბობს, ერთია კანონმდებლობის დახვეწა და მეორე - არსებული პრაქტიკა, რომელიც დაუყოვნებლივ ცვლილებას საჭიროებს:

„შს მინისტრი საუბრობს კანონმდებლობის ცვლილებაზე. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე თემა არის არა მარტო კანონმდებლობის რეფორმა, არამედ იმ პრაქტიკის აღმოფხვრა, რომელიც მოქმედ კანონმდებლობასაც კი არ შეესაბამება, ანუ იმ დაბალ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობა გვთავზობს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გააცნობიეროს, რომ, ერთი მხრივ, პრაქტიკის ცვლილება, ხოლო, მეორე მხრივ, საკანონმდებლო სტანდარტების გაუმჯობესება მოიტანს პირადი ცხოვრების უფლების ხელშეუხებლობის დაცვას“.

პრაქტიკა კი, რომლის აღმოფხვრასაც კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვენ, მართლაც სავალალოა. წლების განმავლობაში მოქალაქეთა მასშტაბურმა თვალთვალმა, ფარულმა მიყურადებამ და შესაბამისი აუდიო-ვიზაულური მასალების გამოქვეყნებამ ღრმა კვალი დაამჩნია საზოგადოების ქცევას. ეკა გიგაურის თქმით, ამაზე მეტყველებს სოციოლოგიური კვლევის შედეგები:

„საქართველოს მოქალაქეების 69 % არ ისაუბრებს მობილურ ტელეფონებზე და არ განიხილავს პოლიტიკურად კრიტიკულ ინფორმაციას. ეს არის კვლევის ერთი შედეგი. და მეორე მნიშვნელოვანი ტენდენციაა ის, რომ 63 % არ ისაუბრებს მობილურ ტელეფონზე თავისი პარადი საკითხების შესახებ. ეს კვლევა ჩატარდა არჩევნების შემდეგ და ეს არის საგანგაშო მაჩვენებელი“.

ეკა გიგაურის თქმით, სრულად კვლევის შედეგები, სადაც ასახულია საზოგადოების განწყობები და ტენდენციები, მოგვიანებით გამოქვეყნდება. კამპანიაში „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ ჩართული ორგანიზაციები ასევე აპირებენ, საზოგადოების მობილიზების მიზნით, მოუწოდონ ყველა მოქალაქეს დათქმულ დროს, პროტესტის ნიშნად, ორი საათით გამორთონ მობილური ტელეფონები. კამპანიის ფარგლებში ასევე გამოცხადდება თემატური კონკურსი, რომელიც საუკეთესო ვიდეოჩანახატს გამოავლენს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG