Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმელი თათრების ლიდერს ნახევარკუნძულზე გაეროს სამშვიდობო ჯარის ჩაყენება სურს


ყირიმელი თათრები
ყირიმელი თათრები
არაოფიციალურ შეხვედრად იწოდება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც მოეწყო ლიტვის ინციატივით და რომელზეც ყირიმის საკითხი განიხილებოდა.

მუსტაფა ჯემილოვი ყირიმელ თათართა ვეტერანი ლიდერია, რომელიც საბჭოთა პერიოდში სხვაგვარად მოაზროვნეთა რიგებში იყო, უფლებებისთვის იბრძოდა და ამ მოძრაობის ისტორიაში ყველაზე დიდხანს - 303 დღის განმავლობაში - იშიმშილა. მან რადიო თავისუფლების პარტნიორ რადიოსადგურს - ამერიკის ხმას - განუცხადა, რომ ყირიმის ანექსიის გამო რუსეთზე არასაკმარისმა ზეწოლამ ნახევარკუნძულზე შეიძლება სისხლისღვრამდე მიგვიყვანოს.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ იმის გამო, რაც იქ შეიძლება მოხდეს და ამიტომაც ვითხოვე სამშვიდობო ჯარების შეყვანა. მაგრამ ამის მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ეს უნდა გადაწყვიტოს უშიშროების საბჭომ და იქ კი რუსეთს ვეტოს უფლება აქვს. მეორე ვარიანტია ნატოს ჯარების შეყვანა, როგორც ეს კოსოვოში მოხდა. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ნატო მხოლოდ მაშინ ერთვება, როცა დიდი რაოდენობის სისხლი იღვრება“.

ჯემილოვის თქმით, რუსეთისთვის აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები არასაკმარისია იმისთვის, რომ მოსკოვმა ყირიმი დატოვოს:
ჩვენს აღშფოთებას იწვევს, როცა რუსეთი მე-19 საუკუნის კატეგორიებით აზროვნებს: ერთ დროს დავიკავეთ ეს ტერიტორია და ამიტომ ის რუსული მიწააო. ეს ძალიან არაჯანსაღი მიდგომაა, რომელმაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოიტანოს...

„ვშიშობ, რომ აგრესორის წინააღმდეგ ახლა დაწესებული სანქციები იგივეა, რაც სპილოსთვის ნემსის ჩხვლეტა. ეს თუ ასეა, რუსეთი არ დატოვებს ოკუპირებულ ტერიტორიებს. თუ ასეთი მიდგომა დარჩა, უკრაინელები თავს მოტყუებულად იგრძნობენ. უკვე ჩნდება აზრი, რომ მოგვატყუეს და სასწრაფოდ უნდა დავიბრუნოთ ბირთვული სტატუსი“.

უფლებადაცვის ვეტერანმა, ყირიმელი თათრების ლიდერმა თავისი ხალხის პოზიცია გაიმეორა და თქვა, თათრები ყოველთვის იმას ემხრობოდნენ, რომ ნახევარკუნძული უკრაინისა ყოფილიყოო:

„ჩვენს აღშფოთებას იწვევს, როცა რუსეთი მე-19 საუკუნის კატეგორიებით აზროვნებს: ერთ დროს დავიკავეთ ეს ტერიტორია და ამიტომ ის რუსული მიწააო. ეს ძალიან არაჯანსაღი მიდგომაა, რომელმაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოიტანოს. არ არის ხალხის თვითგამორკვევის უფლების მიმართ პატივისცემა. ის, რაც მათ მოიგონეს, რომ ყირიმის ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება, აბსურდია, რადგან ყირიმელი ხალხი, როგორც ასეთი, არ არსებობს“.

გაეროს უშიშროების საბჭოს ეს არაოფიციალური შეხვედრა, როგორც ითქვა, ლიტვის ინციატივით გაიმართა. გაეროში ლიტვის ელჩის მოადგილემ რიტა კაზრაგიენემ განაცხადა, რომ ამ შეხვედრამ წევრებს პირველად მისცა შესაძლებლობა მოესმინათ ყირიმელი თათრების შეშფოთება მედიის მიკერძოებულობისა და უმცირესობათა უფლებების დაუცველობის გამო. რუსეთმა საბჭოს სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა. მოსკოვის წარმომადგენლობამ გაეროში განაცხადა, ასეთი შეხვედრა ვერ იქნება ობიექტური სურათის მაჩვენებელი, ის მიკერძოებული, პროპაგანდისტული შოუ იქნებაო. კაზრაგიენემ თქვა, რომ უშიშროების საბჭოს ბევრი წევრი ყირიმში რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევს და არც მის ანექსიას აღიარებს:
„გაეროს უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის წევრთა უმრავლესობის თანახმად, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა კვლავაც უკრაინის ნაწილია, რეფერენდუმი იყო უკანონო და ისინი მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“.

მუსტაფა ჯემილოვი ვეტერანი უფლებადამცველია, რომელმაც საბჭოთა ბანაკებში არაერთი წელი გაატარა. ის ექვსჯერ იყო ნასამართლევი სხვაგვარად მოაზროვნეთა უფლებადაცვის საქმეში აქტიურობის გამო.
XS
SM
MD
LG