Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუჟნიეკსი: საქართველომ უნდა გააუმჯობესოს სამართლის ადმინისტრირება და ტოლერანტობა


ნილს მუჟნიეკსი
ნილს მუჟნიეკსი
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით საქართველოში „ყველაზე საგრძნობი გაუმჯობესება აღინიშნა ციხეებში არსებული პირობებისა და [პატიმრებთან] მოპყრობის თვალსაზრისით“ - უთხრა ადამიანის უფლებათა სფეროში ევროსაბჭოს კომისარმა, ნილს მუჟნიეკსმა რადიო თავისუფლებას. ქართულ სამსახურთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მან დასძინა, რომ საქართველოს კვლავაც აქვს პრობლემები სამართლის ადმინისტრირებისა და უმცირესობების, განსაკუთრებით LGBTI პირთა უფლებების თვალსაზრისით. კომისარმა დღეს, სტრასბურგში გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ეყრდნობა მის მიერ საქართველოში მიმდინარე წლის 20-25 იანვრის ვიზიტის მსვლელობაში მოპოვებულ ინფორმაციას.

ანგარიშში ვკითხულობთ: „საქართველოში უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის გაძლიერების, თანასწორობისა და უმცირესობების უფლებათა დაცვის მიზნით“. ევროსაბჭოს ანგარიშში ასევე ნათქვამია: „წინასწარი დაკავების პრაქტიკაში კლება და სასამართლოების მიერ ბრალდებულთა გამართლების შემთხვევების გახშირება აჩენს განცდას, რომ შეცვლილია უწინდელი რეალობა, რომელშიც სასამართლოს გადაწყვეტილებები თითქმის ავტომატურად ასახავდა პროკურატურის წინადადებებსა თუ არგუმენტაციას. მაგრამ სასამართლოთა დამოუკიდებლობის გაძლიერების, და მათ საქმეში არამართებული ჩარევისგან მოსამართლეების დაცვის მიზნით კვლავაც სიფხიზლეა საჭირო. მოსამართლეების სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გადასინჯვა საამისოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა“.

კომისარი „მიესალმება ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებას“, თუმცა თვლის, რომ სასურველია დამატებითი ზომების გატარება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან საბრძოლველად და ქართულ საზოგადოებაში შემწყნარებლობის გასაძლიერებლად. ამ სფეროში გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის ერთ-ერთ ნათელ დასტურად ანგარიშში მოტანილია ძალადობა, რომელმაც შარშან 17 მაისს იფეთქა თბილისის ქუჩებში. „ხელისუფლებამ, საჯარო პირებმა და საზოგადოების ლიდერებმა ცალსახად უნდა განაცხადონ, რომ მხარს უჭერენ ადამიანის უფლებებსა და შემწყნარებლობას. ცხადად უნდა განიმარტოს, რომ LGBTI პირთა წინააღმდეგ ძალადობასთან შერიგება არ მოხდება“ - ვკითხულობთ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშში.
XS
SM
MD
LG