Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვნებათაღელვა ფარული მიყურადების უფლებასთან დაკავშირებით


საქართველოს პარლამენტში განიხილავენ კანონებში შესატან ცვლილებათა პროექტს, რომელიც უკანონო მიყურადებასა და თვალთვალზე გაძლიერებულ საკანონმდებლო კონტროლს ითვალისწინებს. ცვლილების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედების რეგულაცია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონიდან გადადადის სისხლის სამართლის კოდექსში. გარდა ამისა, მკაცრად განისაზღვრება ის დანაშაული, რომლის გამოძიების დროსაც შეიძლება გამოყენებული იქნეს მიყურადება და თვალთვალი. ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვერ თანხმდებიან ცვლილების იმ ნაწილზე, რომელიც, მიღების შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებს არ მისცემს საშუალებას ფარული მიყურადება და თვალთვალი სატელეკომუნიკაციო კომპანიების გვერდის ავლით განახორციელონ.

14 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცვლილებათა პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ფარული საგამოძიებო მოქმედების რეგულაციის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონიდან სისხლის სამართლის კოდექსში გადატანა ნიშნავს იმას, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა წარმოების უფლება მხოლოდ გამოძიების ოფიციალურად დაწყების შემდეგ ექნებათ. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტის, ლიკა საჯაიას თქმით, გარდა ამისა, ასევე შეიზღუდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების არეალი:

„აღარ იქნება შესაძლებელი ყველა დანაშაულზე ფარულად მოუსმინონ ადამიანს - მაგალითად, ველოსიპედის ქურდობისათვის. ამას ითხოვს ევროპული სტანდარტი, რომლის თანახმადაც, ჩამონათვალში უნდა იყოს მხოლოდ მძიმე დანაშაულის კატეგორია და ის დანაშაულები, რომლებიც განსაკუთრებით დიდ საფრთხეს შეიცავს საზოგადოებისათვის“.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ვადის დაწესებას, რასაც მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს. ლიკა საჯაიას თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიება დროში შეზღუდული არ არის, არანაირ სტანდარტში არ ჯდება ფარული მიყურადების ნებართვის გაცემა გამოძიების დასრულებამდე, ანუ, ფაქტობრივად, უვადოდ:

„კანონპროექტის მიხედვით, მაქსიმუმი არის 6-თვიანი ვადა და ისიც ბოლო ორი თვე მიყურადება შეიძლება მოხდეს მთავარი პროკურორის მიმართვის საფუძველზე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის განჩინებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პირთა წრე, ანუ ის, თუ ვის უსმენენ. ჩვენი პროექტის მიხედვით, ეს არის ან დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი, ან პირი, რომლის კომუნიკაციის საშუალებებსაც იყენებს დამნაშავე პირი“.

ცვლილება სამართალდამცავ ორგანოებს ავალდებულებს საგამოძიებო მოქმედებათა დასრულების შემდეგ შეატყობინოს ეჭვმიტანილ პირს, რომ მას უთვალთვალებდნენ, ამ უკანასკნელს კი ექნება გასაჩივრების უფლება. ცვლილებების მიღების შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებს ასევე ექნებათ ფარული მიყურადებითა და თვალთვალით მოპოვებული ჩანაწერების განადგურების ვალდებულება. ცვლილებათა ერთ-ერთი ავტორის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის თქმით, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს თითქმის ყველა ცვლილებას, თუმცა ღიად დარჩა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი.

„ის მუხლი, რომელიც მთლიანად კრძალავდა პირდაპირ წვდომას მობილური ოპერატორების სერვერებზე, ამოღებული იქნა და გარდამავალ დებულებაში ჩაიწერა ერთი საკითხი, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო კომისია უნდა შეიქმნას და ამ კომისიამ უნდა დაადგინოს, პირდაპირი წვდომა ექნებათ თუ არა საგამოძიებო ორგანოებს, თუ ე.წ. გასაღები ჩაბარდებათ მობილურ ოპერატორებს... ეს საკითხი დარჩა ღიად და ამას დაადგენს საპარლამენტო კომისია, რომელმაც უნდა დაასრულოს მუშაობა 2014 წლის ნოემბერში“, უთხრა ეკა გიგაურმა რადიო თავისუფლებას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კი, შალვა შავგულიძემ, განაცხადა, რომ საკითხი, თუ ვის ხელში უნდა იყოს ფარული ინფორმაციის წვდომის გასაღები, ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება და უფრო საფუძვლიან შესწავლას საჭიროებს. კითხვას, თუ ვის ხელში უნდა იყოს ეს გასაღები, სატელეკომუნიკაციო კომპანიებისა თუ შინაგან საქმეთა სამინისტროსი, შალვა შავგულიძემ ასე უპასუხა:

„თავიდან შევთავაზეთ, რომ ეს გასაღები გადასულიყო კომპანიების ხელში, მაგრამ გამოითქვა საშიშროება იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში ძნელი იქნება გაკონტროლება, რომ კერძო კომპანიებიდან არ გაჟონოს ინფორმაციამ, თუ ვის მიმართ ხორციელდება ფარული ღონსძიებები, რაც პრობლემებს შეუქმნის უშიშროების სამსახურს“.

შალვა შავგულიძის ამ არგუმენტებს მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებს საპარლამენტო ოპოზიცია, რომლის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის, თქმით, რისკების გასანეიტრალებლად საჭიროა სათანადო მექანიზმის შექმნა:

„საფრთხეები ყველა შემთხვევაში არსებობს, მათ შორის, მობილურ ოპერატორებთან მიმართებაშიც, თუმცა სახელმწიფო და კანონები იმიტომ არსებობენ, რომ ყველა ასეთი საფრთხე გავითვალისწინოთ და ჩავდოთ ისეთი ფილტრები, რომლებიც ამ საფრთხეებს თავიდან აგვარიდებს. ამას სჭირდება ერთიანი პოლიტიკური ნება, ამას სჭირდება ის, რომ შს სამინისტროდან წამოვიღოთ ეს ფუნქცია, დავუქვემდებაროთ მობილურ ოპერატორებს და შემდგომ შევქმნათ კანონმდებლობით ისეთი ბერკეტები, რომლებიც ამ საფრთხეებს თავიდან აგვარიდებს“.

კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც უკანონო მიყურადებასა და თვალთვალზე გაძლიერებულ საკანონმდებლო კონტროლს ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიმდინარე სასესიო კვირაში, სავარაუდოდ, 16 მაისს უნდა დაამტკიცოს. კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, პარლამენტის რეგლამენტში, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა, პერსონალური ინფორმაციის დაცვისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG