Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პარლამენტმა გადადო მსჯელობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე


ერაყის პარლამენტს 12 ივნისს უნდა ემსჯელა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ იმ ფონზე, როცა გრძელდება სუნიტი ექსტრემისტების შეტევა, მაგრამ კვორუმის არარსებობის გამო სხდომა გადაიდო.

მათ შორის, ვინც სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა, ძირითადად სუნიტთა და ქურთთა ფრაქციების წარმომადგენელი დეპუტატები იყვნენ. ეს ფრაქციები ეწინააღმდეგებიან შიიტი პრემიერ-მინისტრის ნური ალ-მალიქისთვის უფლებამოსილების გაფართოებას.

„ერაყისა და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოდ“ წოდებული, ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ჯგუფის წევრებმა 11 ივნისს კონტროლი დაამყარეს ქალაქ თიქრითზე, ერთი დღით ადრე კი მოსულს დაეპატრონნენ და თურქეთის 80 მოქალაქე აიყვანეს მძევლად.

ისინი აცხადებენ, რომ ახლა მათი იერიშის სამიზნე ბაღდადი გახდება.

ექსტრემისტულ ვებსაიტებზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელიც თითქოს ჯგუფის პრესმდივან აბუ მუჰამედ ალ-ადნანის ეკუთვნის. ის ამბობს, „ბაღდადისკენ დავიძვრებით, ვინაიდან იქ ანგარიში გვაქვს გასასწორებელიო“.

ამავე დროს, ადნანი იმუქრება, რომ მისი ჯგუფი სამხრეთ ერაყშიც დაეპატრონება შიიტთა წმინდა ქალაქებს, ქარბალასა და ნაჯაფს.

ერაყელი ქურთების სახალხო ლაშქრის - პეშმერგას - პრესმდივანმა იაბარ იავარმა 12 ივნისს განაცხადა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე, ნახევრად ავტონომიურ ქურთთა რეგიონის ლაშქარი მთლიანად აკონტროლებს ნავთობით მდიდარ ქალაქ ქირქუქს - მას შემდეგ, რაც ფედერალურმა არმიამ ქალაქში თავისი პოსტები დატოვა.

11 ივნისს გვიან საღამოს ბაღდადში კრიზისის თაობაზე საგანგებო შეხვედრა გამართეს ქვეყნის პოლიტიკური ფრაქციების ლიდერებმა, მათ შორის მალიქიმ და პარლამენტის სპიკერმა, სუნიტმა ოსამა ალ-ნუჯაიფიმ.

მალიქიმ „შეთქმულება“ უწოდა მოსულის ექსტრემისტების მიერ დაკავებას და პირობა დადო, რომ ქალაქზე კონტროლს ძალის გამოყენებით აღადგენს.

მალიქის თქმით, უნდა დაისაჯონ ის სამხედრო მეთაურები, რომლებმაც უკან დაიხიეს.

გავრცელებული ცნობებით, 10 ივნისს, როცა მოსულში ექსტრემისტები შეიჭრნენ, უსაფრთხოების ძალების წევრებმა ფორმები გაიხადეს და შეუერთდნენ ხალხის ნაკადს, რომელიც ქალაქიდან გარბოდა.

როგორც იუწყებიან, მოსული, რომლის მოსახლეობაც 2 მილიონს შეადგენს, 500,000-მდე ადამიანმა დატოვა.

ერაყში შექმნილ ვითარებაზე 12 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭოც იმსჯელებს.

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი ერაყის მიმართ სოლიდარობის გამოვლენის მოწოდებით გამოდის. 11 ივნისს ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე ის მოსულის საკონსულოდან თურქეთის დიპლომატების გატაცების ფაქტსაც შეეხო: „ერაყის და, უფრო ზოგადად, მთელი რეგიონის ქვეყნების მთავრობებს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას მოვუწოდებ გაერთიანდნენ, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ და ყველაფერი გაკეთდეს საიმისოდ, რომ ეს დიპლომატები რაც შეიძლება მალე უვნებლად განთავისუფლდნენ“.

თეთრი სახლის განცხადებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარება ბოლო 24 საათის განმავლობაში გაუარესდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ ადგილზე ვითარება „ძალიან მძიმედ“ შეაფასა. მისი თქმით, ვაშინგტონი ერაყს განახლებულ დახმარებას გაუწევს ექსტრემისტებთან ბრძოლაში, თუმცა დახმარების ფორმები არ დაკონკრეტებულა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ჯიჰადისტი მებრძოლების წარმატება მკაფიო ნიშანია, რომ 2003 წელს ერაყში აშშ-ის ხელმძღვანელობით შეჭრამ „სრული მარცხი“ განიცადა.

„ერაყის ერთიანობას საფრთხე ემუქრებაო“, დასძინა ლავროვმა.

„ერაყისა და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოდ“ წოდებული ჯგუფის მებრძოლებს იანვრის შემდეგ დაკავებული აქვთ ანბარის პროვინციის დედაქალაქ რამადის ნაწილი და ახლოს მდებარე ქალაქ ფალუჯის დიდი მონაკვეთი.

ჯგუფს, რომელიც ასევე აკონტროლებს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ალ-რაყას პროვინციას, საზღვრის ორ მხარეს ისლამური რესპუბლიკის დაარსება სურს.
XS
SM
MD
LG