Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

თხილის მავნებლებთან ბრძოლა გლეხს თავად უწევს


სექტემბერი ის თვეა, როცა გლეხს თხილის მოსავალი უკვე აღებული აქვს და რეალიზაციას იწყებს. წლის ამ პერიოდს სამეგრელოში განსაკუთრებულად ელოდებიან, რადგან ოჯახების მთავარი შემოსავალი სწორედ თხილის რეალიზებით მიღებული თანხაა. გლეხების მოლოდინი, რომ მოსავლის რეალიზებას სარფიანად შეძლებდნენ, არ გამართლდა. სამეგრელოს მუნიციპალიტეტების ნაწილში - მეტწილად კი ზუგდიდში - თხილის კულტურაზე გავრცელებულმა სხვადასხვა სახის მავნებლებმა და დაავადებებმა მოსავალი გააფუჭა, რამაც მასზე ფასის კლება გამოიწვია.

„ხალხმა თხილი შემოინახა, რაღაც სესხები აიღო და დარჩა ახლა ეს თხილი“, - ამბობს ზუგდიდის სოფელ კახათში მცხოვრები ნატრული აკობია.

გადმოწერა

თხილის დაბალი ხარისხის გამო რომ მისი რეალიზაციის პრობლემები იყო, ამაზე გლეხები რადიო თავისუფლებასთან ჯერ კიდევ აგვისტოში ლაპარაკობდნენ. მას შემდეგ მიმღებ პუნქტებში თხილის ფასმა კიდევ უფრო დაიკლო. თუ კილოგრამი 3-დან, ხარისხის მიხედვით, 6 ლარამდე მერყეობდა, ახლა 1 ლარიდან იწყება. გლეხები ამბობენ, რომ ვიზუალური დათვალიერებით მარცვალი ნორმალურია, თუმცა გატეხის შემდეგ ჩანს, რომ გული უვარგისია - დამპალია ან თეთრი სოკოვანი დაავადება აქვს.

„თქვეს, რომ თხილის ავადმყოფობა არისო. მეც ჩემს თხილს შევამჩნიე. იცით, როგორია? აი, თოვლივით ადევს, თეთრი ლაქაა. არ შემიწამლია. უცბად გაჩნდა და ვერ მოვახერხე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სოფელ აბასთუმანში მცხოვრებმა მაია ბუკიამ.

„გარედან კარგია, მაგრამ შიგნით არ ვარგა, გული დამპალია. შესახედავად კარგია, მაგრამ ნახევარზე მეტი დამპალია. გუშინ, მაგალითად, თხილი არ ჩაიბარეს, დაიწუნეს“, ამბობს კახათელი ნელი აბრალავა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ შეატყობინეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს. ანალოგიურ განცხადებას აკეთებს გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი ლერი დოჩია. მისი სიტყვებით, რამდენჯერმე მიმართეს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც ამ ეტაპზე არ ჩათვალა საჭიროდ საკარანტინო მდგომარეობის გამოცხადება, ამიტომ, მისი თქმით, თვითონ ფერმერებმა უნდა უზრუნველყონ თავიანთ ნაკვეთებში ამ სამუშაოების შესრულება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ თბილისში ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა მიზეზი, თუ რატომაც არ გამოცხადდა კარანტინი:

„ჩვენ ვალდებულება გვაქვს განვახორციელოთ საკარანტინო ორგანიზმების მიმართ ღონისძიებები, ანუ ისეთი ორგანიზმების წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში არ არსებობს ან შეზღუდულად არის გავრცელებული. თხილის 90 % საქართველოში განთავსებულია საკარმიდამო ნაკვეთებში. იქ ტექნიკის გამოყენება ფართომასშტაბიანი შეწამვლისთვის შეუძლებელია. თითოეულმა მოსახლემ თვითონ უნდა განახორციელოს აგროტექნიკით გათვალისწინებული ღონისძიებები თხილზე“.

ზუგდიდის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ მომავალი წლისთვის მუნიციპალიტეტის მიერ იგეგმება გარკვეული ღონისძიებები და აღმოიფხვრება ეს პრობლემა ისე, როგორც ეს წინა წლებში ე. წ. ამერიკულ თეთრ პეპელაზე მოხდა. გამგეობაში აცხადებენ, რომ დაავადებებისა და მავნებლების გავრცელების შემთხვევაში გლეხმა ადრე გაზაფხულზე ბაღები უნდა შეწამლოს სპეციალური ხსნარით, B 58-ით, მოჭრას დაზიანებული ტოტი და გაანადგუროს.

თავის მხრივ, გლეხები ამბობენ, რომ საკუთარი ძალებით მავნებლებთან ბრძოლა დიდი მასშტაბის პლანტაციებში შეუძლებელია, მით უფრო მაშინ, როცა გლეხმა სათანადოდ არ იცის რა პერიოდში და რამდენჯერ უნდა ჩაატაროს პრევენციული სამუშაოები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG