Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტილერსონს სენატში ფუნდამენტური მოსმენა ელოდება


რექს ტილერსონი და ვლადიმირ პუტინი
რექს ტილერსონი და ვლადიმირ პუტინი

11 იანვარს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოუსმენენ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილ კანდიდატს, რექს ტილერსონს. მიუხედავად იმისა, რომ „ექსონ მობილის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა რამდენიმე რესპუბლიკელი სენატორი უკვე მიიმხრო, ვარაუდობენ, რომ ნავთობკომპანია „ექსონ მობილის“ ყოფილ ხელმძღვანელს არაერთ მწვავე შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, რუსეთის მისამართით გამოთქმული იმ შეფასებების გამო, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ვაშინგტონის საგარეო კურსთან.

გადმოწერა

ოპონენტებს მხედველობაში აქვთ ტილერსონის ხანგრძლივი ურთიერთობა რუსეთის პრეზიდენტთან, რაც საყოველთაოდ არის ცნობილი.

„ასე რომ, ვლადიმირ პუტინთან ჩემი ურთიერთობა 15 წელიწადს ითვლის. მას ვიცნობ 1999 წლიდან და მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაკავშირებს. არ ვეთანხმები ყველაფერს, რასაც ის აკეთებს. არ ვეთანხმები ყველაფერს, რასაც ბევრი ლიდერი აკეთებს, მაგრამ მას (პუტინს) ესმის, რომ მე ბიზნესმენი ვარ“, - განაცხადა რექს ტილერსონმა გასული წლის თებერვალში ოსტინში, ტეხასის უნივერსიტეტში, სიტყვით გამოსვლისას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა რექს ტილერსონმა, რომელიც ხელმძღვანელობდა მსხვილ ამერიკულ ნავთობკომპანიას, „ექსონ მობილს“, კომპანიის საქმიანობა განავრცო რუსეთში, სადაც 2012 წელს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელშეწყობით, სახელმწიფო კომპანია „როსნეფტთან“ ერთად ხელი მოაწერა ისტორიულ გარიგებას. 700 მილიონი დოლარის ხელშეკრულება არქტიკაში არსებული ნავთობის საბადოების ერთობლივ ათვისებას ითვალისწინებდა. ტილერსონი არ მალავს, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს კომპანია „როსნეფტის“ ხელმძღვანელ იგორ სეჩინთან, რომელიც იმ პირთა შორისაა, რომლებზეც ყირიმის ანექსიის გამო შემოღებული სანქციები ვრცელდება. მიუხედავად ოფიციალური პოზიციისა, წარსულში რექს ტილერსონმა არაერთხელ გააკრიტიკა სანქციები და მათ არაეფექტური უწოდა. შესაბამისად, რუსეთში დიდ იმედებს ამყარებენ სახელმწიფო მდივნად ისეთი კანდიდატის დანიშვნაზე, ვისაც ასეთი მჭიდრო ურთიერთობა აქვს კრემლსა და პუტინთან დაახლოებულ ბიზნესთან.

„ვთვლი, რომ ეს ჩვენთვის სასარგებლო დანიშვნა იქნება. არ ვაპირებ ყოველივე ამის გაზვიადებას, მაგრამ სრულიად ნათელია, რომ ბიზნესმენი უფრო ახლობელი და გასაგებია პუტინისათვის, რადგან თავისი ბუნებით პუტინიც უფრო მეტად ბიზნესმენია, ვიდრე პოლიტიკოსი. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, მოლაპარაკება უფრო იოლი იქნება,“, - განაცხადა ენერგეტიკული უსაფრთხოების სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელმა კონსტანტინ სიმონოვმა რადიო თავისუფლების რუსულენოვან ტელეგადაცემა „ნამდვილ დროსთან“ ინტერვიუში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატის, რექს ტილერსონის, პირადი ურთიერობა ვლადიმირ პუტინთან, გავრცელებული ინფორმაციით, არაერთი გავლენიანი ამერიკელი სენატორის შეშფოთებას იწვევს.

„ჩემს შეშფოთებას იწვევს ის, რომ მას ასეთი ახლო ურთიერთობა აქვს ვლადიმირ პუტინთან და აშკარაა, რომ მათ ერთობლივი დიდი გარიგებებიც ჰქონდათ, რაც ვლადიმირ პუტინისა და რუსეთიდან მომავალი საფრთხის მიმართ მის დამოკიდებულებაზეც აისახება“, - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა 11 დეკემბერს ტელეკომპანია „სი-ბი-ესთან“ ინტერვიუში.

თუმცა, როგორც ზემოთ ითქვა, 11 იანვრისათვის აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში დაგეგმილ მოსმენამდე ტილერსონმა რამდენიმე რესპუბლიკელი სენატორი უკვე მიიმხრო. კომიტეტის თავმჯდომარემ ბობ კორკერმა ტილერსონი დაახასიათა როგორც „ძალიან მეინსტრიმული“, აშშ-ის საგარეო პოლიტიკური აზროვნების თვალსაზრისით. სწორედ კორკერის კომიტეტს ევალება ტილერსონის მოსმენა 11 იანვარს, ვიდრე მას სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე დაამტკიცებენ. სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ რუსეთის მიმართ აშშ-ის მყარ პოლიტიკას ტილერსონი გაუძღვეს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG