Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი: გაფიცვის უფლების შეზღუდვა საშიში პრეცედენტია


მეტროს მემანქანეებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია. თბილისი, 2018 წლის 22 მაისი
მეტროს მემანქანეებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია. თბილისი, 2018 წლის 22 მაისი

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლოს მიერ თბილისის მეტროს მემანქანეებისთვის გაფიცვის უფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვა ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არღვევს გაფიცვის უფლების არსს. თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანიის მიმართვის საფუძველზე, მეტროს პროფკავშირს, „ერთობა 2013“-ს ერთ თვეში ორჯერ შეუზღუდა სამუშაო საათებში გაფიცვის უფლება - 3 მაისს ერთი თვით, 21 მაისს კი განუსაზღვრელი ვადით. სახალხო დამცველმა 23 მაისს განაცხადა, რომ სამუშაო საათების შემდეგ შრომითი ვალდებულებები დასაქმებულებს არც ეკისრებათ, ამიტომ სამუშაო საათების შემდეგ გაფიცვაზე საუბარი სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია. გარდა ამისა, ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“ გაფიცვის მხოლოდ ერთჯერადად, მაქსიმუმ 30 დღით გადადების შესაძლებლობას ითვალისწინებს. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ორგანული კანონი უფრო მაღალი სამართლებრივი ძალის მქონე აქტია და შეიცავს სპეციალურ ნორმებს უშუალოდ გაფიცვის საკითხზე, თუმცა, მასზე სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა და მიღებული გადაწყვეტილებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა გაფიცვის პრაქტიკული რეალიზება. ომბუდსმენის შეფასებითვე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შრომითი უფლებებისთვის საზიანო და საშიში პრეცედენტია.

თბილისის მეტროს მემანქანეები არ აპირებენ დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას და სამი ივნისიდან აპირებენ საგაფიცვო რეჟიმზე გადასვლას. ამის შესახებ პროფკავშირის, „ერთობა 2013“-ის წარმომადგენლებმა 22 მაისს განაცხადეს მეტროს სადგურ „რუსთაველთან“ გამართულ საპროტესტო აქციაზე. მემანქანეები მოითხოვენ შრომის საათობრივი აზაღაურების გაზრდას 7-დან 10 ლარამდე. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, რომ ხელფასის გაზრდის საბიუჯეტო რესურსი არ არსებობს.

XS
SM
MD
LG