Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში საპროტესტო აქცია დასრულდა


ქალაქ გორის მერიასთან დასრულდა საპროტესტო აქცია, რომელსაც მართავდნენ 6 ივლისს გარდაცვლილი, სოფელ ხელთუბნის მცხოვრები თორნიკე მერებაშვილის მამა, მერაბ მერებაშვილი და მისი მხარდამჭერები. მერაბ მერებაშვილმა სამართალდამცავებს ორკვირიანი ვადა მისცა მისი შვილის მკვლელობის ობიექტურად გამოძიებისთვის. "თუ არ იქნება დამნაშავე დაჭერილი, უარესი აქცია იქნება, დღე და ღამე გავმართავთ გორშიც და თბილისშიც, რომ მივაღწიო რომ დამნაშავე იყოს დასჯილი. მე სხვა არაფერი მამოძრავებს" - განუცხადა რადიო თავისუფლებას მერაბ მერებაშვილმა. მის მხარდასაჭერად გორში ჩავიდნენ ზაზა სარალიძე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ელისო კილაძე. აქციის დასრულების შემდეგ მერაბ მერებაშვილმა განაცხადა, რომ თბილისში მიემგზავრება და პარლამენტთან შეუერთდება სარალიძის და მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციას.

18 წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მერაბ მერებაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლეს და პოლიცია მკვლელს ხელს აფარებს.

დღეს შსს-მ განაცხადა, რომ „საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხულია 137 პირი. თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად - კერძოდ, იყო თუ არა პიროვნების სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით თუ რაიმე სხვა გარემოებით, დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG