"ერთი წელია ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ შეიძლება უვადოდ დანიშვნები გაგრძელდეს ისე, როგორც გრძელდება. იუდა ისკარიოტელიც რომ გამოვიდეს გასაუბრებაზე, სრული შესაძლებლობა აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ ის დანიშნოს მოსამართლედ უვადოდ. ეს სიტუაცია ძალიან დიდი ხანია საგანგაშოა. რა თქმა უნდა, უვადოდ დანიშვნები უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ არ იქნება რეალური რეფორმა საბჭოსი და უვადოდ დანიშვნის პროცედურები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ განვაახლოთ უვადოდ დანიშვნები იმისთვის, რომ სუფთა და ახალი ხალხი შევუშვათ სასამართლო სისტემაში", - უთხრა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც მან და საბჭოს მეორე არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა სასამართლოს რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა დატოვეს. შეხვედრა მათ პროტესტის ნიშნად დატოვეს.
სასტუმრო "რედისონში" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით27 იანვარს, დილის 10 საათიდან იმართება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობენ საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ. შეხვედრის პარალელურად სამოქალაქო სექტორმა აქცია გამართა სასტუმროს წინ. ისინი სასამართლოს კლანისგან გათავისუფლებას მოითხოვდნენ.