Accessibility links

კვლავ მძიმეა მოზარდის მდგომარეობა, რომელიც დაზიანებული რეანომობილით გადაიყვანეს


სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაალ კაპანაძის ინფორმაციით, ერთი თვის წინ, ამბროლაურში მომხდარი ფაქტის თაობაზე, რომელმაც, სავარაუდოდ, 16 წლის ლუკა ფოფხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება გამოიწვია, რამდენიმე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა:

„ჩვენი სააგენტოს მხრიდან შემოწმება განხორციელდა. რამდენიმე ეტაპია გავლილი. პირველ ეტაპზე, ბავშვი კლინიკაში მოათავსეს, შემდეგ რეანომობილით გადაიყვანეს, შემდეგ ქუთაისის საავადმყოფოს ინტენსიურში. ჩვენი მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე დაწესებულების, რამდენიმე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი, რაც პროფესიული განვითარების საბჭოზე გავა. შესაბამისად, ეს საბჭო იმსჯელებს, თუ რა პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“, - აცხადებს ზაალ კაპანაძემ.

16 წლის ლუკა ფოფხაძე ერთი თვეა ქუთაისის სადიაგნოსტიკო ცენტრში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. 16 წლის მოზარდი, რომელიც ამბროლაურში ისვენებდა, ვირუსული ნეიროტოქსიკოზის ნიშნებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ამბროლაურის საავადმყოფოში 20 ივლისს, გამთენიისას მიიყვანა. ლენტეხიდან გაგზავნილ რეანომობილში, რომელიც ლუკას ოჯახის წევრების თქმით, არ იყო სათანადოდ აღჭურვილი.

ლუკას მამიდა, ფატი ფოფხაძე, რომელიც მოზარდს რეანომობილში ახლდა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ რეანომობილში დამონტაჟებული აპარატურა ნაქერალას უღელტეხილზე მწყობრიდან გამოვიდა, გამოილია ჟანგბადი და ბავშვს გული გაუჩერდა. მისივე თქმით, ერთი თვის თავზე, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კვლავ მძიმეა.

„ისევ ქუთაისის საავადმყოფოში რჩება ბავშვი. იქნებ რაიმე წინსვლა იყოს, რომ თბილისში ტრანსპორტირება მოვახერხოთ. ამ ეტაპზე, ბავშვის სასიცოცხლო ფუნქციებს ინარჩუნებს. თუკი აქამდე ექიმები ამბობდნენ, რომ ლუკას მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, დღეს ამბობენ, რომ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა, ჯერ გადმოყვანას მაინც ვერ ვახერხებთ“.

ლუკას შემთხვევის შემდეგ, 5 აგვისტოს, ამბროლაურს, დაუყოვნებელი რეაგირებისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანომობილი გადაეცა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, რეგიონებიდან პაციენტების ტრანსპორტირების გართულების შემთხვევების პრევენციის მიზნით გეგმა შედგება, სამოქმედო გეგმის დასახვა კი უკავშირდება უკანასკნელი კვირების განმავლობაში რეგიონებიდან პაციენტების ტრანსპორტირების გართულებულ შემთხვევებს.

ამბროლაურისა და ონისთვის რეანომობილის გადაცემის მოთხოვნით 29 ივლისს მოქალაქეთა ჯგუფმა პეტიცია გაავრცელა. პეტიციის ავტორები წერდნენ, რომ სწორედ სხვა რაიონიდან გამოძახებული რეანომობილის დაგვიანებამ გაართულა 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG