Accessibility links

რეანომობილი, რომელმაც ლუკას სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო


16 წლის ლუკა მეთორმეტე დღეა სიცოცხლისთვის იბრძვის ქუთაისის დიაგნოსტიკურ საავადმყოფოში. იქ მოსახვედრად ლუკამ გრძელი, უფრო ზუსტად კი ხანგრძლივი გზა გაიარა. ამბროლაურში დასასვენებლად ჩასული მოზარდი, 20 ივლისს, დილის 6:15 წუთზე, ვირუსული ნეიროტოქსიკოზის ნიშნებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანა.

ბიჭი საავადმყოფოში შეყვანიდან 10 წუთში ხელოვნური მართვის სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და ქუთაისში ტრანსპორტირებისათვის რეანომობილი გამოიძახეს. ამბროლაურის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი ეკა მურუსიძე ამბობს, რომ კატასტროფის ბრიგადის მოსვლამდე, ექიმებმა ბიჭის სასიცოცხლო მაჩვენებლები დაასტაბილურეს და არაფერი მოასწავებდა იმას, რომ მოზარდის მდგომარეობა უნდა დამძიმებულიყო.

ლუკასთვის რეანომობილი ლენტეხიდან წამოვიდა. რადგან ამბროლაურში რეანომობილი არ არის. რეანომობილმა რაჭაში გამოძახებიდან დაახლოებით ორ საათში ააღწია. დამატებით კიდევ ორი საათი დასჭირდა ბიჭის რეანომობილში გადაყვანასა და მიმღებ კლინიკასთან შეთანხმებას. ლუკამ ამბროლაურის საავადმყოფო 10:40 წუთზე დატოვა. რეანომობილში ბიჭთან ერთად ჩაჯდა მისი მამიდა, სასწრაფოს ექიმი ფატი ფოფხაძე.

ფატი ფოფხაძე, რომელიც სასწრაფო დახმარების ექიმად 15 წელია მუშაობს, რადიო თავისუფლებას უყვება იმ დეტალების შესახებ, რომელმაც მისი თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესი დამძიმება გამოიწვია. მისი სიტყვებით, რეანომობილში დამონტაჟებული აპარატურა ნაქერალას უღელტეხილზე მწყობრიდან გამოვიდა. გამოილია ჟანგბადი და ბავშვს გული გაუჩერდა. ფატი ფოფხაძე იმასაც ამბობს, რომ ლენტეხიდან ჩამოსულ რეანომობილს თან მოჰყვა არა რეანიმატოლოგი, არამედ რიგითი ექიმი:

„მანქანა არ გაფუჭებულა. მწყობრიდან გამოვიდა კუსტარულად დამონტაჟებული აპარატურა. ექიმი თავიდანვე ანერვიულებული იყო, ეშინოდა ბავშვის ტრანსპორტირება. ვუთხარი, შეტყობინება რომ შემოვიდა და გაიგეთ, რომ პაციენტი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ნეიროგენული შოკით, როგორ გაბედეთ რიგითმა ექიმმა ასეთი პაციენტის ტრანსპორტირებაზე დათანხმება-მეთქი. რეანომობილში ჩასხდომიდან მალევე ჟანგბადის ნაკლებობაზე დაიწყეს ლაპარაკი. პანიკაში ჩავვარდი, მაგრამ მაწყნარებდნენ, არა, გვეყოფაო. ვერ მომატყუებდნენ, შევატყვე, რომ აპარატურა არ იყო მწყობრში, ბალონები არ იყო ბოლომდე დატენილი. ბავშვს არ მიეწოდებოდა ჟანგბადი, მონიტორზე იყო არასწორი ციფრები, ამან გამოიწვია ბავშვის ფილტვ-გულის გაჩერება. ექიმ-რეანიმატოლოგმა, რომელიც ამბროლაურიდან გამოგვყვა მანქანით, გულის მასაჟის გაკეთება დაიწყო. ნაქერალადან ტყიბულში ჩასასვლელად 15 წუთი დაგვჭირდა. ამ დროის განმავლობაში ბავშვის ტვინი უჟანგბადოდ დარჩა და ბიჭი ტყიბულის საავადმყოფოში, ფაქტობრივად, მკვდარი მივიყვანეთ. ტყიბულში ბავშვს ელექტრო-შოკი გაუკეთეს და გული ამუშავდა“.

ლუკას გადასაყვანად ამჯერად ქუთაისიდან გამოიძახეს რეანომობილი. რეანომობილმა დაიგვიანა:

„ქუთაისიდან ტყიბულში რეანომობილის ჩამოსვლას სამი საათი დასჭირდა, არადა ერთი საათის გზაა. მოვიდა ექიმი, ნახა ბავშვი და თქვა, ტრანსპორტირებას აზრი არ აქვს, მკვდარიაო. არადა, ბავშვი მას მერე მეთორმეტე დღეა ინარჩუნებს სასიცოცხლო ფუნქციებს და სტაბილურად მძიმე მდგომარეობას. ჩვენი ძალდატანებითა და წივილ-კივილით გადაიყვანეს ქუთაისში, ქუთაისის სადიაგნოსტიკო ცენტრში. დღესდღეობით ლუკა სასიცოცხლო მონაცემებს ინარჩუნებს, თუმცა, ექიმები სანუგეშოს ვერაფერს ამბობენ“, - ამბობს ლუკას მამიდა, ფატი ფოფხაძე.

16 წლის მოზარდის შემთხვევასთან დაკავშირებით, 25 ივლისს განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ. სააგენტოს განმარტებით, პირველადი მოკვლევით გამოვლინდა, რომ კერძო კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები. კერძოდ, სრულყოფილად ვერ ხდებოდა პაციენტის აპარატურული უზრუნველყოფა, რაზეც სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.

რაც შეეხება ექიმების პასუხისმგებლობას, სააგენტოს ინფორმაციით, სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, რეგულირების სააგენტო კანონით განსაზღვრულ ფარგლებში დააყენებს არამხოლოდ ექიმების, არამედ კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებების პასუხისმგებლობის საკითხს.

თუკი ლუკას მამიდის მონათხრობს, ამბროლაურის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის მონათხრობსა და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, მაშინ ჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ლუკა ქუთაისის კლინიკამდე დროულად, გამართული რეანომობილითა და რეანიმატოლოგის თანხლებით რომ გადაეყვანათ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ასე არ დამძიმდებოდა.

ლუკას ამბავი, სამწუხაროდ, არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც რეანომობილის არ არსებობისა და დაგვიანების გამო, რაჭაში პაციენტებს ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეექმნათ, იყო გარდაცვალების შემთხვევაც.

რაჭამ რეანომობილის მოთხოვნა ამჯერად პეტიციის დახმარებით გადაწყვიტა. 29 ივლისს ინტერნეტში გავრცელდა პეტიცია - „რეანომობილი რაჭას“. პეტიციის ავტორი ეთო არსანიძე ამბროლაურის მკვიდრია. რამდენიმე წლის წინ, როდესაც მის ოჯახს რეანომობილი დასჭირდა, მისი დროული მოძიება პრობლემად ექცათ. ლუკას ამბავი გახდა დამატებითი ბიძგი იმისათვის, რომ ამბროლაურელებმა და ონელებმა რეანომობილების მოთხოვნა გადაწყვიტეს:

„წლებია ეს პრობლემა გვაქვს. ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა და იყო გარდაცვალების შემთხვევებიც. ამიტომ მეგობრების ჯგუფმა გავაკეთეთ პეტიცია, რომ იქნებ, როგორმე მივაწვდინოთ ხმა იმ ადამიანებამდე, ვისაც შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება. ლენტეხიდან, თერჯოლიდან, ქუთაისიდან რეანომობილის ჩამოსვლას დიდი დრო სჭირდება. არადა, ასეთ დროს, ხშირად წუთები და წამებია გადამწყვეტი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი საავადმყოფოები არ არის სათანადოდ აღჭურვილი და ხშირად, ექიმებს შიშველი ხელებით უწევთ დიაგნოზის დასმა. ამ პეტიციის გავრცელების შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ძალიან ბევრი ადამიანია დაზარალებული ამბროლაურსა და ონში იმის გამო, რომ მათთან დროულად ვერ მივიდა რეანომობილი. ასევე ძალიან ხშირად, ხალხი უარს ამბობს რაჭაში დასასვენებლად ჩამოსვლაზე სწორედ იმის გამო, რომ ეშინიათ, რამე რომ გაუჭირდეთ, შესაბამის დახმარებას ვერ მიიღებენ“, - ამბობს ეთო არსანიძე.

მუნიციპალიტეტისთვის რეანომობილის გამოყოფის მოთხოვნით არაერთხელ მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს ამბროლაურის მერიამ. დავით მხეიძე, ამბროლაურის მერი ამბობს, რომ უწყებისგან ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ. მისივე თქმით, მთავარი პრობლემა არა თავად ავტომობილის, არამედ რეანიმატოლოგების სიმცირეა: „მსგავსი სპეციალისტები ადგილზე არ გვყავს და ალბათ სურვილსაც არავინ გამოთქვამს, რომ წამოვიდეს აქ სამუშაოდ“.

2016 წლიდან ითხოვს ეკა მურუსიძე, ამბროლაურის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, მუნიციპალიტეტში რეანომობილის დანიშვნას. როგორც ის ამბობს, სამი წლის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი შეხვედრა და თათბირი ადგილობრივ თუ რეგიონულ დონეზე, რომ რეანომობილის საჭიროებაზე არ ყოფილიყო ლაპარაკი.

მისი თქმით, დღესდღეობით, რეანომობილები რაჭაში თერჯოლიდან, ლენტეხიდან და ქუთაისიდან ჩადიან. საუკეთესო ვარიანტში, ამბროლაურში რეანომობილი საათ-ნახევარში, თერჯოლიდან მიდის. ისიც იმ შემთხვევაში, თუკი რეანომობილი და გზა თავისუფალია.

ამბროლაურის საავადმყოფოს თვეში 10-11-ჯერ უწევს რეანომობილის გამოძახება. არის თვეები, როცა გამოძახების რაოდენობა თვეში 17-ს აღწევს. ეკა მურუსიძის თქმით, დაგვიანების შემთხვევები ხშირი არ არის, თუმცა, ტრანსპორტირებისათვის მინიმუმ საათნახევრიანი ლოდინი, მძიმე ავადმყოფისათვის, საკმაოდ დიდი დროა:

„საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუკი ამბროლაურში დადგება ბრიგადა, რადგან ის გარკვეული პერიოდი, როცა ჩვენ ველოდებით ბრიგადას, ჩვენთვისაც და პაციენტის პატრონისთვისაც არის ყველაზე მძიმე წუთები. 16 წლის ბიჭის შემთხვევაშიც მოხდა ისე, რომ მისი მდგომარეობა კლინიკაში დავასტაბილურეთ, თუმცა, ძალიან სწრაფად სჭირდებოდა დამატებითი, მაღალტექნოლგიური კვლევები. ბავშვის მდგომარეობა კლინიკიდან გაყვანისას იყო სტაბილური, თუმცა, შემდეგ უკვე რა მოხდა რეანომობილში, ამის შესახებ, სამწუხაროდ, მე ინფორმაციას არ ვფლობ. გასათვალისწინებელი ისიც, რომ რეანომობილი პროფესიონალი რეანიმატოლოგის გარეშე ვერ იმუშავებს. რიგით ექიმს რეანომობილში მუშაობა არ შეუძლია, ამიტომ, ეს პრობლემაც მოსაგვარებელია. მხოლოდ რეანომობილი, პროფესიონალის გარეშე, საქმეს ვერ გააკეთებს“.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, 16 წლის ლუკას შემთხვევას სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო იკვლევს. რაც შეეხება რეანომობილების რეგიონებში დანიშნვნის მოთხოვნას, ამბობს:

„არის ქვეყნები, რომლებსაც პაციენტების ტრანსპორტირებისთვის შესაძლოა 4-5 საათი დასჭირდეს. არც რელიეფურად და არც დისტანციების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა იმდენად დიდი არ არის, რომ ტრანსპორტირების დროის პრობლემა გვქონდეს. არ ვიცი, სამწუხაროა, თუკი მანქანის გაუმართაობა გახდა 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის გართულების მიზეზი, ამას სააგენტო იკვლევს, მაგრამ ყველა საავადმყოფოსთან თითო რეანომობილის გაჩენა, პრობლემას ვერ გადაჭრის. თავად საავადმყოფოებმა ადგილებზე უნდა მოახერხონ რამდენიმე საათის განმავლობაში, სანამ რეანომობილი მივა, შესაბამისი პირველადი დახმარების გაწევა. საავადმყოფოებში უნდა არსებობდეს შოკის დარბაზი, ხელოვნური სუნთქვის აპარატი და ა.შ“.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტროს უკვე გადაგზავნილი აქვს მთავრობასთან დასამტკიცებლად დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა ტიპის გადაუდებელი დახმარების გაწევის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს საავადმყოფოებს რეგიონებში. თამარ გაბუნია ამბობს, რომ ამ საკითხის მოწესრიგების შემდეგ, არ იქნება რეანომობილების ადგილზე დანიშვნის აუცილებლობა, რადგან ასეთ შემთხვევაში, პაციენტსა და მის ახლობლებს ექნებათ საშუალება, რომ უახლოესი პუნქტიდან გამოსულ რეანომობილს დაელოდონ.

თუმცა, ეს ლოდინი შესაძლოა, რამდენიმე საათს გაგრძელდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG