Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა სალია ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალზე: მათი სარჩელი არის დაგვიანებული


დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ. სარჩელი ხანდაზმულია,- ასე ეხმაურება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მიერ „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას.

"განსხვავება არის ქიბარ ხალვაშისა და ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელებს შორის, რადგან დროში ძალიან დიდი განსხვავებაა. პირველ რიგში, ქიბარ ხალვაშმა მიმართა 10-წლიანი ხანდაზმულობის პერიოდში საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით, ასევე მას ჰქონდა მიმართული პროკურატურისთვის, ჯერ კიდევ 2007 წელს ხანდაზმულობის ვადების დაცვით და სწორედ ეს შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ პროკურატურისთვის მიმართვით დაცული იყო ხანდაზმულობის ვადა და სწორედ ამ შეფასებიდან გამომდინარე, დაკმაყოფილდა ქიბარ ხალვაშის სარჩელი. ამ შემთხვევაში ვნახოთ, როგორ შეაფასებს ხანდაზმულობის საკითხს სასამართლო, თუმცა ჩემი, როგორც იურისტის პოზიციაა, რომ მათი სარჩელი არის დაგვიანებული და მათ ამ სარჩელის წარდგენა უნდა მოეხერხებინათ 2014 წლამდე", - აცხადებს პაატა სალია.

16 ოქტომბერს ცნობილი გახდა რომ კუთვნილი წილის დასაბრუნებლად აქიმიძე და დვალი ახალ სამართლებრივ დავას იწყებდნენ, 17 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კი თქვეს, რომ მათი ბრძოლის სტრატეგია ქიბარ ხალვაშის არგუმენტების მის წინააღმდეგ გამოყენება იქნებოდა და სასამართლოს ფაქტობრივად მხოლოდ 2 გზა რჩებოდა - უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უარყოფა ან რუსთავი 2-ის დამფუძნებლების მოთხოვნის კანონიერად ცნობა.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები სასამართლო დავის პერიოდში ტელეკომპანიის იმ 60%-იანი წილის დაყადაღებასაც ითხოვენ, რომლის დასაბრუნებლადაც მიმართეს სასამართლოს.

მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა და ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანიამ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი გადაიფორმეს, მან დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა, რაზეც თანადამფუძნებლებმა უარი თქვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG