Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქორეოგრაფი, ბავშვების ფონზე, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების გაუქმებას ითხოვს


ქორეოგრაფი დავით ბოხუა
ქორეოგრაფი დავით ბოხუა

ქორეოგრაფი დავით ბოხუა თავის ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეოში - რომელსაც ბავშვთა უფლებადამცველები მავნებლობად აღიქვამენ - ბავშვების ფონზე, ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ავადმყოფურს უწოდებს და მისი ჩვენების გაუქმებას ითხოვს.

ლევან აკინის ოსკარზე წარდგენილი დრამა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) ქართული ნაციონალური ანსამბლის გეი მოცეკვავის, მერაბის ცხოვრებასა და მის სასიყვარულო ურთიერთობაზე მოგვითხრობს.

ცეკვის სტუდია „შავლეგოს“ ქორეოგრაფის მიერ 8 ნოემბერს გამოქვეყნებული ვიდეო - რომელმაც რამდენიმე ასეული მოწონება დაიმსახურა - ბოხუას ფეისბუკზე საჯაროდ აღარ ჩანს, თუმცა რადიო თავისუფლებამ მისი ასლი შეინახა.

„მოგესალმებით ჩვენო მაყურებლებო, ქართველებო. ახლა მივმართავ თხოვნით კინოთეატრ ამირანს, სადაც უნდა გაიმართოს ეს ავადმყოფური ფილმის ჩვენება. ჩვენ შევწყვიტეთ ახლა რეპეტიცია და ვთხოვთ ძალიან კინოთეატრ ამირანის ადმინისტრაციას, რომ შეწყვიტოს ამ ფილმის ჩვენება და არ აჩვენონ ის საქართველოში“, - ამბობს ქორეოგრაფი დავით ბოხუა ვიდეოში და მიმართვას ასრულებს ბავშვებთან ერთად შეძახილით: „საქართველოს გაუმარჯოს!“

„ამ ადამიანმა თავს მისცა უფლება ბავშვებით მანიპულირებისა. ამის მიზანია ემოციებზე თამაში და ბავშვების უფლებების უგულებელყოფა“, - მიიჩნევს ბავშვთა უფლებადამცველი ანა აბაშიძე და რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქორეოგრაფმა ბავშვები გამოიყენა როგორც ფონი, რეკვიზიტი, რითაც უხეშად ჩაერია მათ პირად ცხოვრებაში.

„ხდება ბავშვების ზომბირება და მოსაზრებების თავზე მოხვევა. ეს არ არის სააღმზრდელო დაწესებულება, ბავშვები ცეკვის სასწავლად მიდიან დაწესებულებაში. ეს არის საჯარო სივრცე, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სტუდიაა. ამიტომ იქ უნდა იყოს თავისუფალი და მრავალფეროვანი სივრცე“, - ამბობს ანა აბაშიძე.

ბავშვთა უფლებადამცველი ამბობს, რომ ბავშვის ვინაობისა თუ ნებისმიერი მონაცემის უნებართვოდ გასაჯაროება არის კონკრეტული კანონმდებლობის დარღვევა და თუ რომელიმე მშობელი ამას მოინდომებს, შეეძლება, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით უჩივლოს ცეკვის მასწავლებელს. ანა აბაშიძის თქმით, ვიდეო პრობლემაა მიუხედავად იმისა, მშობლები საქმის კურსში იქნებოდნენ თუ - არა, თუმცა მან ზუსტად იცის, რომ სულ მცირე ერთი ბავშვის მშობლებმა ვიდეოს შესახებ არაფერი იცოდნენ.

შეუთანხმდა თუ არა ქორეოგრაფი მშობლებს? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ დავით ბოხუას მიმართა და მხოლოდ ასეთი პასუხი მიიღო:

„თქვენ რატომ მირეკავთ? უფლება გაქვთ, რომ მეკითხებით რამეს? თქვენ ნუ ჩაერევით, უმჯობესი იქნება, თუ არ ჩაერევით“.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG