Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

22 დეკემბერი - სახელმწიფო გადატრიალების პირველი სისხლიანი დღე


1991 წლის 22 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე ხელისუფლებისა და მისი მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი შეიარაღებული ფორმირებების დაპირისპირებით დაიწყო ეგრეთ წოდებული „თბილისის ომი“, რომელმაც 15 დღე გასტანა და, ოფიციალური მონაცემებით, 113 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

შეიარაღებული დაპირისპირება 1991 წლის 22 დეკემბერს დილის რვის ნახევრზე დაიწყო. 28 წლის წინანდელი მოვლენების ერთერთმა აქტიურმა მონაწილემ, მაუგლი ჩხიკვაძემ რადიო თავისუფლებას ჯერ კიდევ ომის 20 წლისთავზე, 2011 წელს უამბო, თუ როგორ დაიწყო იერიში პარლამენტის შენობაზე.

„ზუსტად აქ. პარლამენტის წინ ვიდექი მაშინ, როცა პირველად გაისროლეს. ზარბაზნიდან ესროლეს ამ შენობას და იქიდან ასხლეტილი ნამსხვრევები მოხვდა ჩემს მეგობარს აჩიკო რამიშვილს, რომელიც მაშინვე გარდაიცვალა. მე შემთხვევით გადავრჩი და შევედი მთავრობის სასახლეში. დაიწყო სასწაული შტურმი.“

გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ 22 დეკემბერს დაიწყო კრემლიდან ინსპირირებული შეიარაღებული პუტჩი, რასაც შედეგად კანონიერი ხელისუფლების დამხობა მოჰყვა.

ხელისუფლება და ოპოზიცია შეიარაღებული დაპირისპირებისკენ თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში მიდიოდნენ. ვითარება დაიძაბა პრემიერ-მინისტრ თენგიზ სიგუას გადადგომისა და პრეზიდენტის მიერ ეგრეთ წოდებული გეკაჩეპეს პუტჩის დროს ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობის გაუქმების შემდეგ. გვარდიის დიდი ნაწილი, დაახლოებით 15 ათასი კაცი, თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით, ჯერ რკონის ხეობაში, შემდეგ კი თბილისის ზღვის მახლობლად დაბანაკდა.

ისტორიას შემორჩა კადრები თენგიზ კიტოვანის მუქარით: „გადაეცით, რომ მე იარაღს არ დავყრი. დედას ვუტირებ მე მაგას, იცოდეთ. ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ მე ცოცხალი ვარ და ერთი გვარდიელი მაინც იქნება, სისხლს ამოვუღებ.“

თენგიზ კიტოვანი
თენგიზ კიტოვანი

თენგიზ კიტოვანი და ოპოზიციის სხვა ლიდერები პრეზიდენტ გამსახურდიას არადემოკრატიული მმართველობის, გეკაჩეპესადმი ლოიალობისა და პროტექციონისტული საკადრო პოლიტიკის გამო საყვედურობდნენ, თუმცა, ვიდრე საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მივიდოდა, ხელისუფლებამ 2 სექტემბერს დაარბია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიტინგი, ხოლო 4 ოქტომბერს თბილისის ზღვაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერ შეიარაღებულ ფორმირებებს შორის პირველი შეტაკება მოხდა. აკაკი ასათიანი, უზენაესი საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე, სინანულით ამბობს, რომ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა:

ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოლაპარაკება 22 დეკემბრის შემდეგაც სცადეს, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიცია ზვიად გამსახურდიასგან ჯერ თბილისის დატოვებას და ბათუმში წასვლას, შემდეგ კი გადადგომას ითხოვდა. მთავრობის სასახლის დატოვებამდე პოზიცია არც პრეზიდენტს შეუცვლია.

„რაც არ უნდა დაირქვან მათ, გინდ დემოკრატიული ოპოზიცია, გინდ ანგელოზების ფრთებგამობმული ოპოზიცია, ყველამ იცის, რომ ისინი მკვლელები არიან, მოღალატეები და გამყიდველები არიან...“ - განაცხადა მაშინ ზვიად გამსახურდიამ.

დაპირისპირებულმა მხარეებმა პოზიციების შეჯერება ვერც მოგვიანებით შეძლეს. მაშინდელი ოპოზიციის მტკიცებით, 1991 წლის 22 დეკემბერს დაწყებული მოვლენები იყო აჯანყება და ხალხის მიერ წარმოებული ომი, რასაც არ ეთანხმება ექსპერტთა და პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი. რადიო თავისუფლების არქივში შემონახულია პირველი პრეზიდენტის ვაჟის კონსტანტინე გამსახურდიას შეფასება:

„მე არ ვიტყოდი, რომ ეს ომი იყო, იმიტომ რომ იმისათვის, რომ ვისაუბროთ ომზე, საჭიროა ერთ მხარეზე - მეომარი პარტიის მხარეზე -იყოს მინიმუმ 20 პროცენტი მოსახლეობისა. ეს იყო სამოქალაქო დაპირისპირება, რამაც შედეგად მოიტანა თბილისის ცენტრის დანგრევა, საქართველოს არაერთი პროვინციის აოხრება, უმძიმესი კვალი დაამჩნია საქართველოს ისტორიას, რის შედეგებსაც დღესაც ვიმკით...“

კონსტანტინე გამსახურდია
კონსტანტინე გამსახურდია

1991-1992 წლის მოვლენები დაგმო საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 11 მარტის დადგენილებით, რომლის შინაარსი ასეთია:

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG