Accessibility links

მოდი, ვნახოთ სისტემა


სისტემა - გარკვეული წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია რისამე ნაწილების გეგმაზომიერ განლაგებასა და ურთიერთკავშირზე

საბჭოთა კავშირის დროს ერთ-ერთ პარტიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ძალიან ცნობილი ქართველი მსახიობი, თეატრის ხელმძღვანელი, რომელმაც დიდხანს ილაპარაკა და მგზნებარედ აღუთქვა კონფერენციას, რომ პარტიის რვათავიანი მოკლე კურსიდან დადგამდა სპექტაკლების ციკლს - 8 სპექტაკლს; თითო თავს თითო სპექტაკლს მიუძღვნიდა იმ თავების შინაარსის მიხედვით.

„საცოდაობა იყო. შეშინებული კაცის უზნეო მოქმედება იყო. არ ყოფილა ისე უჭკუო, რომ არა სცოდნოდა ამ განცხადების გაუგონარი აბსურდულობა. ეს იყო შიში, დიდი ხნიდან გამოყოლილი შიში. ამბობენ, ის მენშევიკების გვარდიაში იყო და ძლივს გადარჩაო. შიშმა მიიყვანა ამ დღემდე“ - ო, - იხსენებდა ამ ამბების შემსწრე ცნობილი მწერალი და მთარგმნელი ვახტანგ ჭელიძე.

საბჭოთა სისტემას, რა თქმა უნდა, შიში კრავდა. დიახ, საბჭოთა სისტემის მდგრადობას და სიცოცხლისუნარიანობას განაპირობებდა შიში, რომელსაც პარტია - საბჭოთა საზოგადობის ხელმძღვანელი და წარმმართველი ძალა თესავდა რეპრესიებითა და ტერორით!

რა აცოცხლებს დღევანდელ სისტემას?

მაიორ გიორგი დვალიშვილის მაგალითზე ვნახეთ, როგორ მუშაობს სისტემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ააშენა: შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაიცვა პოლიციელი, რომელსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ფორმის გახდით და პოლიციიდან გაგდებით დაემუქრა შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმა!

საბოლოო ჯამში, მინისტრის მოადგილის ძმამ პასუხი არ აგო ოფიცრის შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობისთვის; არც მინისტრის მოადგილეს შექმნია რამე სახის პრობლემა (თავდაცვის მინისტრად დააწინაურეს), აი, პოლიციის ოფიცერი კი გაირიყა სისტემიდან, რომლის სტრუქტურასა და წესრიგს მხოლოდ ნაწილობრივ განსაზღვრავს კანონები თუ ნორმატიული აქტები.

„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სისტემაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სისტემის ცენტრთან ანუ ბიძინა ივანიშვილთან ახლოს ყოფნას, სიახლოვე კი, თავის მხრივ, ერთგულების ხარისხით განისაზღვრება. საერთოდაც, ერთგულება სისტემაში ყოფნის და სისტემის მდგრადობის აუცილებელი პირობაა. ამასთან, არ აქვს მნივშნელობა, ფორმალურად თანამდებობა გიკავია თუ - არა. გავიხსენოთ ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა, როცა მის გავლენასა და იმუნიტეტს ვერაფერი დააკალო მთავარი პროკურორის თანამდებობის დაკარგვამ. არაფერს ვამბობთ ბერას ფეისბუკ-პოსტებისა და ნამღერის გავლენაზე.

სისტემა შესაძლებლად მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილისთვის სანდო ნებისმიერი პირის პრემიერ-მინისტრად გამოცხადებასაც კი. გავიხსენოთ მამუკა ბახტაძის მოულოდნელი და აუხსნელი „მმართველობა“. არავის გაუკვირდება თუკი ერთ მშვენიერ დღეს ივანივშილის რომელიმე შვილი, მაგალითად უტა ივანიშვილი დაიკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. სისტემა უშვებს (ახალისებს) მოვლენების ამგვარად განვითარებას.

სისტემისთვის „ცენტრთან“ ბევრად უფრო ახლო დგას შს მინისტრის მოადგილის მოძველბიჭო ძმა, ვიდრე მართლწესრიგის დამცველი პოლიციის მაიორი. მართლწესრიგის უპირობო დაცვა და კანონის უზენაესობა პირიქით, ეწინააღმდეგა სისტემის ლოგიკას, რომელიც ასეც შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ერთგულებ, მსახურებ და ემორჩილები ყველას, ვინც შენზე ახლოს დგას სისტემის ცენტრთან.

სისტემით, ცხადია, ყველაზე მეტად ცენტრში მდგომი პირი ხეირობს, მაგრამ სარგებელს სხვებიც იღებენ, ლოკალური ცენტრები - „პატარა ბიძინები“, რომლებიც, მართლია, უფრო „დიდ ბიძინებს“ ემსახურებიან, მაგრამ მყარად დგანან თავისზე პატარა ბიძინების მხრებზე...

გარედან დანახული სისტემა სახიფათო და მახინჯია, ამიტომაც ყოველ ნაბიჯზე გაიგონებთ ზიზღიან ნათქვამს, სისტემა უნდა დაინგრესო, მაგრამ თვითონ სისტემას და მის ნაწილებს თავისზე უკეთესი არაფერი ეგულებათ, ამიტომ იცავს სისტემა თავს და ამიტომ იმეორებენ მისი შემადგენელი ნაწილები მანტრასავით სისტემის სადიდებელ მცნებებს:

  • სისტემას სუფთა გული აქვს!
  • სისტემა არასოდეს გვატყუებს! ეს ჩვენ ვტყუვდებით მუდმივად!
  • სისტემის ქმნილება უფრო სრულყოფილია, ვიდრე ხელოვნებისა.
  • სისტემა არასოდეს ცდება!
  • დაემორჩილეთ სისტემას. მისი საიდუმლო მოთმინებაშია!
  • სისტემა ვერ იტანს უზუსტობებს და შეცდომებსაც არავის აპატიებს!
  • სისტემა გვხიბლავს, გვიზიდავს და აღგვაფორთოვენებს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი სისტემურია!
  • სისტემა მარდი ორსახოვნებაა!
  • სისტემა ყოველ წამს სავსეა პოეზიით!
  • სისტემა არაფერს აკეთებს ნაჩქარებად!
  • ადამიანი ცხოვრობს სისტემით!
  • სისტემას ვერსად დაემალები!
  • სისტემა - ეს მე ვარ!

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG