Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე რამდენიმე პოლიციელის გადაცდომაც იკვეთება


15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებებით იკვეთა პოლიციის რამდენიმე თანამშროლის მიერ სამსახურებრივი გადაცდომა, - ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

7 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, ვკითხულობთ - შეკრებილი მტკიცებულებებით იკვეთება, რომ პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განყოფილებაში ყოფნის დროს აგრესიულად, ხმამაღალი ტონით უცენზურო სიტყვებით მიმართა არასრულწლოვან ლუკა სირაძეს, ხოლო ამავე განყოფილების მენეჯერმა არ უზრუნველყო პოლიციის შენობაში არასრულწლოვანთათვის შესაფერისი გარემო და არასრულწლოვანს გაესაუბრა კანონიერი წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქმის სასამართლოში წარმართვის პარალელურად, მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, პოლიციის ზემოაღნიშნული მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

სახელმწიფო ინსპექტორმა სასამარლოს დღეს გადაუგზავნა საქმეზე ბრალდებული გამომძიების მარიანა ჩოლოიანის სისხლის სამართლის საქმე.

ინპექტორმა საქმეზე გამოძიება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის მიმართვის საფუძველზე“ დაიწყო.

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში 20 დეკემბერს გადაიყვანეს. მანამდე ის ჯანმთელობის მდგომარეობის გამო კლინიკაში იმყოფებოდა.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, თვითმკვლელობის მიზნით გადავარდა შენობიდან, 17 დეკემბერს გარდაიცვალა საავადმყოფოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG