Accessibility links

გიორგი გახარიას კრიტიკულ წერილს კიდევ ერთი ამერიკელი კონგრესმენი უგზავნის


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა რენდი ვებერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გაუგზავნა წერილი, რომელშიც სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს რეფორმების შეფერხების და საქართველოში ამერიკული ინვესტიციებისთვის, განსაკუთრებით ენერგოკომპანიებისთვის კლიმატის გაუარესების გამო. ამის შესახებ კონგრესმენი ვებერი ტვიტერზე წერს და აქვეყნებს პრემიერ-მინისტრ გახარიასთვის გაგზავნილ, 4 თებერვლით დათარიღებულ წერილს.

რენდი ვებერი უერთდება კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრების ორპარტიულ შეშფოთებას დემოკრატიული ფასეულობებიდან გადახვევის და ეკონომიკური კეთილდღეობის შესუსტების გამო.

კონგრესმენი საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერს, რომ აშშ-თან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ამერიკის მხრიდან ყოველწლიური დახმარების გათვალისწინებით, იძულებულია შეუერთდეს კოლეგებს, რომლებმაც გასულ კვირებში წერილები მისწერეს. ვებერი უერთდება მათ მიერ გამოხატულ შეშფოთებას დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმაზე უარის და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ძალადობის, პოლიტიკური ოპონენტების, მედიის წარმომადგენლების, საერთაშორისო და ამერიკული კორპორაციების და სამოქალაქო საზოგადოების წევრების გაუმართლებელი შევიწროების შესახებ ცნობების გამო.

რესპუბლიკელი კონგრესმენი აღნიშნავს, რომ შეუერთდა წარმომადგენელთა პალატის მიერ შარშან მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ აქტს, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას რუსეთისგან მომდინარე გამოწვევის ფონზე. ვებერი აცხადებს, რომ ეს აქტი არ ითვალისწინებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის იმგვარი მმართველობის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს, მათ შორის, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და ანტიკორუფციულ ძალისხმევას.

რენდი ვებერს მოჰყავს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების სტატისტიკა და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელიც საქართველოს უკუსვლას აჩვენებს. ასევე, ამონარიდი ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშიდან, რომ გამოწვევაა სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩაგდება და ძალაუფლების კერძო ხელში კონცენტრაცია.

რესპუბლიკელი კონგრესმენის წერილში ევროპული და ამერიკული ბიზნესის შევიწროების მაგალითად მოყვანილია კომპანია „ფრონტერა". ასევე, საუბარია ფეისბუკის გადაწყვეტილებაზე, გაეუქმებინა საქართველოს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ათეულობით ყალბი გვერდი და ანგარიში, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ ოპოზიციური ჯგუფების წინააღმდეგ და აღვივებდნენ ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ განწყობებს.

რენდი ვებერი გიორგი გახარიას წერს:

"აღნიშნული შემაშფოთებელი ტენდენციების გამო აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ზედიზედ ორ ასიგნებათა კანონს აშშ კონგრესიდან, 2019 და 2020 წლებისთვის, სადაც განსაკუთრებით აღნიშნულია დემოკრატიული ფასეულობებისგან, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისგან და ამერიკის ბიზნესინტერესებისგან საქართველოს მთავრობის უკუსვლით გამოწვეული შეშფოთება. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში პირველად, თქვენი ქვეყანა უარყოფით და ფრთხილ კონტექსტშია მოხსენიებული აშშ-ის მთავრობის ასიგნებათა კანონმდებლობაში".

ვებერი გახარიას აფრთხილებს, რომ პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, აშშ-ში საქართველოს უარყოფითად და სიფრთხილით უყურებენ.

კონგრესმენი აღნიშნავს, რომ ნეგატიური მოვლენებისა და ყოველწლიური ფინანსური დახმარების ფონზე, აშშ-ში გახშირდა მოწოდებები სანქციებისა და სხვა შესაძლო სადამსჯელო ზომების შესახებ.

რენდი ვებერი წერს, რომ საქართველო რჩება აშშ-ის მნიშვნელოვან მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად და იმედს გამოთქვამს, რომ მეგობრებს შორის გულწრფელი კომუნიკაცია მომავალ წლებში უფრო მყარი და ძლიერი ურთიერთობის წინაპირობა იქნება. კონგრესმენი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა ხელს აიღებს ამერიკული კომპანიებს საწინააღმდეგო ქმედებებზე და ხელს შეუწყობს აშშ-დან პირდაპირი ინვესტიციების ზრდას: იმედია, რომ საქართველოს მთავრობა საბოლოოდ იპოვის გზას, გასცეს სწორი პასუხი ქმედებებს, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის.

წერილის ასლები კონგრესმენმა ვებერმა გაუგზავნა სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს, ფინანსთა მინისტრს სტივენ მნუჩინს და აშშ-ის მთავრობის კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG