Accessibility links

რატომ უმალავენ საზოგადოებას დეკანოზ გიორგი მამალაძეს?


27 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძეს ელოდნენ. მოსამართლე ლილი მსხილაძეს მსჯავრდებულისათვის სასჯელის გადავადების შესახებ უნდა ემსჯელა, თუმცა დეკანოზი, რომელსაც პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური, სასამართლო დარბაზში არ გამოჩენილა. როგორც გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, მთავრობა და საპატრიარქო საგულდაგულოდ მალავენ მსჯავრდებულ დეკანოზს. სასამართლო ჯანმრთელობაშერყეული სასულიერო პირისათვის სასჯელის გადავადებაზე 5 მარტს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმსჯელებს.

რა არგუმენტებით იხელმძღვანელა მოსამართლემ?

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძემ გადაწყვეტილების მიღებამდე წაიკითხა სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მიღებული წერილი და შუამდგომლობა:

„დადასტურებით არ ირკვევა, რომ მსჯავრდებულს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, მაგრამ მსჯავრდებული პირადი მოტივით უარს აცხადებს გადაადგილებაზე და მუდმივად იმყოფება მწოლიარე მდგომარეობაში... სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულება ითხოვს, რომ ობიექტური მიზეზებისა და ასევე მსჯავრდებულის ინტერესების გათვალისწინებით, ნაცვლად სასამართლოს სხდომათა დარბაზისა, სხდომა ჩატარდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში“.

ლილი მსხილაძე, მოსამართლე
ლილი მსხილაძე, მოსამართლე

ლილი მსხილაძემ განმარტა, რომ დიდი სურვილი ჰქონდა, საკითხის საჯარო განხილვა მომხდარიყო, მაგრამ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იძულებულია დააკმაყოფილოს სასჯელაღსრულების დაწესებულების შუამდგომლობა.

გიორგი მამალაძის მდგომარეობა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის გადავადების შუამდგომლობით სასამართლოს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მიმართა. ადვოკატ ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მისთვის კვლავ პრობლემას წარმოადგენს ადეკვატური ფსიქოთერაპიის წარმართვა, რამდენადაც იგი 24-საათიანი აუდიო-ვიდეომონიტორინგის ქვეშ იმყოფება და ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის კონფიდენციალურობის დაცვის არარსებობის პირობებში, შეუძლებელია ფსიქოთერაპიის სერვისის მიღება.

ქეთი ჩუთლაშვილი, EMC
ქეთი ჩუთლაშვილი, EMC

EMC-ის მონაცემებით, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული სამი ექსპერტიზით დადასტურებულია დეკანოზის დიაგნოზი: დისოციაციური მოტორული აშლილობა.

გიორგი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.

ვინ და რატომ მალავს გიორგი მამალაძეს?

სასამართლოს გადაწყვეტილებას ყვირილით შეხვდა მსჯავრდებული დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე, რომელმაც მოსამართლე ლილი მსხილაძეს საპატრიარქოსა და „ქართული ოცნების“ მონა უწოდა.

„თქვენ არ გინდათ, რომ რომ ჩემი ძმა ნახოს ხალხმა! არ გინდათ, რომ მედიამ გააშუქოს, თუ რა დღეში ჩააგდო ის მთავრობამ და საპატრიარქომ! ოქმებში ასახულია, თუ როგორ აქვს ფეხი პარალიზებული და დამოკლებული. მოსამართლემ გვითხრა, რომ თურმე ჩემმა ძმამ თქვა უარი სასამართლოში მოსვლაზე, რაც ტყუილია, რადგან ჩემმა ძმა გუშინ არ იცოდა, რომ სასამართლო პროცესი ჰქონდა. გუშინ ვიყავი მასთან და ჩემგან შეიტყო, რომ დღეისათვის პროცესი იყო ჩანიშნული და გაკვირვებული დარჩა ამით, რადგან სასჯელაღსრულებამ არ მიაწოდა ინფორმაცია. შესაძლებელი იყო ჩემი ძმის მოყვანა თუნდაც საკაცით, რადგანაც რამდენიმე კვირის წინ სწორედ საკაცით იქნა გადაყვანილი „ავერსის“ კლინიკაში და, ცხადია, სასამართლოშიც შეეძლოთ მოეყვანათ, თუმცა არ უნდათ, რომ საზოგადოებამ ნახოს რა მდგომარეობაშია იგი“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ, რომელმაც რადიო თავისუფლების შეკითხვას, რას ნახავდა საზოგადოება გიორგი მამალაძე რომ სასამართლო დარბაზში გამოჩენილიყო, ასე უპასუხა:

თორნიკე მამალაძე
თორნიკე მამალაძე

„ის ეტლშიც ვერ ჯდება, სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმების ოქმებშიც არის აღწერილი, რომ 9 წუთი ჰყავდათ ჩასმული ეტლში, მაგრამ ვერ გაძლო და ისევ გადააწვინეს საკაცეზე. რამდენიმე თვის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს პატიმრები ციხეში ჯანმრთელი შედიოდნენ და იქიდან დაავადებულები გამოდიოდნენო, ჩვენი მთავრობის დროს კი ასეთი რამეები არ ხდებაო. მათ არ უნდათ, რომ ასეთი პრეცედენტი დაფიქსირდეს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში და ამის გამო მალავენ იმას, რომ ჯანმრთელი ადამიანი შევიდა ციხეში და უკვე ინვალიდია“.

რა შეიძლება მოხდეს 5 მარტს?

5 მარტს, 11.00 საათზე მოსამართლე ლილი მსხილაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გამართულ სასამართლო პროცესზე გადაწყვეტს, უნდა გადაუვადდეს თუ არა გიორგი მამალაძეს სასჯელის მოხდა. მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატები და EMC საჭიროდ მიიჩნევენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მოხდის გადავადების მექანიზმის გამოყენებას: გიორგი მამალაძეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ, უსაფრთხო, მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიტაროს ადეკვატური მკურნალობა და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში დაბრუნდეს სასჯელის მოხდის ადგილზე.

ფორმალურად გადაწვეტილებას, ცხადია, მოსამართლე მიიღებს, თუმცა, როგორც ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, არასწორი იქნება მთელი პასუხისმგებლობის მარტო მოსამართლისათვის დაკისრება.

„მთელი სისტემაა ჩართული ამ ამბავში, დღეს მოსამართლეს სხვა გამოსავალი უბრალოდ არ ჰქონდა“, - უთხრა რამიშვილმა რადიო თავისუფლებას.

მიხეილ რამიშვილი, ადვოკატი
მიხეილ რამიშვილი, ადვოკატი

5 მარტს ელოდება ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავაც.

„მოსამართლის ღირსების, თავისუფლების თუ მონობის, ღვთისნიერებისა თუ უღვთოობის, ცოდვა-მადლის საკითხი გაირკვევა მაშინ, როცა ჩატარდება სასამართლო სხდომა. საპატრაიქოს შეეძლო ერთი წერილით ეშუამდგომლა პრეზიდენტისათვის, ასევე პირველი ნოემბრიდანვე შეეძლო, გულწრფელი პატრიარქისა და საპატრიარქოს შემთხვევაში, მიემართათ იუსტიციის სამინისტროსა და სასამართლოსათვის მამა გიორგის სამკურნალოდ საპყრობილიდან გამოსაყვანად, რაც არ გვაქვს. აქედან გამომდინარე ცხადია, თუ რამდენად არასამართლიანი და ცრუ პატრიარქისა და საპატრიარქოს ხელშია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია“, – განაცხადა პეტრე ცაავამ, რომლის თქმითაც, გიორგი მამალაძე ციხეში ზის არარსებული საწამლავით არავის მკვლელობის მცდელობის გამო.

პეტრე ცაავა
პეტრე ცაავა

დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა 2017 წლის 5 სექტემბერს პატრიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG