Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე: სასურველია, იტალიიდან ჩამოსული მოქალაქეები 14 დღე თვითიზოლაციაში დარჩნენ


ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე იმ ადამიანებს, რომლებიც ახალი კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებიდან ჩამოდიან და ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ, 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციას ურჩევს. ამ ქვეყნების რიგში ამირან გამყრელიძემ გამოყო იტალია:

„თუ საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნებათ და ისინი არიან ისტორიით ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობისა, ეძლევათ რეკომენდაცია, რომ იყვნენ თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში. თუ თვითიზოლაციის პერიოდში ვინმეს ეწყება სიმპტომები, აუცილებელია მიმართონ თავიანთი ოჯახის ექიმს ან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოს.

ზოგადი რეკომენდაცია რჩება, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, მოვერიდოთ მოგზაურობას, განსაკუთრებით მაღალ დასენიანებულ ადგილებში - ჩინეთი, ირანი, იტალია, იაპონია, სამხრეთ კორეა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც ახალი კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, ყოველდღიურად იზრდება. მათ შორის, შემთხვევათა რაოდენობა იზრდება ევროპის ქვეყნებში. შესაბამისად, ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ვირუსის შეკავების მოქმედი ანუ შეკავების ფაზა, დიდ შედეგს აღარ იძლევა და სავარაუდო შემთხვევათა იზოლაცია მნიშვნელოვანი ხდება:

„ინფექციას მხოლოდ საზღვრების კონტროლით ვერ შეაჩერებ და უფრო მეტი ყურადღება გადადის ადამიანთა, სავარაუდო შემთხვევათა იზოლაციაზე, თვითიზოლაციაზე და შესაბამის, თუ საჭიროა, სამკურნალო-სამედიცინო დახმარების ღონისძიებებზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 28 თებერვლის მონაცემებით, კარანტინში 87 პირი იმყოფება, ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 29 მოქალაქეა, ლუგარის ლაბორატორიაში კი 24 სინჯია აღებული. „დიდი ალბათობით არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ გვქონდეს შემთხვევა, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ, 27 თებერვალს, გვიან ღამით საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსით დაინფიცირებული 50 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მოდიოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG