Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსის პრევენციის გამო რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრები სპექტაკლების ჩვენებას წყვეტენ


საქართველოს თეატრების ნაწილი, მათ შორის, მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრები კორონავირუსის პრევენციის მიზნით ორი კვირით სპექტაკლებს წყვეტენ.

სპექტაკლებს წყვეტს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრიც. ამ დროის განმავლობაში შენობებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

საგანმანათლებლო, სპორტისა და კულტურის დაწესებულებებმა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ რეკომენდაცია საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიიღეს. უწყებაში განმარტავენ, რომ რეკომენდაცია 90-მდე კულტურულ დაწესებულებას, 10-მდე სპორტულ დაწესებულებასა და რამდენიმე ათეულ საგანმანათლებლო უწყებას გაუგზავნეს.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებითვე, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტს დაიწყო. საგანმანათლებლო პროცესი შეწყდა თბილისის საბავშვო ბაღებშიც.

2 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევაა. საქართველოში კარანტინში 97 ადამიანია (ჯანდაცვის მინისტრი 120-ს ასახელებს), მათგან 40 სამედიცინო დაწესებულებებშია. გარდა ამისა, ლუგარის ლაბორატორიაში თბილისიდან, გორიდან და ქუთაისიდან გადასამოწმებლად სულ 14 სინჯია გადაგზავნილი.

საქართველოში კორონავირუსის სამივე შემთხვევა ბოლო რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა. სამივე საქართველოს მოქალაქეა. პირველი 50 წლამდე მამაკაცია, რომელიც ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული კი მამაკაცია, რომელიც მანამდე ირანში იმყოფებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG