Accessibility links

site logo site logo

ოპოზიციის განცხადება: რურუამ, უგულავამ, თამლიანმა და ოქრუაშვილმა საპატიმროები უნდა დატოვონ


„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა 9 მარტს მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საარჩევნო სისტემის საკითხზე კომპრომისის მოძიების მიუხედავად, ხელისუფლება და ოპოზიცია კვლავ ვერ თანხმდებიან იმ პირთა პოლიტიკურ სტატუსზე, ვინც დაპატიმრებულები არიან 20 ივნისს და მის შემდგომ განვითარებული პოლიტიკური პროცესების გამო.

„ოპოზიცია მათ ბუნებრივია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს, ხელისუფლება ამას არ აღიარებს, თუმცა მხარეები შეჯერდნენ ერთობლივ დოკუმენტში იმაზე, რომ ამ საკითხების გადაწყვეტა იმგვარად, რომ არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ ჰქონდეს განცდა, რომ მართლმსაჯულება პოლიტიკური მიზნებისთვისაა გამოყენებული, საკვანძოა ვითარების განმუხტვისთვის. საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ამ შეთანხმების შესრულება, როგორი განსხვავებებიც არ უნდა იყოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ პრეზიდენტსა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, ხელი შეუწყონ ამ საკითხის სწრაფად გადაჭრას მათ ხელთ არსებული ლეგიტიმური ინსტრუმენტების გამოყენებით, რათა გიორგი რურუამ, გიგი უგულავამ, ბესიკ თამლიანმა და ირაკლი ოქრუაშვილმა დროულად დატოვონ საპატიმროები:

„პოლიტიკური პროცესის სანდოობისა და დადებული შეთანხმების შესრულების მიზნით, მნიშვნელოვანია რომ აღარ მოხდეს ამ ადამიანთა მიმართ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდგომი გადახედვა ან სხვა პოლიტიკური საქმეების მეშვეობით მათი საპატიმროებში დაბრუნება. ასევე მნიშვნელოვანია რომ სხვა პოლიტიკური ლიდერებისა და აქტივისტების მიმართ არ გადაიდგას ახალი რეპრესიული ნაბიჯები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ტყუილს უწოდებენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების განცხადებას, რომ ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და ბესიკ თამლიანის გათავისუფლებასაც.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა უცხოელი დიპლომატების შუამავლობით, 8 მარტს მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2020 წელს პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს და ერთობლივ განცხადებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG