Accessibility links

site logo site logo

ზურაბიშვილი უგულავას შეწყალებაზე: "თუ მე ჩავთვლი, იქნება მიღებული შეწყალების აქტი"


სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, გიგი უგულავას შეწყალების აქტი გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ ამას თავად ჩათვლის საჭიროდ.

„ერთი ხმათ ნუ ყვირიხართ, გიგი უგულავა, გიგი უგულავა. გასაგები არის, არ მჭირდება თქვენი დამატებითი კითხვები. გეტყვით მე თვითონ, თუ მომისმენთ“, - მიმართა ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს კითხვაზე, აპირებს თუ არა გიგი უგულავას შეწყალებას. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეწყალების პროცესი ექვემდებარება მიმდინარე წელს მიღებულ წესებს და გიგი უგულავას შეწყალების საკითხიც ამ წესების მიხედვით იქნება განხილული:

„რაც არ უნდა იყოს მოთხოვნა, რომელიც შემოვა, იქნება განხილული ამ წესების მიხედვით. ყველა მოთხოვნას მივიღებ, წავიკითხავ, ვნახამ, გავეცნობი და ... თუ მე ჩავთვლი, იმიტომ ეს არის დისკრეციული უფლება, რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება მიღებული შეწყალების აქტი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი თქმით, არ არსებობენ ქვეყანაში ადამიანები, რომლებზეც „ვრცელდება ცალკე რეგულაციები“.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა უცხოელი დიპლომატების შუამავლობით, 8 მარტს მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2020 წელს პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს და ერთობლივ განცხადებას.

საარჩევნო სისტემის საკითხზე კომპრომისის მოძიების მიუხედავად, ხელისუფლება და ოპოზიცია კვლავ ვერ თანხმდებიან იმ პირთა პოლიტიკურ სტატუსზე, ვინც დაპატიმრებულები არიან 20 ივნისს და მის შემდგომ განვითარებული პოლიტიკური პროცესების გამო.

ოპოზიცია მოითხოვს საპატიმროები დატოვონ გიორგი რურუამ, გიგი უგულავამ, ბესიკ თამლიანმა და ირაკლი ოქრუაშვილმა.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, გიგი უგულავას გასათავისუფლებლად პრეზიდენტის ინსტიტუტის მექანიზმი უნდა იქნას გამოყენებული, რასაც ფორმალურად და პროცედურულად შეიძლება შეწყალებაც ეწოდოს. მისივე თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და ბესიკ თამლიანის საკითხზე შესაძლოა გამოყენებული იყოს სხვა მექანიზმები, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ტყუილს უწოდებენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების განცხადებას, რომ ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და ბესიკ თამლიანის გათავისუფლებასაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG