Accessibility links

site logo site logo

გამყრელიძე: საქართველოს კლინიკებში 12 000 საწოლის და 2 000 სასუნთქი აპარატის რესურსია


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ილაპარაკა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისთვის არსებული რესურსის შესახებ.

„გვაქვს გათვლილი, როდის შეიძლება ავიდეთ პიკზე, პიკზე რამდენი შემთხვევა შეიძლება იყოს, რამდენი საწოლი, სავენტილაციო აპარატი დაგვჭირდება. ეს გაწერილია სამუშაო დოკუმენტში, რომელიც არ ქვეყნდება“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დღეს საქართველოში სიმძლავრეები - საწოლების და სასუნთქი აპარატების რაოდენობა (12 000 საწოლი და 2 000 სასუნთქი აპარატი) საკმარისია.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახლა დიდი პასუხისმგებლობა სწორედ, საავადმყოფოებს ეკისრებათ.

„მივმართავ ჩემს კოლეგებს, ყველა საავადმყოფოს, განურჩევლად მფლობელობისა და მეპატრონისა. ვთხოვ, რომ უნდა იყოს შესაბამისი მზადყოფნა. სალიცენზიო პირობებში მოცემულია, რომ თითოეულ საავადმყოფოს უნდა ჰქონდეს ე.წ. გადაუდებელი სიტუაციების დროს მზადყოფნის გეგმები. ამ გეგმის მიხედვით, შესაბამისი მარაგები (მედიკამენტების, დაცვის საშუალებების, სახარჯი მასალების და ა.შ.)“, - თქვა გამყრელიძე.

ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოში ჰოსპიტლების დაახლობით 90% არის კერძო.

„პანდემიამ და ინფექციამ არ იცის კერძო და სახელმწიფო, ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ. მივმართავ ძლიერ კერძო სექტორს საქართველოში, როგორც ჰოსპიტალურს, ასევე ფარმაცევტულს - არ ვისარგებლოთ ამ მდგომარეობით, როცა გარკვეულად დეფიციტია მთელ მსოფლიოში სახარჯი მასალების. ვიყოთ სოლიდარული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკისა და ზიანის შემცირების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში არსებული ვითარების და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით მუშაობს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისთვის მზაობის შესაბამისად ახორციელებს სამოქმედო გეგმას.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 25 შემთხვევა ფიქსირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG