Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რთული ვითარება ახალგორში


ოკუპირებული ახალგორის რაიონის აფთიაქებში მედიკამენტების დეფიციტია - იქ, დიდი ხანია, აღარც პირბადეებია და აღარც ანტისეპტიკური საშუალებები. ჩაკეტილ დაბაში, 6 თვეა, თბილისიდან პროდუქტი და მედიკამენტი აღარავის შეუტანია, ცხინვალში კი, ჩაკეტილი გზისა და ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო, მაღაზიებში აჟიოტაჟური შესყიდვები დაიწყო. ადგილზე პროდუქციის დეფიციტი უკვე შეიმჩნევა. ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომელიც ცხინვალს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს, მესამე დღეა, დიდთოვლობის გამო, დაკეტილია. დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო საშუალებების თანახმად, გზაზე რამდენჯერმე ჩამოწვა ზვავი და მას საგანგებო სამსახურების წარმომადგენლები ასუფთავებენ. ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი კი დაბაში შექმნილი ვითარების გამო აცხადებს, რომ ახალგორი ახლა ორმაგ კარანტინშია. მისი აზრით, ახლა საყურადღებო უფრო ცხინვალია, სადაც რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სასწავლებლებიდან გამოშვებული სტუდენტები ბრუნდებიან და შესაძლოა სწორედ ისინი გახდნენ ინფექციის გამავრცელებლები.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებები 18-დან 31 მარტამდე დახურეს, თუმცა იქ დისტანციურ სწავლებაზე ვერ გადავლენ, რადგან პედაგოგებისა და მოსწავლეების დიდ ნაწილს პერსონალური კომპიუტერები არა აქვთ. სკოლები ახალგორშიც დაიხურა. ადგილობრივი საავადმყოფოს საკარანტინო სივრცეში ერთი ქალი რჩება. რამდენიმე ადამიანი თვითიზოლაციაშია, მაგრამ, თამარ მეარაყიშვილის აზრით, ეს ყველაფერი ფორმალობაა, რადგან დაბაში დაბრუნებული არაერთი ადამიანიდან კარანტინი და თვითიზოლაცია მხოლოდ რამდენიმეს შეეხო.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ, პირველ რიგში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არსებული გადასასვლელები ჩაკეტა. ახალგორის მიმართულებით გადაადგილება ისედაც შეზღუდული იყო, ბოლოს კი პერევი-ქარზმანის მიმართულებაც დაიკეტა. დე ფაქტო ხელისუფლებამ ეს კორონავირუსის გავრცელების საფრთხით ახსნა, თუმცა რუსეთის ფედერაციასთან, სადაც სულ უფრო იზრდება დაავადების გამოვლენის შემთხვევები, ე. წ. სასაზღვრო და საბაჟო-გამშვები პუნქტი არ ჩაუკეტავს. ახლახან ეს მხოლოდ კლიმატური პირობების გამო მოხდა.

რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ცხინვალის მაღაზიებში რიგებია. მოქალაქეები დიდი რაოდენობით ყიდულობენ მაკარონს, ბრინჯს, წიწიბურას, შაქარს, ზეთს და სხვა პირველადი მოხმარების ნივთებს. ადგილობრივებს აშფოთებთ რუსეთთან გზის ჩაკეტვა, ამ მიზეზით შექმნილი სასურსათო დეფიციტი და კორონავირუსის საფრთხის გამო გამკაცრებული ზომები. გასულ თვეში ცხინვალში სასურსათო დეფიციტი მხოლოდ იმის გამო შეიქმნა, რომ რუსეთის ფედერაციის საბაჟო ტვირთების შესაბამის გაფორმებას ითხოვდა. კრიზისი რამდენიმე კვირას გაგრძელდა, რამაც მაღაზიებში პროდუქტების დეფიციტი გამოიწვია. ცხინვალში ახლა ყველაზე მეტად იმის გამო შფოთავენ, რომ რუსეთში ვირუსის მასობრივი გავრცელების შემთხვევაში შესაძლოა ე.წ. როკის საზღვარი დიდი ხნით დაკეტონ და ხალხი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG