Accessibility links

სამ დღეში, StopCoV ფონდში 9 მილიონი ლარის შემოწირულობა შევიდა


ანგარიშის გახსნიდან ზუსტად სამ დღეში, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოში 9 მილიონი ლარის შემოწირულობა შეგროვდა.

საქართველოს ხელისუფლებამ 23 მარტს შემქნა სპეციალური პლატფორმა “StopCoV ფონდი” და განაცხადა, რომ ქვეყანაში მოქმედი ბიზნეს კომპანიების ნაწილმა თავად გამოთქვა სახელმწიფოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის სურვილი. ფონდში თანხის გადარიცხვა კომპანიების გარდა, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

შემომწირველთა სრული სია კონფიდენციალურია, თუმცა ათობით კომპანია თავისი სურვილით აცხადებს, თუ რა თანხა გადარიცხა ფონდში. მაგალითად:

  • მაგთიკომი - 3 მილიონი ლარი;
  • არ ემ ჯი - 1 მილიონი ლარი;
  • მეტრო ჰოლდინგი - 500 ათასი ლარი;
  • თეგეტა მოტორსი - 200 ათასი ლარი;
  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - 100 ათასი ლარი;
  • პარლამენტის დეპუტატი გოჩა ენუქიძე - 100 ათასი ლარი;
  • ჰუალინგი - 100 ათასი ლარი;
  • სამშენებლო კომპანია დირსი - 200 ათასი ლარი;
  • ბაზის ბანკი - 100 ათასი ლარი.

StopCoV ფონდში 30 000 ლარი გადარიცხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. თანხა, ასევე, ჩარიცხეს კომპანიებმა: პე-ეს-პე, რუსთავის აზოტი, თბილი სახლი, სარაჯიშვილი, მაგნიტი, ზღაპარი, სუფთა სახლი, ასკანელი ძმები და ა.შ.

რაში დაიხარჯება ფული? ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ჯერ არ არსებობს. ბიზნესომბუდსმენის აპარატი, რომელიც ფონდს კურირებს, აცხადებს, რომ თანხით დაეხმარებიან მათ, ვისაც ყველაზე მწვავე საჭიროებები აქვთ. საჭიროებების იდენტიფიცირება მიმდინარეობს და პროცესში თავად შემომწირველი ბიზნესიც ჩართულია.

საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანა არაა, რომელმაც სპეციალური ფონდი შექმნა. ბიზნესსა და მოქალაქეებს დახმარებას სთხოვს სამხრეთ კავკასიაში უმდიდრესი აზერბაიჯანიც. ქვეყნის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, ფონდში უკვე 2500-მდე ინდივიდმა და იურიდიულმა პირმა 86 მილიონი მანათის (დაახლოებით 175 მილიონი ლარი) თანხა გადარიცხა.

17 მარტს გახსნა დახმარების საკუთარი ფონდი სომხეთმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ერთი დღის შემდეგ. უკანასკნელი ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში 513 მილიონმდე დრამის (დაახლოებით 3,5 მილიონი ლარი) შემოწირულობა შეგროვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG