Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით აღდგომის ღამეს


საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განმარტებით, ეკლესიის დახურვა, განსაკუთრებით აღდგომის ღამეს, არ იგეგმება. მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა აქცენტი მოქალაქეების გონიერებაზე გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი სახელმწიფოსა და ეკლესიას რთულ მდგომარეობაში, არჩევანის წინაშე არ დააყენებენ:

„მე დარწმუნებული ვარ, გონიერი, ბრძენი მოქალაქე მიხვდება, რომ არ დააკისროს პასუხისმგებლობა ეკლესიას და არ დაელოდოს ეკლესიისგან მოწოდებას, რომ არ მოხვიდეთ ეკლესიაში და არ დაელოდოს სახელმწიფოსგან მოწოდებას, რომ დაარღვიეთ კანონი. ეს არის ის გამოსავალი და ოქროს შუალედი, რომელშიც, დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი მოქალაქე სწორ გამოსავალს იპოვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა შინ დარჩენისკენ. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამით ისინი საკუთარ ჯანმრთელობასთან ერთად, ეკლესიასაც დაიცავენ:

„დავიცვათ ჩვენი ეკლესია და ნუ დავაყენებთ ეკლესიას ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, რომ არჩევანი გააკეთოს. რატომ ჩვენ ვაჟკაცობა არ უნდა გვეყოს? ჩვენი გადაწყვეტილების უნარი არ გვაქვს? თუ არ გვაქვს უნარი, ასეთ განსაკუთრებულ სიტუაციაში ჩვენ თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა ისევე როგორც ეკლესიაზე, ასევე - სახელმწიფოზე“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, იდეალური იქნებოდა მოცემულობა, როცა ეკლესია ღიაა და კანონს არავინ არღვევს:

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აქ უნდა მივიდეთ. არც ერთ შემთხვევაში კანონი არ დაირღვევა, ეს იქნება როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკლესიის მოწოდება. მე პირადად ვიტყვი, რომ ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით სააღდგომო ღამეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც სრულად აქვთ გათვითცნობიერებული პასუხისმგებლობა როგორც ადამიანის ჯანმრთელობის, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების და კანონის დაცვის მნიშვნელობის ნაწილში. გიორგი გახარიას თანახმად, ამ დროისათვის გამოწვევაა ოქროს ბალანსის მოძებნა, რაზეც ეკლესიასთან მუშაობა, მისი თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოში 21 მარტიდან, მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, აიკრძალა 10 კაცზე მეტის ერთ სივრცეში შეკრება. მოგვიანებით კი შეიზღუდა 3 კაცზე მეტის ერთად შეკრება. ამ შემთხვევაშიც კი მოქალაქეებმა 2-მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან. წესების დარღვევის შემთხვევაში პოლიცია მოქალაქეს 3 ათასი ლარით დააჯარიმებს.

შემოღებული აკრძალვების მიუხედავად, ეკლესიაში არ შეწყვეტილა წირვა. ერთ ჭერქვეშ ან ერთ ეზოში რამდენიმე ათეული ადამიანი იკრიბება. ამ დრომდე არაა ცნობილი, დააჯარიმა თუ არა პოლიციამ ვინმე საეკლესიო რიტუალზე ყოფნის დროს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 14 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 15 აპრილს, 21:00 საათიდან ოთხ დიდ ქალაქში (თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში) შესვლა და გამოსვლა, 10 დღით აიკრძალება.

გიორგი გახარია მიმართავს პრეზიდენტს, რათა, თავის მხრივ, მან მიმართოს პარლამენტს, უახლოეს მომავალში ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG