Accessibility links

გურამ დონაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა


შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე, რომელიც სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს 15 აპრილს გათავისუფლდა. ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პარტია “გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს.

გურამ დონაძე სასჯელს იხდიდა ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, ამავე საქმესთან დაკავშირებით პატიმრობა აქვს შეფარდებული ირაკლი ოქრუაშვილს.

მას და ყოფილ გენერალურ პროკურორს ბრალად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებათ.

სააგენტო „ინპეტრესნიუსთან“ საუბარში გურამ დონაძემ განაცხადა, რომ წაყენებული ბრალი აღიარა და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.

„გამოძიებასთან თანამშრომლობა გადავწყვიტე, წარდგენილი ბრალი ვაღიარე და თავი დამნაშავედ ვცანი, ასევე გამოძიების მიერ მოპოვებული მასალები ვცანი უდაოდ. ჩემი განცხადებისა და თხოვნის საფუძველზე, რომლითაც პროკურატურას მივმართე, საპროცესო შეთანხმება გამიფორმდა. სასჯელის სახით წელიწადი და 9 თვე განმესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლითა და 3 თვის ვადით ამეკრძალა. 1 წლისა და 4 თვის გასვლის შემდეგ, ამნისტია შემეხო, რომელიც 2012 წელს გამოცხადდა. გავიაზრე ჩემ მიერ განხორციელებული ქმედების შინაარსი და ბოდიშს ვუხდი ყველას, თუკი, ჩემი დაუფიქრებლობით მათ ტკივილი მივაყენე“, - განაცხადა გურამ დონაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გურამ დონაძემ და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ზურაბ მიქაძემ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.

გურამ ჩალაგაშვილ ამბობს, გურამ დონაძე პატიმრობიდან ყალბი ჩვენების საფუძველზე გაათავისუფლეს.

„ერთი კვირის წინ, მიუხედავად კარანტინისა და პანდემიისა, ხელისუფლებამ სირბილით მიიყვანა ორივე მოწმე სასამართლოში, რომლებმაც პირობა შეასრულეს და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ყალბი ჩვენება მისცეს. როგორც დღეს გახდა ჩვენთვის ცნობილი, გურამ დონაძემ გუშინ საპყრობილე დატოვა, ხოლო ბატონი მიქაძე საპყრობილეს დაახლოებით ერთ თვეში დატოვებს “, - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, 2018 წლის 18 დეკემბერს მოსამართლემ გურამ დონაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სხვა ოთხ პირთან ერთად (ზურა მიქაძე და დავით იაშვილი, ზაზა ბაქრაძე და ირაკლი ფირცხალავა) დამნაშავედ სცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეეფარდა. გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლითა და 3 თვით ვადით მიესაჯა პატიმრობა. თანამდებობის დაკავება მას 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა.

19 წლის ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბრის ღამეს წერეთლის გამზირზე, საპატრულო პოლიციამ მეგობრებთან ერთად დააკავა. ის ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG