Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის კრიტიკას პასუხობს


პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის შეფასებით, ევროპარლამენტარ მაიკლ გელერის განცხადება იმის თაობაზე, რომ დასავლეთის ქვეყნები საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელოდებიან, სხვა არაფერია თუ არა უცნაური, ვინაიდან მსგავსი საკითხები მხოლოდ სამართლებრივი გზით წყდება. გიორგი ვოლსკია ამ განცახდება, საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„უცნაური განცხადებაა რაც მოვისმინეთ, თუნდაც ნაციონალური მოძრაობის აშკარა მხარდამჭერისაგან, პარტიული მხარდამჭერისაგან, როგორც პიროვნული მხარდამჭერისაგან ასეთი განცხადება, ვინაიდან მან ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, რომ მასალები უნდა შეისწავლოს და თუ კი რაიმე აქ პრინციპული პოზიციაა, უნდა სამართლებრივი გზით დაიცვას იგი. იყო ასეთივე განცხადებები, არანაკლები, ხისტი, პრინციპული, როდესაც ჩვენ ვმსჯელობდით რუსთავი2-ის თემაზე პოლიტიკურ ასპარეზზე და, მეორე მხრივ, სამართლებრივი ხაზი განვითარდა ისე, რომ სტრასბურგმა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან შორს არის იმ მოწოდებებისაგან, რაც ჰქონდათ სახალხო პარტიის წარმომადგენლებს იმ პერიოდში“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.​

ევროპარლამენტის წევრი მიხაელ გალერი აცხადებს, რომ დასავლელი მეგობრები საქართველოს ხელისუფლებისგან პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელიან. სოციალური ქსელის "ტვიტერის" გვერდზე გერმანელი ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტია-ქრისტიან დემოკრატების წევრი წერს, რომ ეს აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

მისივე თქმით, 8 მარტის შეთანხმების შინაარსი და სულისკვეთება ყველა პარტიამ უნდა დაიცვას.

8 მაისს საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების შესრულებისკენ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმაც მოუწოდა.

ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების მონაწილეობით მიღწეული შეთანხმებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება და იმოქმედებს ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი ეხება „პოლიტპატიმრების“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას. „ქართულ ოცნებაში“ ასეთ ვალდებულებას უარყოფენ.

XS
SM
MD
LG