Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული ბიზნესის დაცვა და ივანიშვილის რუსეთსა და ირანთან კავშირების შეფასება - სენატორებისა და კონგრესმენების  წერილი 


რესპუბლიკელი სენატორები, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები, ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, კონგრესმენები ჯუდი არინგტონი და მარკვეინ მალინი, აშშ-ის სახელმწიფო და ხაზინის მდივნებს მაიკ პომპეოს, და სტივ მნუჩინს საქართველოში ამერიკული ბიზნესის დაცვასა და ივანიშვილის რუსეთსა და ირანთან კავშირების შეფასებას სთხოვენ.

15 მაისით დათარიღებულ წერილში, რომელიც სენატორმა კრუზმა გამოაქვეყნა, ისინი წერენ, რომ შეშფოთებული არიან საქართველოში მმართველობის პრობლემების, კერძოდ „ამერიკის მეტოქეებთან და მტრებთან, მათ შორის ირანთან საქართველოს უკანონო ფინანსური კავშირების“ გამო, რაც საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და ბიზნესის ინტერესებს.

საუბარია ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანიის, ფრონტერას ინტერესებზე, რომელთანაც კონტრაქტი საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების შემდეგ გაწყვიტა; ქართული მხარე აცხადებდა, რომ არბიტრაჟის დადგენილებით, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ”-მა არსებითად დაარღვია კონტრაქტი, რაც სახელმწიფოს კონტრაქტის შეწყვეტის უფლებას ანიჭებდა.

სახელმწიფო მდივნისა და ხაზინის მდივნის მისამართით გაგზავნილ წერილში ასევე ნახსენებია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ამერიკული "კონტი ჯგუფის" თემაც.

წერილში სენატორები და კონგრესმენები წერენ:

ჩვენ ვწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში კარგი მმართველობის გაუარესებისა და პოტენციური უკანონო ფინანსური საქმიანობის თაობაზე... გასული წლის განმავლობაში, უცხოური პირდაპირი ინვესტიციები საქართველოში შემცირდა თითქმის 50%-ით, ხოლო გადასახადები და ბიუროკრატიული ბარიერები გაიზარდა დასავლური ბიზნესისათვის... როგორც კი ლეგალური ბიზნესი განიდევნა, მისი ადგილი უკანონო ვაჭრობამ დაიკავა“.

წერილში სენატორები მიუთითებენ, რომ ამერიკული კომპანია „ფრონტერა“ გახდა შეზღუდვებისა და რეგულაციების სამიზნე საქართველოს მთავრობის მხრიდან, და ამჟამად შესაძლო ექსპროპრიაციის წინაშე დგას. ხოლო 2019 წელს "კონტი ჯგუფი" განიდევნა ანაკლიაში პორტის მშენებლობის პროექტიდან, რომელიც ამ ეტაპზე შეჩერებულია.

წერილში საუბარია, რომ საქართველო, წლების განმავლობაში იყოს ცნობილი, როგორც ირანზე დაწესებული აშშ-ის სანქციების თავის დაძვრენის გზა და მაგალითად მოყვანილია 2013 წელს საქართველოში ირანის სამი მოქალაქის მიერ მცირე ზომის ბანკის ოპერირება, რომელიც ფინანსურ გადარიცხვებთან და სხვადასხვა კომპანიის ჩართულობასთან ერთად მოიცავდა ავიაკომპანიასაც. წერილში ასევე ნახსენებია ბათუმის პორტი, როგორც ირანის „უკანონო სანავთობო აქტივობების“ სამიზნე.

წერილით სენატორები ითხოვენ მათ ინფორმირებას იმის შესახებ, რამდენად არის:

  • საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელსაც ხელმძღვანელობს "ქართული ოცნება", გარეული იმ ამერიკული ბიზნესების გაძევების მცდელობებში, რომლებიც საქართველოს ეკონომიკასა და მომავალში ინვესტიციას დებენ;
  • ასეთი მოქმედებები მოტივირებული გეოპოლიტიკური მოსაზრებებით და მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის რუსეთის მთავრობასთან სავარაუდო კავშირებით;
  • შავი ზღვის პორტთან დაკავშირებული აქტივობები საქართველოში საფრთხის შექმნელი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამერიკული ინტერესისთვის, მათ შორის:
  • პორტის პროექტიდან ამერიკული კომპანიების წინასწარგამიზნული გაძევება უკავშირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე რუსეთის გავლენების დაცვას.
  • ამერიკული სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებულ ხარვეზებს, კონკრეტულად, პორტების კონტექსტში.

საქართველო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი კავკასიაში და აქვს მისწრაფება გახდეს ნატოში მოკავშირე - წერენ ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები.

„სამხედრო თვალსაზრისით, ქართველები დაეხმარნენ ჩვენს მისიას ავღანეთში. გეოგრაფიულად, ქვეყანა წარმოადგენს სავაჭრო და ენერგორესურსების მნიშვნელოვან მარშრუტს კასპიის ზღვიდან აღმოსავლეთ ევროპამდე. აშშ-საქართველოს პარტნიორობა არის აუცილებელი ამერიკული ინტერესებისთვის, რაც თავის მხრივ მოითხოვს, რომ საქართველო დაუბრუნდეს და განამტკიცოს კარგი მმართველობა“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს რესპუბლიკელი სენატორები, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები - ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, კონგრესმენები ჯუდი არინგტონი და მარკვეინ მალინი აწერენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG