Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მხარე „ფრონტერა"-სთან კონტრაქტს წყვეტს


ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ძებნა-ძიების ფართობის (მთელი სალიცენზიო ტერიტორიის 99%) სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე უარის თქმით, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ”-მა არსებითად დაარღვია კონტრაქტი, რაც სახელმწიფოს კონტრაქტის შეწყვეტის უფლებას ანიჭებს.

სააგენტოს განცხადების თანახმად, დავის დაწყების საფუძველს წარმოადგენდა „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ მიერ 1997 წლის 25 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ კონტრაქტით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.

როგორც სააგენტოს განცხადებაში ვკითხულობთ, გადაწყვეტილების მიხედვით, მოპასუხეებს დაევალათ აანაზღაურონ სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხა და ასევე, მოსარჩელეების მიერ საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა ასევე დააკმაყოფილა შუამდგომლობა „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის” და „ფრონტერა აშშ“-ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების გამოთხოვის თაობაზე და შეწყვიტა წარმოება ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით. სააგენტოს განცხადებით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა.

განცხადების თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, 2020 წლის 27 აპრილს სააგენტომ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს” გადასცა შეტყობინება კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე. სახელმწიფო სააგენტო მიუთითებს, რომ კონტრაქტი ავტომატურად ჩაითვლება შეწყვეტილად მასში განსაზღვრული ვადის ამოწურვისას (ამა წლის 27 ივლისს).

ქართული მხარე კომპანიას მოუწოდებს უმოკლეს ვადაში ნებაყოფლობით შეასრულონ საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება, ქართული მხარისათვის მიკუთვნებული თანხის (დაახლოებით 6 მლნ. აშშ დოლარი) გადახდის ჩათვლით.

ამავე დროს, სააგენტო აღნიშნავს, რომ არბიტრაჟის წესების მიხედვით, საბოლოო გადაწყვეტილების გასაჯაროება შესაძლებელია მხარეების თანხმობით. სააგენტო და კორპორაცია თანახმაა გასაჯაროვდეს გადაწყვეტილება. კორპორაციამ თანხმობისთვის მიმართა „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს”, თუმცა, მისი განცხადებით, მათი მხრიდან ჯერ პასუხი არ მიუღია.

„ფრონტერა” საქართველოში 1997 წლის შემდეგ დედოფლისწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მუშაობს. ქართულ საზოგადოებას კომპანია მოულოდნელი განცხადებით ახსოვს. „ფრონტერა“ ამტკიცებს, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის იმდენად დიდი მარაგები აქვს, რომ ენერგორესურსების ექსპორტის დაწყებაც კი შეუძლია.

საქართველოს მთავრობის მიმართ ვაშინგტონის მწვავე კრიტიკის ნაწილი ამერიკულ ნავთობმომპოვებელ კომპანია „ფრონტერას“ უკავშირდება.

ამერიკიდან კრიტიკის პარალელურად “ფრონტერას” ყოფილი თანამშრომლები პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ და სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვდნენ.

XS
SM
MD
LG